გურიის მოამბე

„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა.

21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“.

დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე ამ შემთხვევაში საუბრობდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირზე, რომელიც ახლა ორთვიან წინასწარ პატიმრობაშია.

მისი თქმით, შს სამინისტრო მათ არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას, რამდენი შშმ პირი ჰყავს პოლიციას დაკავებული აქციებზე და როგორია მათი მდგომარეობა.

„მე პირადად 25 შშმ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიულში გადაყვანით დაემუქრნენ.

ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია, რადგან ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს შშმ პირები ვერ ვაცნობიერებთ სად ვიბრძვით და რატომ ვიბრძვით“ – ამბობს დეა ერემაშვილი, რომელიც წლებია შშმ პირთა უფლებების დასაცავად მუშაობს აჭარაში. 

მისი თქმით, სულ რომ ფსიქოსოციალური საჭიროება ჰქონდეს ადამიანს, პოლიციას უფლება არ აქვს, ეს მდგომარეობა შშმ პირის დასაშინებლად გამოიყენოს.

„შშმ ადამიანები ამ საპროტესტო აქციების ისეთივე მონაწილეები ვართ, როგორც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია ამის გამო დაკავებულის სამკურნალოდ გადაყვანა იძულებით.

შშმ პირი იმიტომ კეტავს ქუჩას, რომ ებრძვის რეჟიმს.

ამდენი წელია იმიტომ ვიბრძვით თანასწორი უფლებებისთვის, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენც გვაქვს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რომ ეს ქვეყანა არ წავიდეს დიქტატურისკენ და გვინდა კარგი მომავალი.

თუ სხვა მოქალაქეს (არაფრის გამო, მაგრამ მაინც) პატიმრობას უსჯი, შშმ პირს კი მიშვებ ფსიქიატრიულში, ეს პირდაპირი დისკრიმინაციაა მეტი კი არაფერი“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, დღეს შშმ ადამიანებს არ აქვთ ნდობა იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან და არაფერს აკეთებენ მოქალაქის უფლებების დასაცავად.

„არანაირი ნდობა არ გვაქვს არცერთ სახელმწიფო სამსახურის, რადგან არ გვაქვს გარანტია იმისი, რომ რომელიმე მათი ექსპერტი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და ჩვენ გვაქვს ამის ფაქტი ნინო დათაშვილის მაგალითზე, ხომ?! რომელიც საერთოდ არ არის შშმ პირი, მაგრამ მაინც ჩაუტარეს ფარულად ფსიქიატრიული შემოწმება.

ერთ-ერთი დაკავებულის საქმეს წელავენ და გადაიტანეს მისი პროცესი ზუსტად იმიტომ, რომ მოსამართლემ რატომღაც მოითხოვა ჯანმრთელობის ცნობა. როგორც ვიცი აღნიშნულ პირს ეპილეფსია აქვს და არა ფსიქიკური პრობლემები.

ორი წელია „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას დააჯეროს, რომ შშმ თემი ვართ სატელიტი ორგანიზაციები და ეს ბრძოლა, რაც დღეს მიდის ქვეყანაში, ჩვენი ბრძოლა არ არის. ასე იყო რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს რუსული კანონი შშმ პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა, თუმცა ყველამ დავინახეთ, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა.

დისკრიმინაციული სიუჟეტის გამო „იმედს“ ქარტიაშიც ვუჩივლეთ ამის გამო, რადგან სწორედ ამ ნარატივის წარმოჩენას ცდილობდნენ, რომ რუსული კანონები ჩვენ არ შეგვეხებოდა“-ამბობს დეა.

დეა ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში 135 ათასი შშმ პირი ცხოვრობს და რეჟიმი ცდილობს ისინი აქტიურად არ იყვნენ ჩართული ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

„ზოგადად, ტენდენცია, რომ თუ შშმ პირი აპროტესტებს, სამკურნალოდ უნდა გადაიყვანო იძულებით, არის ძალიან სარისკო. არ ვართ დაცული იმისგან, რომ თუ ხვალ გამოვა და მაგალითად მოვითხოვ სხვადასხვა სერვისებს ან ამ სერვისების გაუმჯობესებას, არ დამაკავებენ და არ გამიშვებენ ამის გამო იძულებით „მკურნალობაზე“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

მხოლოდ გუშინ, 22 ოქტომბერს, პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაში მონაწილე 30-მდე პირი დააკავა. ეს დაკავებები უკავშირდება „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კიდევ ერთ რეპრესიულ კანონს, რომელიც 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს აქციის დროს გზის გადაკეტვის გამო, განმეორების შემთხვევაში კი – ერთ წლამდე პატიმრობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights