გურიის მოამბე

ბახვის ვენახის კულტურა – პირველი ნაწილი

ბახვის ვენახის კულტურა – პირველი ნაწილი
.
წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს.
• I
ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელი ბახვი მდებარეობს 7 ვერსტზე ქალაქ ოზურგეთიდან. ამ სოფლისკენ მიმავალი გზა ვაკე ადგილზე გადის და ვარგისია ბორბლიანი საშუალებით გადაადგილებისათვის. სოფელ ბახვს ესაზღვრება: ჩრდილოეთით სოფელი ნაგომარი, აღმოსავლეთით სოფელი ასკანა, სამხრეთით სოფელი ვაკიჯვარი და აჭარის მთები დასავლეთით სოფელი დვაბზუ. ეს სოფელი მდებარეობს მდინარეების ბახვის-წყალსა და და ნატანებს შორის, პირველი ჩამოედინება სოფელ ბახვში და მიედინება ექვსნახევარი ვერსტის მანძილზე, ანუ სოფელი ფამფალეთიდან ნაგომრის შოსემდე. ბახვი ზღვის დონიდან დაახლოებით 560 ფუტის სიმაღლეზეა. სოფელ ქვედა ბახვის ყველაზე მაღალი წერტილი წარმოადგენს ზღვარს, რომლის ქვემოთაც ვენახის გაშენება არ ხდება. ხოლო სოფელი ბაღდადი არის ზედა წერტილი, რომლის ზემოთაც ვენახის კულტივირება არ ხდება. ჩდილო-აღმოსავლეთით გადაშლილია აჭარის მთები, რომელთა მწვერვალები თითქმის მუდმივადაა თოვლით დაფარული.
.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მთის მდინარე ბახვის-წყალი მიედინება, ვენახები ბახვის მეღვინეობის რაიონში არასოდეს არ ირწყვება. 1954 წლიდან დღემდე ვენახების მდგომარეობა, როგორც მაღლობ ისე დაბლობ ადგილებზე ვენახუს დაავადების გამო უაღრესად გაუარესებულია, ვენახის განადგურე¬ბელ ავადმყოფობას ადგილობრივები ნაცარს (Oldium Tukeri) ეძახიან, მათი თქმით ნაცარის შემოტევა იწყება ივლისის დასასრულს იწყება. ამ დაავადების ნიშნები შემდეგია: ყურძნის მტევანი და თითოეულ მარცვალთან ერთად იფარება თეთრი მტვრით, ზუსტად ისეთივე, როგორიც აქვს დამწვარ ნახშირს. მარცვლები ნელ-ნელა შრება და სკდება, შემდეგში კი ცვივა იმ ხეებიდან, რომლებზეც ვენახია შემოხვეული. ზოგან ხის წვერზე არსებული ყურძნის მტევნები ახერხებენ გადარჩენას, ხოლო რაც უფრო დაბლაა ყურძნის მტევანი ავადმყოფობა მით უფრო აზიანებს. საკვირველია რომ იგივე ავადმყოფობამ გავრცელება ვერ მოახერხა ქუთაისის გუბერნიის რაჭისა და შორაპანის მაზრებში!?
.
კლიმატური პირობების მიხედვით ბახვის რაიონი არცთუ ისე ცუდია მეღვინეობისათვის, ტემპერატურა სხვა ადგილებთან შედარებით წლის ოთხივე დროს „მსუბუქია“, კერძოდ ზამთრისა და შემოდგომის თვეები ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში 7-8ºRé გრადუსია, ხოლო ზაფხულისა და გაზაფხულის თვეები შედარებით მშრალია. ამ წლამდე თითქმის არასდროს არ ყოფილა ყინვა, ამ წელს კი 10 თებერვლიდან იყო 15ºRé (15ºRé=18.75000℃) ხოლო 10 მარტიდან 4ºRé რეომიურით (Ré). ამიერკავკასიის ვენახების ავადმყოფობა მცირე გამოკლებით იყო ადრეული ყინვა, რომელიც ადრეაუმჯობესებდა, როგორც ყურძნის ისე ღვინის ხარისხს, გემოს და ღირებულებას. ამჟამად კი ყინვების დადგომა იწვევს უკუქმედებას და დამღუპველია ვენახებისათვის.
