სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელს ქართული ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ იოსელიანმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
იოსელიანის თქმით, აპარატი აღნიშნულ ცვლილებებში პროპორციულობის და თანაზომადობის პრობლემას ხედავს და ეცდება, ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
“ეს წელი, ისევე როგორც წინა წელი, არ იყო მარტივი ამ თვალსაზრისით, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს. […] ის ცვლილებები, რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა ამ ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ორივე შემთხვევაში ჩემს მიერ მოთხოვნილი იქნა დასკვნა ეუთო-ოდირის მიერ. ორივე შემთხვევაში გაიგზავნა ცვლილებების პაკეტი და მათ შეაფასეს ეს ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად. მთელი რიგი დასაბუთება არსებობს, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს გარკვეული მიმართულებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [აქციის ჩატარებამდე შსს-ს], ამის შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, არ არის სიახლე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო, ნებართვისმაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთანაც წინააღმდეგობაში მოდის და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეს არ უნდა გულისხმობდეს სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას.
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილბების შესახებ. დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომელბიც არის კანონმდებლობაში შესული.
[…] ის, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ბუნებრივია, ამას წესით ვერაფერი უნდა შეეხოს. მეორე საკითხია, სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს. თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, აქვთ სრული ლეგიტიმურობა გადაკეტონ როგორც საფეხმავლო, ისე სატრანსპორტო სავალი ნაწილი. მაგრამ თუ ასეთი ნაწილი არ არის, მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. […] რაოდენობას კანონმდებლობა ვერ დააკონკრეტებს, ეს ძალიან პირობითია. შეიძლება, ერთი ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი იყოს 500 ადამიანი, ხოლო მეორესთვის ეს ციფრი არაფრის მომასწავებელი არ იყოს. კონკრეტულ ადგილს გააჩნია, ადამიანების რაოდენობას გააჩნია, იმ გარემოსაც, სადაც პროტესტი მიმდინარეობს. მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. მაგალითად, ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ყველანაირი ნიღბის ტარება ბლანკეტურად აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მე ვფიქრობ, ეს არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში. და ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის. არსებობს ნიღაბი, რომელიც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის.
მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ, წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება, შეიძლება, წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული. არამარტო შეკრების და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებზე, არამედ იცით, ჯარიმების რაოდენობაც რომ გაიზარდა, უალტერნატიოდ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდა.
სწორედ პროპორციულობის და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ: უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღება და ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ. […] ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეს სარჩელი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, მისი მომზადება, და წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსკტიტუციო სასამართლოში”. – თქვა იოსელიანმა.








