ირაკლი კობახიძემ ევროპელი დიპლომატების მიმართ ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა. უკვე ათი თვეა, რაც ის დასავლელი ელჩების შეხვედრებს არ მართავს, თუმცა ტელეეთერით მათ „ვენის კონვენციის“ დარღვევაში სდებს ბრალს და შიდა პოლიტიკაში ჩარევას აბრალებს.
მმართველი გუნდის დღის წესრიგში დღეს ჰოლანდიის ელჩი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დიპლომატმა ოპოზიციონერ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან პირადი შეხვედრა გამართა. “ოცნების” ხელისუფლების მესიჯბოქსის თანახმად, ელჩების კონტაქტები ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან ან პროტესტის მონაწილეებთან კონვენციურ ჩარჩოებს სცდება. დიპლომატის „ვენის კონვენციის“ დარღვევაში დადანაშაულება მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ერთ-ერთ უმძიმეს ბრალდებად ითვლება.
ოპონენტები ამ კამპანიას დიპლომატების დელეგიტიმაციის მცდელობად აფასებენ და ამბობენ, რომ “ოცნება” უცხოელი პარტნიორების მიმართ მიზანმიმართულად ამძაფრებს ფონს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ურთიერთობა პერსონა ნონ გრატეს გამოცხადებამდე დმივიდეს, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს ჯერჯერობით არ ჩქარობს.