.
სოფელ ბახვში ძირითადად ქრის დასავლეთის ქარი, რომელიც სასარგებლო და სასურველია ვენახისათვის. აღმოსავლეთის ქარი კი აქ იშვიათობაა, ასაკოვანი ხალხის თქმით აღმოსავლეთის ქარი აშრობს და აფუჭებს ყურძენს.
.
ბახვის მეღვინეობის რაიონში შავი და თეთრი ყურძნის ჯიშებიდან გემოთი, ხარისხითა და სიმაგრით საუკეთესოა შემდეგი ჯიშები: შავი ჯიშებიდან: ჩხავერი, მტევანდიდი, ორონა, მტრედისფეხა და ა.შ. თეთრი ჯიშებიდან: თეთრიყურძენი, საკმიელა და ა.შ.
.
აქაური ნიადაგის ზედა ფენა არის საუკეთესო შავმიწა, მისქვემოთ კი თიხნარის გრუნტია. ზემოთ დასახელებული ყურძნის ჯიშების გარდა, კიდევ არსებობს სხვა მრავალი დასახლელების ჯიში, მაგრამ მათი სიმრავლის მიუხედავად მათი გემო, ხარისხი და ღირებულებაერთნაირია. ჩემი აზრით ამ ჯიშებმა მათი დასახლებები იმის გამო კი არ მიიღეს, რომ განსხვდებოდნენ სხვა ჯიშებისაგან, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვა ბაღის ან ვენახის პატრონმა.
• II
ვენახები გაშენებულია ბორცვებზე, გორებზე და ვაკეზე გაშლილ ღია ადგილებზე, არატერასულად, არამწკრივებში და არც ტალავერზე, აი ისე როგორ გამოუვათ, თავის ნებაზე, ანუ ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე, უმეტესად თხმელის ხესთან, რომელზეც ვაზი გირლანდისებურადაა შემოხვეული.
.
„ვენახისრგვა“ ანუ ვაზის დარგვა ხდება შემდეგნაირად: თხმელის ან რომელიმე ხილის ხესთან ახლოს ითხრება ორმო, არაუმეტეს ¼ არშინისა, რომელშიც ჰორიზონტალურად იდება დასარგავად შერჩეული ვაზის ნერგი, რომელსაც დაყრიან მიწას,დანარჩენი კი მინდობილი აქვს დედაბუნებას და მის წყალობას. არსებობს ვენახის დარგვის სხვა წესიც, რომლსაც ადგილობრივები ეძახიან „დამაგინებას“, ამ წესის დარგვისას წინასწარ თხრიან ½ არშინის სიღრმის ორმოს, ვენახის ძირიდან ფრთხილად და თანმიმდევრულად ხრიან ვენახის ტანს ამ ორმოსაკენ, რომელსაც ჩადების შემდეგ აყრიან მიწას, რომელსაც ზედმიწევნით მყარად ტკეპნიან. როგორც პირველ ისე მეორე შემთხვევაში ვენახის დარგვა იწყება 7 მარტიდან და გრძელდება 10 აპრილამდე. დამაგინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ პირველი ძირიდან მომავალი და ორმოში გადარგული ვენახის ტანი იჭრება, რითაც დამაგინებულ ძირს ეძლევა დამოუკიდებელი განვითარების საშუალება.
.
სამიდან ოთხ წლამდე ვენახი რჩება ყოველგვარი განახლების, გადარგვის და გაუმჯობესების გარეშე… ვენახი სამიდან ხუთ წლამდე ისვენებს. მუდმივი ავადმყოფობის გამო ადგილობრივივაზის ჯიშების მდგომარეობა არათუ გაუარესებულია არამედ სრულიად გადაგვარების გზას ადგანას, რის გამოც გურიის მოსახლეობამ ადგილობრივი კავკასიური ჯიშების ნაცვლად ხელი მიჰყო ყირიმის სანაპიროდან შემოტანილი ვაზის გაშენებას.
