ოზურგეთელ ქორეოგრაფს, კირილე (კიკალო) ყალიჩავას, ოზურგეთის პოლიციამ ბრალი, დღეს წაუყენა და დაკითხვის შემდეგ ის დროებით იზოლატორში მოათავსეს.
ყალიჩავას, რომელიც ცეკვის ანსამბლ “ორბში” ქორეოგრაფად მუშაობს, გამოძიება მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.
გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებელი მოსწავლეს, გაკვეთილის დროს – ფიზიკურად შეეხო.
რამდენიმე წუთში, ოზურგეთის სასამართლო გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის წინასწარ ორთვიან პატიმრობში თუ, გამოძიების დამთავრებამდე, გირაოთი გაანთავისუფლებენ.
“საქმე არის აღძრული ცემის მუხლზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლზეა საუბარი, მაპატიეთ, თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ სექსუალურ ძალადობას საქმე არ ეხება და საუბარი არის ფიზიკურ ძალადობაზე”
გვითხრა კირილე ყალიჩავას ადვოკატმა, პეტრე სალუქვაძემ.
სალუქვაძემ დაგვიდასტურა, რომ ამ დროისთვის ქორეოგრაფი დაკავებულია და ის ოზურგეთის პოლიციაში იმყოფება.
საქმეს 126 მუხლით შსს იძიებს.








