იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, სასამართლო სხდომათა დარბაზში ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილურისა და ლეპტოპის შეტანის შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, მედიას, ადვოკატებს და პროკურორებს.
რა ხდება?
ივნისის მიწურულს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომების გაშუქება შეიზღუდა. სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
ინფორმაციის გამოტანის ალტერნატივად ტელემედიას სასამართლოს ეზოში შესასვლელთან სხდომებზე მონაწილე და დამსწრე პირების კომენტარების ჩაწერა დარჩა. სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეძლებისდაგვარად დეტალური დოკუმენტირება ონლაინ-მედიამ ითავა. სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ნეტგაზეთი, ჩაწერისა და გადაღების აკრძალვის შემდეგ, ლაივ-ბლოგებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან მაუწყებლობდნენ.
სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 19 სასამართლოსთვის ავეჯი შეიძინა, რომელთა შორის მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოებიცაა.
ნიშნავს თუ არა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოში იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომებზე მობილური ტელეფონების შეტანის ასაკრძალადაც ემზადება, ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიას არ პასუხობდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოითხოვა განმარტება, შეეზღუდებათ თუ არა ჟურნალისტებს სასამართლოში ტელეფონის შეტანა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადვოკატებს სასამართლოებში მობილურების შეტანა არ შეეზღუდებათ.
გვრიტიშვილის განმარტება
დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში კომენტარი გააკეთა მედიასთან და დაადასტურა, რომ სხდომათა დარბაზში ტექნიკური მოწყობილობების შეტანის შეზღუდვა ყველას ეხება.
„სათავსო არის იმიტომ, რომ კანონის აღსრულების მიზნით, ეს ტელეფონი უნდა შეინახოს ხომ სასამართლომ და მერე, როცა სხდომა დასრულდება, დაუბრუნოს საკუთარ მფლობელს… ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, — განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად სასამართლო სხდომათა დარბაზში გადაღების აკრძალვისა, ფარულად გადაღებული ვიდეოები ვრცელდებოდა.
გვრიტიშვილი ვერ ასახელებს, პრაქტიკაში როდის ამოქმედდება რეგულაცია და ჟურნალისტებს აღარ შეატანინებენ დარბაზში ტექნიკურ მოწყობილობებს.
„კანონი ამოქმედდა 2025 წლის ივნისის ბოლოს. შესაბამისად, ზუსტად იმ მომენტიდან იკრძალება გადაღების წარმოება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, შესაბამისად, ნებისმიერი იმ ტექნიკური მოწყობილობის შეტანა, რომლითაც ტექნიკურად შესაძლებელია გადაღების წარმოება, რა თქმა უნდა, ლოგიკურად არ უნდა იქნას დაშვებული სხდომათა დარბაზში. [ამ დრომდე] თუ არ სრულდება, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ თქვენთვის ცნობილია, რომ რეგულაცია მოქმედებს და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა არ უნდა იქნას დაშვებული სასამართლოს სხდომის დარბაზში“, — განაცხადა გვრიტიშვილმა.
კითხვაზე, ეს შეეხება თუ არა განურჩევლად ადვოკატსაც, პროკურორსაც, დამსწრესაც, ჟურნალისტსაც, გვრიტიშვილი პასუხობს, რომ: „რეგულაცია ეხება ყველას“.
მან არ დაადასტურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მტკიცება, რომ მათ ახალი რეგულაცია არ შეეხებათ.
„ და რატომ განმარტავს კანონმდებლობას ასე… ჩემთვის უცნობია ვინ რა მოაგვარა. მე გიხსნით, როგორც იურისტი და როგორც მოსამართლე, რეგულაციის შინაარსს, რომ ის მიემართება ყველას, გამონაკლისის გარეშე და ახლა ვიღაცა თუ… არ ვიცი, რაღაცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ეს მისი პრობლემაა“, — განაცხადა გვრიტიშვილმა.
კითხვაზე, ტექნოლოგიების ეპოქაში, ლეპტოპის და ტელეფონის გარეშე, თუნდაც ადვოკატმა როგორ უნდა შეძლოს დაცვის უფლების განხორციელება, გვრიტიშვილი პასუხობს: „მოკლედ, კანონი არის ასეთი“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღნიშნულ კანონში და მის კონსტიტუციურობაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თუ ვინმე ხედავს, შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
netgazeti