.
არსად გურიაში არ არსებობს ადგილობრივი ვაზის ჯიშების სანერგე-საშენი მეურნეობა, თუ არ ჩავთვლით ქალაქ ოზურგეთში არსებულ გრიგოლ ჯაყელის, თავადი გრიგოლ გურიელის და პროტოირეის (დეკანოზი) სიმონ ქიქოძის ვაზის სანერგე მეურნეობებს, ყველა ამ ბატონმა შემოიტანა ვაზის ნერგები ყირიმის სამხრეთ სანაპიროებიდან, კერძოდ ნიკიტსკის საიმპერატორო ბაღიდან. გურიაშ ნერგებმა ბრწყინვალედ გაიხარეს, ავადმყოფობა არ ეყრებათ და კარგად შეგუებულნი არიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს.
.
გავმეორდები და გეტყვით, რომ არამარტო ბახვის არამედ მთელი ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა დაკავებულია ყირიმიდან შემოტანილი ვაზის ჯიშების გაშენებით, რომელთაგან ყველაზე მეტად ჭარბობს „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც ვერ აზიანებს ავადმყოფობები, იზაბელას ყურძენი უგემურია, ღვინო ღია ვარდისფერია, სიმაგრე არა აქვს და ტემპერატურის მატებასთან ერთად სწრაფად ძმარდება.
.
ვენახის გადაჭრა და გასხვლა ყველგან პირველყოფილი წესით იმ ხანჯლის ან დანის გამოყენებით ხდება, რომლებსაც ასევე იყენებენ ქათმის და სხვა შინაური წვრილფეხა საქონლის დასაკლავად. შავმიწა ნიადაგზე მდგარ თხმელის ხეებზე ვაზს წვრილი წკნელებით ათ ადგილზე ამაგრებენ.
.
უდავოა, რომ არასდროს არავინ არ დაკვირვებია იმას თუ რა გავლენას ახდენდა ვაზის განვითარებაზე სხვადასხვა ვაზის ჯიშების ერთმანეთის სიახლოვეს დარგვა და აზიანებს თუ არა ერთი ჯიშის სიახლე მეორეს. ასე მაგალითად სადაც დარგულია „ჩხავერი“, „მტევანდიდი“ და ა.შ.ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლოს დარგულია იზაბელა. უცილოდ და დაზუსტებულად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ყურძენი“, „ორონა“, „მტრედისფეხი“, „ჩხავერი“, „მტევანდიდი“ სრულად შეესაბამება ბახვის ადგილმდებარეობას. დასახელებული ჯიშებიდან ამ დროისათვის აყენებენ საუკეთესო ხარისხის და გემოს მქონე მუქი წითელი ფერის ღვინოებს. „თეთრი ყურძენი“ კი არის საუკეთესო სუფრის ყურძენი, რომელსაც აქვს საუცხოო არომატი და სასიამოვნო გემო. ყირიმის ომის დროს (1853-1856 წლები) მაშინ როდესაც გურია სავსე იყო რუსული ჯარით, გურულები ძალიან დიდი რაოდენობის ღვინოს აყენებდნენ, ერთი საწყაო ღვინო ღირდა 30 კაპიკი ვერცხლით, ახლა ერთი საწყაო ღვინოსაც კი ვერ იშოვით ოცდაათ ვერცხლის მანეთადაც. ეს იყო დრო, როცა ტაპეზის წინ წყალს სტუმარს ხელის დასაბანადაც კი არ აწვდიდნენ, ახლა კი იშვიათად აქვს ვინმეს ღვინო დასალევად.
.
რაც შეეხება ვაზის დამუშავებას, გეტყვით, რომ არამარტო სოფელ ბახვში, არამედ მთელ გურიაშიარ ხდება ვაზისჩვეულებრივი გასხვლა, გაწმენდა. არ მუშავდება ნიადაგი ორმოულად, არასდროს არ ამტვრევენ ზედმეტ ტოტებს და არ ანოყიერებენ ნიადაგს, ყველა ჩამოთვლილი საქმიანობა მინდობილი აქვს ბუნებას.
.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვისაუბრე იმ დაავადებაზე, რომელიც შეყრილი აქვს ვაზის ადგილობრივ ჯიშებს, საჭიროდ ვთვლი კიდევ ვისაუბრო ამ საკითხზე, რადგანაც ზემოხსენებული და სხვა ჯიშები დაავადებულნი არიან უმძიმესი ავადმყოფობით, რომლიც ანადგურებს საუკეთესო, უძვირფასეს და ბრწყინვალე გემოვნობის მქონე ვაზის ჯიშებს. აქაური ვაზის დაავადები არის ორი სახის: პირველი – ივლისის თვის ბოლოს, როცა ყურძნის მარცვლები მთლიანად შეივსება, მარცვლის კანი იწყებს მქრქალი სითეთრით დაფარვას, რის შემდეგაც წარმოიქმნება სხვადა სხვა ფორმის პატარა ბუშტები, დაავადების შემდგომი გაძლიერება იწვევს შემდეგ შედეგებს: უკლებლივ ყველა ჯიშის ყურძნის მტევანი იწყებს გახმობას და შემდეგში კი ქვემოთ ცვივა, დაბალზე არსებული მტევნებისაგან განსხვავებით ხეზე ხუთ-ექვს საჟენზე მაღლა მყოფი ყურძნის მტევნები ახერხებს გადარჩენას საერთო დაავადებისაგან. ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ დაავადებაზე დაკვირვებას აცხადებენ, რომ დაავადებას სიმაღლეზე არა აქვს გამანადგურებელი შედეგი! ადგილობრივი ვაზის მეორე დაავადების ნიშნები გახლავთ შემდეგი: 15 აგვისტოდან ყურძნის ყველა მტევანი იფარება შავი მიკროსკოპული წერტილებით, რასაც თან მოსდევს სათითაოდ ყველა მარცვალზე აბლაბუდის მოდება, რის შემდეგაც ყურძნის მტევანი ჭკნება, იწყებს დალპობას, მაგრამ ქვემოთ არ ცვივა. ამ დაავადებისაგან საშველი არა აქვს არც იმ მტევნებს, რომლებიც ხის წვერზე იზრდებიან. ბახვში ვენახებს უკავია 860 ქცევა მიწის ნაკვეთი, ხოლო სახნავ-სათესი და სხვა დანიშნულების მიწა მთლიანად არის 2000 ქცევის ფარობი.
.
დაავადების შემოსვლამდე ერთი ქცევა საუკეთესო ვენახით დაკავებული უმაღლესი ხარისხის მიწის ღირებულება იწყება 60 მანეთი ვარცხლით და იზრდება 75 მანეთ ვერცხლამდე. მეორე ხარისხის მიწის ნაკვეთი ერთი ქცევის ფასი იწყება 40 მანეთი ვერცხლით და იზრდება 58 მანეთვერცხლამდე. ყველაზე უფრო ცუდი ნაკვეთის ერთი ქცევის ფასი იწყება 28 მანეთი ვერცხლით და ადის 35 მანეთ ვერცხლამდე.
.
რაც შეეხება იმ ხარჯებს, რომლის გაწევაც საჭიროა ვენახის წესიერად მოსავლელად მისი აღიცხვა არც ბახვში და არც სხვაგან არასად არ ხდება. რადგაანაც ვენახის დამუშავება აქაურების მიერ ხდება არტელურ საწყისებზე. შესაბამისად დამუშავებისას არ ხდება მევენახეობის ან მებაღეობის რაიმე სახის წესების დაცვა. ზოგადად ადგილობრივ მცხოვრებთ ვენახის მიმართ უზრუნველი დამოკიდებულება აქვთ და მათი მხრიდან რაიმე სახის ენეგრგიული მუშაობა აქ არ შემიმჩნევია.
.
