საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია.
წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
„2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული კურსიდან, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანიდან გადაუხვია და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საჯაროდ განაცხადა.
პროტესტმა, რომელიც დღემდე გრძელდება, რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტი მასობრივი აქციების სახე მიიღო, სადაც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. პროტესტის ჩახშობის მცდელობისას პოლიციამ სასტიკად იძალადა მოქალაქეებზე – მომიტინგეები სცემეს, დააკავეს, აწამეს, ხოლო ათეულ ადამიანს სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებები წაუყენეს. დაკავებულთა შორის არიან კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის 70 სინდისისა და პოლიტიკური პატიმარია, რომელთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ტრადიციულად, პროტესტის წინა ხაზზე მდგომი ქართველი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობის შეუპოვარ ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა.
სტენდის თემატიკაც – Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom – საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია“ – ნათქვამია საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაციის პრესრელიზში.
![]()
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს, ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია.
საქართველოს წიგნის ასოციაცია 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. ასოციაცია იმ ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. ორგანიზაცია დღეისათვის 22 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, როგორც დიდ და პატარა გამომცემლობებს, ისე წიგნის მაღაზიებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წელს საქართველოს წიგნის ასოციაციის 9 წევრი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას:
- ბუქმარკი – წიგნები ვაკეში
- გამომცემლობა არტანუჯი
- გამომცემლობა ინტელექტი
- გამომცემლობა პალიტრა L
- ზებრა
- ზიარი
- პოლინომიალი
- სოვლაბ
- სულაკაურის გამომცემლობა
ორგანიზატორთა განცხადებით, ასევე, საქართველოს კოლექტიური სტენდის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.
15-19 ოქტომბერს საქართველოს კოლექტიური სტენდის პროგრამის ფარგლებში 12 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება.








