13 ივნისს, 20:00 საათზე, კომლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელმთაში, გაიმართება თეატრაული წარმოდგენის „მამაჩემის დღიურები და ჩემი დღეები“ პრემიერა.
სპექტაკლი შეიქმნა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ, ამბაკო ჭანუყვაძის დღიურებისა და მისი შვილის, მერი ჭანუყვაძის, ცოცხალ მოგონებებზე დაყრდნობით.
მთავარ როლში მონაწილეობს მსახიობი ვახო ჩხატარაშვილი.
“მამაჩემის დღიურები და ჩემი დღეები” საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის, სამჯერ (1927წ. 1937წ. 1949წ.) გადასახლებული ამბერკი ჭანუყვაძის ამბავს გვიყვება და ნათლად გადმოგვცემს, თუ რა მტკივნეულ გავლენას ახდენდა სახელმწიფოს უსამართლობა არა მარტო რეპრესირებულთა, არამედ მათი ახლობლების ცხოვრებაზე.
წარმოდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დასწრება თავისუფალია და რეკომენდებულია 14+ ასაკის მაყურებლისთვის.
პროექტი ხორციელდება „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის “შემოქმედებითი კავშირები” ფარგლებში, რომელიც საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სპექტაკლის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კომლის” გუნდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის შეხედულებებს.