• III
როგორც ბახვში, ისე სხვაგან ვენახები შემოღობილი არ არის, რის გამოც შეღობვასთან დაკავშირებული ხარჯებიც არ არსებობს. ყველაზე დიდი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ვენახის ძირებს შემობარავენ ½ არშინის სიფართეზე და 12 ვერშოკის სიღრმეზე.
.
ისე როგორც მთელს ქუთაისის გუბერნიაში აქაც რთველი იყოფა სამ ნაწილად:
.
1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ყურძენი იკრიფება მაჭრის (ახალი ღვინო) დასაყენებელად, რომელსაც საოჯახოდ წვენის სახით სვამენ, ამიტომაც ამ ღვინის მაჭარს ეძახიან.
.
15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე იკრიფება ყურძენი სახლისათვის საზამთროდ მოსახმარი ღვინის დასაყენებლად; რომელიც ოჯახს უნდა ეყოს შემდგომი მოსავლის აღებამდე.
.
1 დეკემბრიდან ამ თვის დასასრულამდე მოკრეფილი მოსავლით ყენდება გასაყიდი და სახლში ხანგრძლივი შენახვის დანიშნულების ღვინო. დაავადების შემოსვლამდე არსებული წესის მიხედვით მიიჩნევდნენ, რომ რაც უფრო გვიან მოკრეფდნენ ყურძენს მით უფრო ღირებული და ძვირფასი ღვინის მიღებას შესძლებდნენ. გვიან ყურძნის მოკრეფის შედეგად ღვინო ინახებოდა ძალიან დიდი ხანს ათწლეულების მანძილზე და არ ფუჭდებოდა. ყველაფერი ეს ხდებოდა იმ ნეტარ დროში, როდესაც არ არსებობდა ვენახის არანაირი დაავდება, ხოლო 1854 წლიდან, განსაკუთრებით კი 1870 წლიდან წარმოიშვა აუცილებლობა ყურძნის მოსავალი აეღოთ არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
.
საუკეთესო და რჩეული ვაზის ჯიშების (რომელიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე) ყურძენი მოკრეფისას ექვემდებარება შემდეგ დახარისხებას: თითოეული ხიდან მოკრეფილი ყურძენი ცალცალკე იყრება დაწნულ გოდრებში, რომლებიც წინასწარ აქვთ მომზადებლი სხვადასხვა ჯიშის ყურძნისათვის. ცუდი ჯიშების ყურძენი კი იყრება ერთ საერთო გოდორში.იმისდა მიხედვით თუ როგორი არის შემოდგომა, განსაკუთრებით კი ოქტომბრის პირველ ნახევარი და მთელი ნოემბერი ტემპერატურამოსავლის აღებისას დიდწილად არის 9- 12 გრადუსი.
.
როცა დგება ყურძნის მოკრეფის პერიოდი ადგილობრივი მცხოვრებნი სრული შემადგენლობით ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა 10-14 წლის ბავშვების ჩათვლით დაკავებული არიან „გიდელის“ კეთებით.
.
გურულები ყურძნის კრეფისას სულ მღერიან „სახასიათო სიმღერებს“, რომელთა არსის მიხედვით ისინი, როგორც ღვინის დამყენებლები ადიდებენ ღვინოს და ღმერთს შესთხოვენ, რომ ვინც მათ ღვინოს დალევს განიცდიდეს სიხარულს, მხიარულებას, ბედნიერებას და ა.შ.
