გურიის მოამბე

მაკლირი: ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ

ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმზ მაკლირმა, დღეს, პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მისი გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია და ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ბრიტანეთმა კი ივანიშვილს და მის კომპანიონებს სანქციები უნდა დაუწესოს.

”დღეს პარლამენტში მე წამოვწიე საკითხი ქართველი პოლიტიკოსების, ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძის დაპატიმრების შესახებ – „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დემოკრატიაზე სასტიკი თავდასხმის უახლეს მსხვერპლებზე. 

ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ,” – წერს ბრიტანელი პარლამენტარი. 

ჯეიმზ მაკლირმა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს.

მისი თქმით, ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი – “ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს”.

”ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის, არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დიდი ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს და ამცირებს, როგორც აქ ბრიტანეთში, ასევე, საზღვარგარეთ…

მაგალითად, საქართველოში, ძალიან მაღალი ფსონებია. გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა, რამაც ერი აღაშფოთა და სადაც გამოკითხვები ევროპასთან ინტეგრაციისადმი ყოველთვის აბსოლუტურ მხარდაჭერას აჩვენეს.

მას შემდეგ დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს, თითქმის, ყოველდღიურად ავსებენ, უძლებენ ხელკეტებსა და წყლის ჭავლს, რათა თქვან, რომ “მომავალი ჩვენია”.

ზაფხულის განმავლობაში “ქართული ოცნების” მთავრობამ დაიწყო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება. სულ რამდენიმე კვირის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის წამყვანი ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს. და გუშინ კიდევ ერთი წამყვანი ოპოზიციონერი, ელენე ხოშტარია დააპატიმრეს. შემზარავი დანაშაული, რომელსაც აბრალებენ? – თბილისის მერის საარჩევნო პოსტერების დაზიანება.

თუ როგორ ვუპასუხებთ დემოკრატიისადმი ამ გამოწვევებს, ისევე, განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი უფლებების შეზღუდვას ხედავენ…

დემოკრატია უბრალოდ საარჩევნო ყუთი არ არის. ის მოქალაქეა თბილისში, რომელიც შიშის გარეშე გამოხატავს პროტესტს. ჟურნალისტია ბელგრადში, რომელიც კორუფციას ააშკარავებს, შუაღამეს კარზე კაკუნის გარეშე. სტუდენტია ჰონგ-კონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს. უკრაინის მოქალაქეა, რომელიც მომავალს აძლევს ხმას რუსული ცეცხლის ქვეშ…

ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს, და ყოველ საზოგადოებას, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის,” – განაცხადა ჯეიმზ მაკლირმა. (Ipn.ge)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights