გურიის მოამბე

“ხელმწიფის მრჩეველი” – გურული ზღაპარი ცრუ ჩვენებაზე

არაბეთის ხელმწიფის მრჩეველი (Gurian folk tales)
.
ერთხელ არაბეთის ხელმწიფის მრჩეველმა გაიფიქრა, რომ დიდი ხანია კარგად ემსახურება თავის მბრძანებელს და ბევრი ცოდნაც დააგროვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა რამდენად აფასებდა ხელმწიფე მის სამსახურს, ვერც ის გაეგო უყვარდა თავისივე ცოლსა და მეგობრებს. მრჩეველმაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი ერთდროულად გაეგო და ამ მიზნით სასახლიდან მოიპარა ხელმწიფის საყვარელი თხა.
.
სახლში მისულმა ეს ამბავი ცოლს საიდუმლოდ გაუმხილა, შემდეგ კი მისივე თანდასწრებით მზარეულს უბრძანა თხა დაეკლა და ვახშმისათვის შეეწვა. თუმცა შემდეგ განცალკევებით მზარეულს უთხრა, რომ სამეფო თხა დაემალა და მის ნაცვლად სხვა თხა დაეკლა. ივახშმეს და ცოლმაც ძალიან შეაქო თხისგან მომზადებული კერძი.
.
როცა ხელმწიფემ თხის მოპარვის ამბავი შეიტყო ძალიან გარისხდა და გამოაცხადა, რომ – „თუ კი ვინმე იპოვიდა ქურდს ოქროთი დავაჯილდოვებდა, ხოლო თუ კი ქალი იპოვიდა მასზე დაქორწინდებოდა!“
.
მრჩეველის ცოლმა ჩათვალა რომ ხელმწიფის ცოლობა სჯობდა და მისი ქმარი გასცა, ხელმწიფემაც ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ მისი მრჩეველი და გამცემი ქალი ცოლად შეირთო. მრჩველის ძველმა მეგობრებმა ჯალათი უხვად მოქრთამეს და მრჩეველის ნაცვლად სიკვდილით სხვა დამნაშავე დაისაჯა.
.
სიკვდილმისჯილი მრჩეველი გაიქცა მეზობელ სამეფოში, სადაც რამდენიმე წელი იმალებოდა. ამ დროში ვერც ხელმწიფემ და ვერც მისმა მრჩეველთა საბჭომ ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხები ვერ მოაგვარეს. ხელმწიფე ხშირად ნატრულობდა თავის ძველ მრჩეველს და ამბობდა: „თხის გულისთვის ჭკვიანი კაცი გავწირე, ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყველა საკითხს ერთ დღეში მოაგვარებდაო“.
.
ამ დროს მრჩევლის ძველმა მეგობრებმა გადაწყვიტეს თავისი დანაშაულის აღიარება და ერთ დღეს, როდესაც ხელმწიფე კარგ ხასიათზე იყო მივიდნენ პატიების სათხოვნელად: „გვაპატიე, ხელმწიფეო! თქვენი პირველი მრჩეველი ცოცხალიაო!“ და ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. ამ ამბის გამგონე ხელმწიფემ გულწრფელად გაიხარა და გადასახლებული მრჩეველის დაბრუნება ბრძანა, დაბრუნებული კი სასახლეში დიდებულად მიიღო. დაბრუნებულმა მრჩეველმა კი ხელმწიფეს მისი საყვარელი თხაც დუბრუნა. ამ ამბით ბედნიერმა ხელმწიფემ თავის მრჩეველს უთხრა „ჩემო მეგობარო! ამგვარად ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი უბედურება ცრუ ჩვენებაა და, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ცოლებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად“.
.
P.S. მარჯორი უორდროპს 1894 წელს ლონდონში გამოქვეყნებული აქვს ქართული, მეგრული და გურული ზღაპრები (ასეა წიგნში აღნიშნული), აქედან 14 არის გურული ზღაპარი, მათ შორის ერთი გახლავთ „ხელმწიფოს მრჩეველი“;
.
– Marjory Wardrop Georgian Folk-Tales (London 1894)
მოამზადა და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე  გამოაქვეყნა, კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights