ღირსი ონოფრე გარეჯელი – გურული დიდგვაროვანი ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე 1676 წელს თავის ძმასთან, მაქსიმესთან, ერთად ქაიხოსრო I გურიელის ასული თუთას ამალაში იყვნენ, როცა თუთაზე ლევან ბატონიშვილი დაქორწინდა.
.
ორივენი სასულიერო პირები იყვნენ, მაქსიმე მაჭუტაძე ქართლში გადასვლამდე ჯუმათის ეპისკოპოსი იყო, 1688-1701 წლებში კი ბოლნისის ეპისკოპოსი იყო და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა.
.
ონოფრე მაჭუტაძე ბერად შედგა გარეჯის მონასტერში (დაახლოებით 1683-1690 წლებში). არქიმანდრიტმა გერმანემ მიიღო შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღესრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.“
.
1690 წელს საეკლესიო კრებამ მაჭუტაძე დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც “დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი” უწოდეს. 1699 წელს მაჭუტაძის ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული, რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი.
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა