„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს.
საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს ემორჩილება,“ – ამბობს ზაზა ბეჟიტაშვილი, რომელიც თბილისში მეხანძრედ 30 წელი მუშაობდა, 2 წლის წინ კი, საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.
როგორ შეიცვლება ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი საქართველოსთან შეაჩერებს? – ამ თემაზე მოსაზრების გაზიარება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ვთხოვეთ.
ზაზა ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ათასობით სხვა, ევროპაში წასული ემიგრანტების მსგავსად, პირველ რიგში, მისი ამბავიც კარგად აჩვენებს, სად აღმოვჩნდებით, თუ „ქართული ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლებით და კრემლის მხარდაჭერით საქართველოს ევროპისგან იზოლირებას შეძლებს.
ზაზა ბეჟიტაშვილს სამშობლოს დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუხდა – ხარისხიანი ჯანდაცვა მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. 30-წლიანი სამსახურის შემდეგ მეხანძრე პენსიაში გასულა, თუმცა მისი პენსია 500 ლარია.
„ონკოპაციენტი ვიყავი, ყველაფრის გაყიდვა მომიწია, რომ გადავრჩენილიყავი, უსახლკაროდ ვიქეცი. ჩემით დავტოვე სამსახური და პენსიაში გავედი, აქ რომ არ წამოვსულიყავი, ვერ გადავრჩებოდი…
ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი ამას წინათ, არის ევროკავშირის ალტერნატიული ქვეყნებიო: ინდოეთი, ჩინეთი და ირანიო. ინდოეთსა და ირანში რაზე უნდა იმკურნალოს ადამიანმა, ხომ ვერ მეტყვის პრემიერი? ინდოეთში ყოველ წელიწადში რამდენი ადამიანი კვდება ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით, ეს თუ იცის?!
ევროპაში იმიტომ კი არ გამორბის ხალხი, რომ აქ სეირნობა უნდა ვინმეს? პირველ რიგში, სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენად ხდება ადამიანი ემიგრანტი. მე პირადად მინიმუმ 50 ათასი ევრო უკვე დამახარჯეს. აქ ერთი თეთრიც არ გადამიხდია მკურნალობაში. სათვალე რომ სათვალეა, ისეც კი დამიფინანსეს. ჩემნაირი რამდენია კიდევ, ვისი სიცოცხლეც გადაარჩინეს ფრანგებმა?
ძირითადად გულის პრობლემები მაწუხებს ახლა და მკურნალობენ, რაც საჭიროა.
დაზღვევა თუ მოგცეს აქაური, გადარჩენილი ხარ: ტრანსპორტირებიდან დაწყებული, რაც მკურნალობას უკავშირდება, ყველაფერი უფასოდ გაქვს კვების ჩათვლით. ბინაა მხოლოდ პრობლემა. მე ცოლიც მახლავს, ჩემი ერთი შვილიც აქ მუშაობს და გაგვაქვს თავი, მეორე შვილი თბილისშია. დროებითი ბინადრობა გვაქვს.
თუ უვიზო გაუქმდება, იზოლაციაში აღმოჩნდება საქართველო და ქართველი ემიგრანტებიც: ზოგს შვილი გვყავს დატოვებული, ზოგს მშობელი, პაპა და ასე შემდეგ. საერთოდ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს,“ – გვიყვება ემიგრანტი.
ზაზა ბეჟიტაშვილი ყოველდღიურად აკვირდება საქართველოს ამბებს და კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერების გამო მოქალაქეების დაკავებას ახსენებს. ემიგრანტი ამბობს, მე პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ვხედავო. ყოფილი მეხანძრე-მაშველის თქმით, მეხანძრეებიც გაჰყავს „ქართულ ოცნებას“ იძულებით პარტიის მხარდამჭერ აქციაზე, მაგრამ მისი „ნეიტრალურობა“ 2020 წელს დასრულდა, როცა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს:
„მე არც ნაციონალი ვიყავი და არც ქოცი – ნეიტრალური მეჭირა…. 2020 წელს, გავრილოვის აქციების დროს, მივხვდი, რომ ესენი პირდაპირ ზურგს შეაქცევდნენ ევროპას, აქედან დაიწყო კამათი, სულ ვამბობდი, ხალხო, რუსეთი ჩვენთვის არასდროს არაფერ კარგს არ გააკეთებს-მეთქი. იქ კომუნისტური წყობა ახსოვს ბევრს, პური კაპიკები ღირდაო…
მერე ხელისუფლებამაც დაიწყო მიტინგები, ჩვენც ბევრი ვართო… მეხანძრეებიც ვიდექით იქ, ვითომ „ოცნების“ მხარდამჭერები.