გიდლის დაწნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მამაკაცები მხარზე ან წელზე მიკრული გიდელით გამოდიან ბაღშისამუშაოდ, გარდა ამისა ხელში ყველას უჭირავს ვენახის ლერწიდან დაწნული3-დან 14 საჟენამდე სიგრძის ბაწარი, რომლის გამოყენებით ადიან ხის წვერზე დაქვემოთ უშვებენ ყურძნით სავსე გიდელს. სანამ ქვემოთ მყოფი გაცლის ერთ გიდელს, უკვე სხვა გიდელი ჩამოდის გასაცლელად.ხის ძირში მდგარი აკურატულად ათავსებს გიდლიდან გადმოყრილ ყურძენს გოდორებში, რომლებიც დგას ყველა იმ ხის ძირში, რომელზეც შემოხვეულია საუკეთესო ჯიშის ვენახი. როცა გოდორი ივსება მას ძალიან ფრთხილად ურემზე დგამენ და მიაქვთ მარანში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ ნაგებობას სადაც ყურძენი უნდა დაიჭნიხოს. ცუდი ჯიშის ყურძენი მათ შორის იზაბელა ხეებიდან ჩამოაქვთ გაუფრთხილებლად და პირდაპირ ყრიან ურემზე, რომელზეც მხოლოდ ჩალა აქვთ დაფენილი. კაცის სამუშაოდ დღე-ღამით დაქირავების ღირებულებაა 15-დან 25 კაპიკ ვერცხლამდე. თუმცა გურიაში ყურძნის მოსაკრეფად კაცს არასდროს არ ქირაობენ, რადგანაც ასეთი სახის სამუშაოზე მეზობლისათვის დახმარებაზე უარის თქმა ძალიან დიდი სირცხვლია, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს ეს მეზობელი მისი მტერია თუ მოყვარე.
.
სოფელ ბახვში 1854 წელს ერთ ქცევიდან ღებულობდნენ (900 კვადრატული საჟენი) პირველი ხარისხის საუკეთესო ხარისხის 40-70 საწყაომდე (75-დან 131 ვედრო) ღვინოს, მეორე ხარისხის წყალგარეული ღვინოს 50-დან 80 საწყაომდე (93 დან 150 ვედრომდე). იმ დროინდელი ფასები: ერთი საწყაო საუკეთესო ღვინო – 2 მანეთი, მეორე ხარისხისა – 1 მანეთი და 30 კაპიკი.
.
1954 წლიდან 1870 წლამდე ერთი ქცევიდან ღებულობდნენ 27-დან 45 საწყაომდე პირველი ხარისხის ღვინოს, ხოლო მეორე ხარისხისა 48-იდან 60 საწყაომდე. 1870 წლიდან დღემდე მოსავალი კიდევ უფრო შემცირდა და ერთი ქცევიდან მიიღება 9 საწყაო პირველი ხარისხის ღვინო, ხოლო მეორე ხარისხისა 25 საწყაო (1 საწყაო – დაახლოებით 12-13 ლიტრი).
.
1870 წლის შემდეგ ღვინის საშუალო მოსავალი ქცევაზე არის 9-დან 15 საწყაომდე. 1870 წელს მთელ გურიაში მიღებული იყო 10 საწყაო ერთ ქცევაზე. საეჭვო არაა ის, რომ საუკეთესო ადგილები მეღვინეობისათვის გურიაში არის: ჩოხატაური, საჯავახო, ასკანა, შემოქმედი, ლიხაური და ბახვი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არსებული ვენახები დაავადებულია, ქცევაზე შესაძლებელია 27-დან 30-დე საწყაო ღვინის მიღება, ერთი საწყაო ამ დროისათვის იყიდება 10-დან 15 მანეთამდე ვერცხლით. უფრო მეტად ყურძნად გასაყიდ ჯიშებს წარმოადგენს: ჩხავერი, ხემხუ, ჭუმუტა, თეთრი ყურძენი. გურიაში ყურძენს ყიდიან არა ფუნტებად არამედ გოდრებად, ხოლო 5-დან 6,5 ფუნტამდე ტევადობის ყურძნით სავსე გოდორი 40 კაპიკ ვერცხლზე მეტი არ ღირს. საბაზრო დღეებში ქალაქ ოზურგეთში მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობას შემოაქვს ყურძენი ქალაქის მომხმარებლებისათვის. ხოლო მაზრის ისეთ ადგილებში, რომელბიც მოშორებულია ოზურგეთიდან არც გასაყიდი ბაზარია და არც მყიდველი.
.
პავლე სიმონენკო – 1874 წელს გაზეთ – კავკაზში #33;34;44 (პირველი ნაწილი)
ფოტო – ბახვი ჩხავერი მტევანდიდი (გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. რამიშვილი, შ. 1948)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights