გურიის მოამბე

პარვუს ჯგუფი“ ჰესების მშენებლობასთან ერთად განათლებაში ინვესტირებასაც ახორციელებს – პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის „ბასრა ჰესებზე“

პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა.

შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ იმ პროცესებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ პრეზენტაციასა და თეორიულ განხილვებში ესმოდათ.

ვიზიტორებს კომპანიის თანამშრომლებმა დეტალურად აუხსნეს და აჩვენეს   როგორ მარაგდება და იმართება წყლის რესურსი, რა ეტაპებს გადის ენერგია წყლიდან ქსელამდე,  ვიდრე ჩვენს სახლებში ნათურას აანთებს,  როგორ მუშაობს ტურბინა და გენერატორი, როგორ ხდება უსაფრთხოების კონტროლი.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ ბჟუჟას ხეობაში ჰესების მშენებლობა მხოლოდ ენერგოპროექტი არ არის — ის შეიძლება გახდეს სტიმული გურიიდან წამოსული ახალი ინჟინრების, ენერგეტიკოსების, ეკოლოგების, ტექნოლოგების დასაბადებლად.

პარვუს ჯგუფის  წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მიზანია რეგიონს არა მხოლოდ ენერგია მიაწოდოს, არამედ ცოდნა და შესაძლებლობები. სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ვასაძე ამბობს:  „განათლება ისეთივე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, როგორც თავად ინფრასტრუქტურა. კომპანიამ ბჟუჟის ხეობაში თითქმის დაასრულა 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც პარალელურად საგანმანათლებლო პროექტთან რთად მიმდინარეობდა, განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს 2 ჰესის მშენებლობა, შესაბამისად მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ენახათ როგორც მშენებარე, ისე დასრულებული სამუშაოები. ეს იყო გამოცდილება, სადაც ბუნება, ტექნოლოგია და ფიზიკის გაკვეთილები ერთმანეთს შეხვდნენ.  ჩვენ ხომ სწორედ მომავალ თაობასთან გვაქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რადგან  მათ უნდა ჩაიბარონ ეს და ყველა სხვა პროექტიც, რომელიც დღეს მიმდინარეობს,  მოსწავლეებთან მუშაობა ერთჯერადი აქტივობა არ არის და მომავალშიც გაგრძელდება:პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დამატებითი ვიზიტები, სხვადასხვა  ჯგუფების ჩართვა და ენერგეტიკის თემაზე აქტივობების გაფართოება.“

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights