გურიის მოამბე

„საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ავტოკეფალია წაგვართვეს“ – დეკანოზი ზაქარია ფერაძე

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ.

„გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და ყველას, ვინც ხელში მოხვდათ.

მაგრამ გვახსოვდეს: ძალადობა ვერასოდეს დაამარცხებს ჭეშმარიტებას.

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან: „სისხლი მოწამეებისა — თესლია ეკლესიისა.“

და როგორც ვაჟა-ფშაველა გვახსენებს:

„ის ხალხი, რომელიც თავისუფლებას დაკარგავს, თავისი არსებობის უფლებასაც კარგავს“.

საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ჩაგვრა და დამცირებაა;

სადაც ეკლესიის ავტოკეფალია და სამეფო ტახტი წაგვართვეს;

სადაც ქართულ გალობას „ძაღლის ენა“ უწოდეს;

სადაც ნაღები ინტელიგენცია და სამღვდელოება აწამეს და დახვრიტეს;

სადაც ჩვენი ვაჟკაცების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს;

სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცეს, ბავშვები და ქალები გააუპატიურეს.

ეს პოლიტიკა კი არა — ეს არის ტკივილი და უსამართლობის განცდა.

ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა რუსეთთან ომში, დღესაც აგრძელებს უსამართლობას და ძალადობას.

ნუთუ ასეთი ძვირფასია თქვენი სკამები, რომ საქართველოს კეთილ მომავალს ანაცვალებთ?!

ეს გზა აღარასოდეს იქნება საქართველოს გზა.

ჩვენ არ ვიბრძვით სიძულვილისთვის — ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. და ვინც დღეს ძალადობს საკუთარ ხალხზე, ხვალ ისტორიის წინაშე პასუხს აგებს.

საქართველო თავისუფლებას შეინარჩუნებს, რადგან უფლის თავისუფლებაში დაბადებული ხალხი მონობას არ შეეგუება“ – წერს დეკანოზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights