ივანიშვილს, როგორც ჩვეულებრივ მაფიოზს, აქვს კრიმინალების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია და ზედ დამატებული, ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული რელიგიური ინსტიტუტის კურთხევა… ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით. ყველა ეს გადაწყვეტილება ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაციაა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაზე ვესაუბრეთ: „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორს „ოცნება“ განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება.
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს ერთი სიცოცხლე, როგორც კომპიუტერულ გეიმებშია ხოლმე. ის ამ სიცოცხლეს კობახიძის გუნდის სახით გაწირავს,“ – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ივანიშვილის მორიგი სამიზნე უშუალოდ ირაკლი კობახიძე იქნება.
„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯლავასთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა თქვენთვის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენით? „ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორს „ოცნების“ დღევანდელი პროკურატურა განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება. თქვენი დაკვირვებით, რასთან გვაქვს საქმე?
ეს გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, ბიძინა ივანიშვილი იღებს – სხვა ვინ რა გადაწყვეტილების მიმღებია – მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: რეჟიმს ძალიან უჭირს. წარმოიდგინეთ, რომ 13 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ყველა მისაღები ფიგურა და დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან, აღმოჩნდა კორუმპირებული, ქურდი და პლუს მივედით იქამდე, რომ აღმოჩნდა მკვლელი.
არის თუ არა მკვლელობის შემკვეთი ნამდვილად ფარცხალაძე, არის თუ არა ლილუაშვილი, დავუშვათ, ნამდვილად დამნაშავე იმაში, რაშიც აქვს ბრალდება წარდგენილი, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას თავად უწევს იმის აღიარება, რომ 13 წლის განმავლობაში მისი რეჟიმი შედგებოდა მაფიოზურ-კრიმინალური ელემენტებისგან. ამდენი ხანი ყველა ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით და ყველა ეს გადაწყვეტილება არის ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაცია. სხვა არაფერი ამას არ ჰქვია.
ეს ყველაფერი კარგი ვითარების და დალხინებული ყოფის გამო რომ არ ხდება, ამას არ უნდა დიდი მიხვედრა. ივანიშვილს რომ ჰქონოდა შესაძლებლობის რაღაც რესურსით გაეგრძელებინა იმავე რეჟიმში მართვა და ფუნდამენტური გადატვირთვა არ მოეხდინა, ბუნებრივია, ის ამას თავისუფლად გააკეთებდა.
რა პრობლემების წინაშე დგას ახლა ბიძინა ივანიშვილი? მისი სათადარიგო სკამი არის ძალიან დავიწროებული იმ ფონზე, როდესაც მას ახალი წლის მერე სავარაუდოდ მოუწევს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება – ათასობით ადამიანის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გადაბრალება კობახიძისა და მისი გუნდისთვის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
- რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილს მოუწევს კობახიძის დასჯა?
აუცილებლად გაძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ამ საკითხზე [ქიმიური იარაღის გამოყენება]. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიმართონ საერთაშორისო გამოძიებას, რადგან ხელისუფლება ამას არ აპირებს თავისი ნებით.
„ოცნებას“ ჰგონია, რომ მამუკა მდინარაძის ხუთდღიანი გამოძიების შედეგებს აჭმევს ვინმეს, როგორც ჭეშმარიტებას. ესენი ეჭვმიტანილები არიან და ამ ეჭვის გაქარწყლება, ან დადასტურება შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას.
თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ცდილობს უჩივლოს BBC-ს, როგორც ამას დაგვპირდა, რომ ჩამოირეცხოს ეს რეპუტაციული ლაქა – ლაქაც არა, ვერდიქტია „ოცნების“ მიმართ გამოტანილი. ერთ თვეში შესაძლებელი იყო ამ სარჩელის მომზადება, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს ერთი სიცოცხლე, როგორც კომპიუტერულ გეიმებშია. ის ამ სიცოცხლეს კობახიძის გუნდის სახით გაწირავს. ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს ივანიშვილი შესწირავს ახალშექმნილ რეალობას, რომელიც ალბათ ახალი წლის მერე დადგება.
რაც არ უნდა გააკეთოს, ივანიშვილს აქვს ძალიან რთული მდგომარეობა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით.
- უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალდების წარდგენა საერთაშორისო ზეწოლას?
ივანიშვილს აღარ ჰყავს პარტნიორი. საკმაოდ რთულია ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც არ აპირებს არაფრის ინვესტირებას საქართველოში და ეს გამოჩნდა. საკმაოდ რთული ურთიერთობებია თურქეთთან. აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც გართულდა ვითარება. იმისთვის, რომ მძიმე მდგომარეობა როგორღაც გამოესწორებინა, ხარკი გადაუხადეს ალიევს და ერთჯერადად უფასოდ გაატარეს ტვირთი.
სახეზე კორუფციული და კრიმინალური სკანდალები ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებით.
