ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ამავდროულად სუსის ჩოხატაურის ბიუროს ხელმძღვანელის, ლაშა გოგიბერიძის მამის, ბაჩი გოგიბერიძის შვებულებაში გასვლას, ჩოხატაურის მერიაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ჩატარებულ გამოძიებას, – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, შესაძლო თაღლითობას – უკავშირებენ.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” სოფელ ხიდისთავიდან (ჩოხატარის მუნიციპალიტეტი) აცნობეს.
წყაროს ინფორმაციით, შპს „თეგიკა უნივერსალის” და კომპანია შპს „ელმარის” ე.წ. “კურატორი”, ბაჩი გოგიბერიძის თანაკურსელი – ედიშერ ხუციბერიძეა.
ჩოხატაურში მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია, ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსთან წინასარი გარიგების გარეშე, მის თანაკურსელს, ამ მუნიციპალიტეტში, ტენდერი მოეგო, ანაც ინფრასტრუქტურული პროექტი განეხორციელებინა.
როგორც გვეუბნებიან, ბაჩი გოგიბერიძე, შვებულებაში-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის, ემზარ გაგნიძის მიერ ჩატარებულ ბრიფინგამდე-რამდენიმე საათით ადრე გავიდა.
იმავე წყაროს ცნობით, გამოძიების შემდეგი სამიზნე, თავად ბაჩი გოგიბერიძე, მის თანაკურსელტან ერთად, და ჩოხატაურის მაშინდელი სხვა მაღალჩინოსნები იქნებიან.
ცნობისათვის: ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.
დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








