“უკრაინელ კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობის წარსულიდან” – აბელ სურგულაძე
.
“XV საუკუნეში მდინარე დნეპრის აუზში, ბატონყმობისაგან გაქცეულმა გლეხებმა უბატონო თემები შექმნეს. რომელსაც კარლ მარქსი „კაზაკების რესპუბიკას“ უწოდებდა.
.
კაზაკთა ძირითადი საქმიანობა ლაშქრობა იყო და თავისებური სამხედრო ორგანიზაცის წყალობით ისინი მალე მეზობელი სახელმწიფოების რისხვად გადაიქცნენ. XVII საუკუნეში მათ ოსმალებსაც შეუტიეს, 1616-1627 წლებში კაზაკებმა ოსმალების წინააღმდეგ ცხრაჯერ გაილაშქრეს და ცხრაჯერვე ბრწყინვალედ გაიმარჯვეს.
.
შავ ზღვაზე კაზაკთა ასეთი გაბედული გამოსვლები შეუმჩნეველი არ დარჩათ გურიის სამთავროში. მითუმეტეს, რომ კახეთის, იმერეთის, გურიის და სამგრელოს პოლიტიკოსებს, რომლებმაც ამ დროს კოალიცია შექმნეს და მოკავშირის ძებნის მიზნით 1618 წელს მოსკოვს ელჩიც გაგზავნეს, კარზე მომდგარი ამ ძალის გამოყენების საუკეთესო საშუალება ეძლეოდა.
.
გურიის სამთავროსთან ასეთი კავშირი კაზაკებსაც სჭირდებოდათ. აქაური ნავსადგურების გამოყენება ოსმალეთზე წარმატებით ლაშქრობის აუცილებელი პირობა იყო. ასე, რომ ორმხრივი დაინტერესება ქართველბისა და კაზაკების ურთიერთ დაკავშირებას იწვევდა.
.
ცნობა, რომელიც უკრაინელ კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობას ეხება 1627 წლითაა დათარიღებული, ეს არის მისიონერ პიეტრო დელა-ვალეს მოხსენებითი ბარათი რომის პაპს ურბან მერვისადმი, მასში ნათქვამია, რომ გურიისა და სამგერელოს სამთავროები „… არიან შავი ზღვის პირას და ამიტომ მათ უფრო წვდებიან თურქეთის ჯარები იმათ… იქამდე დაცივეს საკუთარი თავისუფლება, რომ… კაზაკებს დიდი სიყვარულით იღებენ თავიანთ ქვეყნებში,.. რადგანაც ისინი თურქების დიდი მტრები არიან და დიდი ზარალს აყენებდნენ წინათ და ახლაც მათ. გარდა ამისა, როგორც მე გავიგონე ეს ორი ხალხი ემოყვრება ერთმანეთს… ამ გარმოებას შეიძლება დიდი შედეგი მოყვეს მოჰყვეს ქართველებისათვის რადგანაც დღეს კაზაკები შავი ზღვის ბატონები არიან და… შეუძლიათ… დაეხმარონ ქართველებს გაჭირვებაში, რომელსაც მათ სპარსელები ან თურქები მიაყენებენ, ქართველებს, კი თავის მხრით მათის ნავსადგურებით და დაცულ თავშესაფარი ადგილებით, რომელნიც ზღვის ნაპირებზე აქვთ, შეუძლიათ დიდათ დაეხმარონ კაზაკებს მათ საქმეებში.“
.
მართალია, პიეტრო დელა-ვალე აქ ზოგადად მსჯელობს, მაგრამ მისი ერთერთი ნაშრომიდან ჩანს, რომ 1616-1629 წლებში გურიელმა და დადიანმა კაზაკებს ელჩი აახლეს და „… თურქებთან საომრათ საკუთარი ტერიტორია და კავშირი შესთავაზეს, ამასთანავე ოქროს პატარა ჯვრები გაუგზავნეს. კაზაკებმა დიდი კმაყოფილებით მიიღეს საჩუქრები“, ლაშქობაზე თანხმობა განაცხადეს და პირობების დაზუსტებისათვის გურია-სამეგრელოში 40 კაცი გამოისტუმრეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ოსმალეთზე კაზაკთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრობა არ შემდგარა. თუმცა ამ ორ ხალხს შორის პოლიტიკური კავშირი ამით არ დამთავრებულა, ამას სხვათაშორის კაზაკთა მიერ თურქი დამპყრობლებისაგან 1654 წელს ქვემო გურიის ძლიერი სიმაგრის გონიის ციხის განთავისუფლებაც ადასტურებს.
.
პიეტრო დელა-ვალეს ამ ცნობებისა და აგრეთვე სხვა მასალების საფუძველზე გამოითქვა საინტერესო აზრი, რომ „თუ კი პოლონელი, უკრაინელი, ბელორუსელი, ლიტველი და ბესარაბიელი და სხვა მხარეთა ბატონყმობის უღლიდან გამოქცეული გლეხი… კაზაკდებოდა“ მაშინ არაერთი გურული და მეგრელი გლეხი უნდა გაჰყოლოდა ჩვენს სანაპიროზე მოსულ კაზაკთა ნავებს,… დნეპრის სანაპიროებისათვის შეეფარებინა თავი და… შთამომავლობით გაუკრაინელებულიყო (პრ. ი. ცინცაძე).
.
მართლაც უკრაინელ კაზაკებში ქართველური ტიპები ბევრია. მათ თავისუფალი კაზაკური თემის დაარსებაც სურდათ, რაც სათანადო პირობების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა. შესაძლებელია რომ გურიაში გავრცელებული გამოთქმა „კაძახი“ (ან „ყაძახი“) კაზაკიდან იყოს ნაწარმოები.
.
კაზაკებსა და გურიის სამთავროს შორის, პოლიტიკურ კავშირს გარდა ეკონომიკური ერთიერთობაც არსებულა, პიეტრო დელა-ვალე მიუთითებს, რომ „ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში სავაჭრო ხომალდები დადიანო.“ ვაჭრობის საგანი აბრეშუმი იყო.
.
ასეთია XVII საუკუნის პირველი მეოთხედის ცნობები კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობის შესახებ, რომელიც საინტერესო ფურცელია ქართველი და უკრეინელი ხალხის მეგობრობის ისტორიაში.“
.
– პროფესორ აბელ სურგულაძის სტატია “უკრაინელ კაზაკებთან გურიის სამთავროს ურთიერთობის წარსულიდან” – გაზეთი „ლენინის დროშა“ 1961 წელის #8 (მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ბატონ ნუგზარ ასათიანს)
– კაზაკური საბრძოლო ნავი „ჩაიკა“

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