მოიგონეს, ომი გინდაო? საქართველომ 4 ომი გადავიტანეთ რუსეთის ხელში. რუსეთმა უკრაინაში ომი თუ მოიგო, მერე ჩვენთვის მოიცლის აუცილებლად. სად მშვიდობა და სად – რუსეთი? რუსეთს როდის იყო, რომ მეგობრობა შეეძლო. რუსებს ის უყვართ, რომ მუდმივად მისი გეშინოდეს. ჯარშიც მანდ ვიყავი და ყველაფერი კარგად ვიცი.
რუსეთის ხელში საქართველოს დარჩენა დაღუპვა და ტრაგედიაა. ქართველებს მინდა მივმართო: ეს გინდათ, დამოუკიდებლობის დაკარგვა და ის, რომ ჩვენი ბიჭები მერე საომრად რუსებმა წაიყვანონ, სადაც მოუნდებათ?
შეხედეთ, ჩეჩნები როგორ დაჰყავთ აქეთ-იქით და ნელ-ნელა ხოცავენ. სულ ფეხზე კიდია რუსეთს სხვა ეთნიკური ჯგუფების ამოხოცვა. ჩეჩნებისგან განსხვავებით ქართველებს წინა ხაზზე გაგვიშვებენ – რუსეთი არ გაპატიებს არაფერს.
აქ სოციალებს ვეძახით იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან. სულ მეკითხებიან, ეს რა ხდება საქართველოშიო. ვერაფერს ვპასუხობ სირცხვილით. ყველაფერი კარგად იციან, ასე მგონია.
ისეთი თბილი ხალხია ფრანგები, ნამდვილად ამას არ ველოდი: წამალი გინდა, თუ საჭმელი, თუ დაგინახეს, რომ გიჭირს, მაშინვე მორბიან საშველად. ძალიან კარგად გვიყურებენ ქართველებს. ერთადერთი იმას გვსაყვედურობენ, ნუ ჩხუბობთო, არადა ჩვენი ერთმანეთში საუბარი ხშირად ჩხუბი ჰგონიათ.
”ან ამ უმუშევრობას რას უშველის „ოცნება“ საქართველოში? 700 და 800 ლარზე რომ მუშაობს ხალხი, იმიტომაც გამორბის აქ და თავშესაფარს ითხოვს,“ – ამბობს ზაზა ბეჟიტაშვილი.
ქართველ ემიგრანტს ვკითხეთ „ოცნების“ ანტიდასავლურ გზავნილებზეც, მაგალითად, „ქალი ქალია, კაცი – კაცია“. ზაზა ბეჟიტაშვილისთვის მკაფიოა, რომ ეს კრემლის მესიჯბოქსია:
„ეს არის აბსოლუტური სისულელე და ამათი მოგონილი ამბავი.
როცა ამბობენ, რომ თითქოს ბავშვებს იცავენ გარყვნილებისგან, სინამდვილეში სწორედ ევროპაშია დაცული ბავშვის უფლებები – ყველაფერი მომართულია იქითკენ, რომ დაცული იყოს ბავშვის უფლებები. გარყვნილებას როგორ ასწავლი ბავშვს, გამორიცხულია,“ – გაკვირვებას ვერ მალავს ზაზა ბეჟიტაშვილი.
ქართველი ემიგრანტი გვიყვება იმაზეც, რომ საფრანგეთშიც აკვირდება საპროტესტო გამოსვლებს:
„აქ ზოგჯერ ძალიან დიდი აქციებია, მაგალითად, უცებ გამოვლენ და მოითხოვენ ხელფასების მომატებას, ან პენსიის მომატებას. მეორე დღეს ეს მოთხოვნა სრულდება. ხელისუფლება უსმენს ხალხს და ესაა საქმე.
საქართველოში კი, ხალხის მოსმენა კი არა, მეშინია სამოქალაქო ომი არ დაიწყოს. მახსოვს, 90-იან წლებში როგორ ხოცავდა ხალხი ერთმანეთს.
გამოსავალი დროებითი მთავრობაა, შემდეგ სამართლიანი არჩევნები. ხალხმა უნდა იგრძნოს თავისი ძალა, სხვა გამოსავალი არაა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.