ივანიშვილის სისტემა დამყარებულია არამარტო ძალოვან სტრუქტურებსა და მის პოლიტიკურ გუნდზე, არამედ ძალაუფლებას იყოფს კრიმინალსა და ასევე ეკლესიასთან. როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მას უხდება სხვა აქტორების ჩაზიარება ძალაუფლებაში, რომლის საშუალებითაც უჭირავს სიტუაცია.
ფარცხალაძის თემა უკავშირდება ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრის მკვლელობას. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს არის გარკვეული ხარკი ამჯერად კრიმინალთან. თუ კრიმინალი გამოეცალა მის სისტემას, ჩათვალეთ, მისი ძალაუფლება შესუსტდება მინიმუმ ერთი მესამედით.
- 2023 წელს, როცა ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, „ოცნებამ“ სპეციალური სქემის ამოქმედებით დაიცვა იგი, მათ შორის, ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით. ახლა რა შეიცვალა ფარცხალაძის მიმართ?
ეს პოლიტიკური თემა იყო და ამის გადაგორება მას შეეძლო. მაგრამ კრიმინალი უშუალოდ მისი ძალაუფლების ნაწილია და ამას ნათია თურნავას მიერ გამოტანილი სპეციალური გადაწყვეტილებებით ვერ დაარეგულირებ.
თურნავას გადაწყვეტილება მაუწყებელია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო წასულიყო საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებზე ფარცხალაძე და მსგავსი ტიპები რომ შეენარჩუნებინა. როცა მას იმავეს გაკეთება დასჭირდა კრიმინალთან ფარცხალაძის გადასარჩენად – მან ეს ვერ გააკეთა.
- თქვენი ფიქრობთ, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროს ივანიშვილის კარზე ამდენად დიდი გავლენა აქვს?
რასაკვირველია. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას დასავლური ინსტიტუტების ლეგიტიმაციაზე. მისი ძალაუფლება ლეგიტიმირებულია კრიმინალის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომელიც ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული.
ეს არის ფარსი, რომელსაც ჰქვია „კორუფციასთან ბრძოლა“. სინამდვილეში არის კორუმპირებული სისტემის გადატვირთვა და ძველი კავშირების ჩანაცვლება ახალი კორუმპირებული კავშირებით.
- ამით რას მოიგებს ივანიშვილი, თუ ძველ კავშირებს ანაცვლებს ახლით?
პირველი: საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი იქნება ჩართული დანაშაულებრივ სქემაში. საზოგადოების რაც უფრო მეტი ნაწილია ჩართული დანაშაულში, მით უფრო ადვილია ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის სიტუაციის მართვა. ეს ახალი ადამიანები კვლავ აღმოჩნდებიან ამ კორუფციული სქემების აბლაბუდაში, თუ რაც ჰქვია – „რვაფეხაში“. კიდევ უფრო მეტად მივიღებთ დაინტერესებული ადამიანების რიცხვს, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ შავ ფულზე, ბიუჯეტზე და ასე შემდეგ.
ივანიშვილს ახლა ამ ყველაფერში ის, რომ პროტესტი არ ცხრება, ბევრია თუ ცოტა, პროტესტი მაინც არის სხვადასხვა დინამიკით, უწყვეტი. სინდისის პატიმრებს შორის ვერც ერთი ვერ გატეხა. ეს იყო მისთვის საბედისწერო ქვა, რომელსაც ფეხი წამოჰკრა: მას ეგონა, რომ შეუძლებელია, ამდენ პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს შორის ვერავინ გატეხო.
ყველა ადამიანს, საბოლოო ჯამში, თავისი სისუსტე ამარცხებს, ვიდრე სხვა ძალა. ივანიშვილი არ ძლიერდება არაფრით ამ პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად მოუწევს ძალაუფლების დათმობა.
- რატომ მიგაჩნიათ, რომ არ ძლიერდება ივანიშვილი პოლიტიკურად? პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე ინარჩუნეს სახელისუფლებო ვერტიკალს, კორუფციული სქემებით კი, როგორც თქვენ ამბობთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩართავს ამ პროცესში, გააჩუმებს…
ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია სამი ფაქტორი. პირველი – პროტესტი ქვეყნის შიგნით, რომელიც არ ცხრება. მეორე – არაღიარება საერთაშორისო არენაზე. მესამე – რთული გეოპოლიტიკური ვითარება: არათუ დასავლურ ქვეყნებთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან მას არა აქვს სწორად აწყობილი კავშირები.
ივანიშვილის ინტერესი იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ობიექტი, მან თავისი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, ზუსტად ის მიიღო: საქართველო მაინც აღმოჩნდა დაპირისპირების ობიექტი, ოღონდ ძალიან დასუსტებული პოზიციით – მეგობრების, პარტნიორების გარეშე.
ამით ივანიშვილმა გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლებაც, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში.








