გურული ქალი, რომლის საოცარი ბაღის ისტორიაც ამერიკელი სიძიდან იწყება

რამდენიმე წლის წინ, თბილიდან მეუღლესთან ერთად, ლიკა მეგრელაძე მშობლიურ გურიაში სოფელ წითელმთაში დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, ახალი ცხოვრება დაიწყო. ძალიან მიეჩვია გურიის კლიმატს და ამ ეტაპზე თბილისში დაბრუნებას არც გეგმავს.

 

გურული ჩაის მოყვანისა და გადამუშავების გარდა, საოჯახო სასტუმრო „კომლის“ დიასახლისიცაა, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს „პრაიმტაიმი“ მეწარმეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში დაუკავშირდა და წარმატებებზე, ოჯახურ ბიზნესზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

ოზურგეთის რ-ნ სოფელ წითელმთაში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი მამა-პაპისეული ადგილია. დედა – მერი ჭანუყვაძე შემოქმედიდან არის. სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე ივანე ადუაშვილი გავიცანი.

 

 

დავქორწინდით და ორი ქალიშვილი შეგვეძინა. ზაფხულობით ყოველთვის ჩამოვდიოდი სოფელში, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმე. დედა აქ დარჩა საცხოვრებლად, მაგრამ ბოლო წლებში 8-9 თვეს ოზურგეთში ატარებდა, დანარჩენს თბილისში. შესაბამისად ჩემი გოგოებიც ხშირად ისვენებდნენ გურიაში, ძალიან უყვართ აქაურობა.

 

უფროსი ქალიშვილი ამერიკაში დაქორწინდა, რომელიც უკვე სამი შვილის დედაა. უმცროს გოგოსაც, თავისი საქმე გამოუჩნდა და ძალიან დაკავებულია, მაგრამ სულ მთხოვდნენ, რომ აქ რამე საინტერესო პროექტი გამეკეთებინა.

 

ამასობაში ტურისტული განვითარების მიმართულებით, გურიაში პატარ-პატარა ძვრები დაიწყო. რაიონებში მცირე პროექტები ხორციელდებოდა. ეკონომიურად ძალიან დუხჭირი მდგომარეობა იყო. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახიდან ვარ, მუდამ ბევრი სტუმარი გვყავდა.

 

 

2008 წელს ჩემი შვილები და მისი მეგობრები ჩამოვიდნენ ამერიკიდან. ფაქტიურად, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ამ საქმეში ჩაბმა და აქტიურობა. საინტერესო ადგილების მონახულება უნდოდათ და ამიტომ ბევრი უცნობი ადგილის, კულტურული ფონის შესწავლა და მოძიება დავიწყე.

 

ყველას აინტერესებდა გაცნობოდა საქართველოს ღირშესანიშნეობებს და ეთნო-კულტურას. მამა ისტორიკოსი იყო და ბევრ საკითხში საკმაოდ გარკვეული ვიყავი, მაგრამ განსაკუთრებით 2009 წლიდან დავინტერესდი, როცა საქმიანი ვიზიტები მქონდა.

 

Возможно, это изображение (2 человека)

 

იძულებული გავხდი, რომ საქართველოს და კერძოდ, გურიის მხარის პრეზენტაცია გამეკეთებინა. ჩემთვის 2017 წელი განსაკუთრებით იმ მხრივ იყო აღსანიშნავი, რომ ჩემი სიძის ამერიკელ მეგობრებს და პარტნიორებს დაებადათ იდეა, რომ გაეკეთებინათ გარკვეული კონცეფციის რესტორანი, სადაც დააგემოვნებდით ღია ცეცხლზე მომზადებულ კერძებს.

 

ერთ-ერთ ზაფხულს, სწორედ ეს ჯგუფი მოხვდა ჩემთან სოფელში. ვუმასპინძლეთ, „ამოვქექეთ“ და „გავაცოცხლეთ“ გურული ქვის კეცი, გამოვაცხვეთ ხაჭაპური, მჭადები, შუა ცეცხლზე შევწვით კერძები. ამერიკელ სტუმრებს ძალიან მოეწონათ აქაური გარემო და ქართული კეძებით დაინტერესდნენ.

 

ამის შემდეგ, უფრო ცხადად დავინახეთ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. ამას დაემთხვა, რომ მუნიციპალური განვითარების ევროკავშირის პროექტი – „მონაწილეობითი პრინციპი, გურიის ტურიზმის განვითარების საქმეში“, სადაც მუნიციპალიტეტს და არასამთავროებს ერთად უნდა დაესახათ პროგრამა გურიის კულტურის განვითარებაში. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა.

 

– გამოდის, რომ ძირითადი მიმართულება ამერიკელებმა მოგცათ…

 

არ დაგიმალავ და მართლაც ასეა. ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა პატარა კონკურსი. უნდა მოგვეფიქრებინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, მართალია ძალიან მცირე ბიუჯეტიანი, რითიც წარმოვაჩენდით გურიას.

 

Возможно, это изображение (2 человека, в том числе Lika Megreladze и люди улыбаются)

 

2018 წლის გაზაფხული იყო, ეს პროექტი გარკვეული მიზეზების გამო ცოტა გაიწელა და კონკურსი მაისში გამოცხადდა. არ ვიცოდი რა გეგმა დამეწერა, მაგრამ უცბად გამინათდა გონება და დედლაინამდე ზუსტად 2 დღით ადრე გადავწყვიტე, რომ გავაკეთო „ჩაის ტური“.

 

 რატომ „ჩაის ტური“?

 

საქართველოში არსებობდა ღვინის ტურები, რომლებიც ჩემ თვალწინ განვითარადა. დავფიქრდი, ჩაი გვაქვს გურულებს, რაც სხვას არ აქვს! მართალია იმერეთშიც არის ცოტა, მაგრამ არა ის რაოდენობა, რაც გურიაში.

 

ამ თემასთან ახლოს ვიყავი, რადგან დედაჩემი სწავლული აგრონომი იყო – ანასეულის და მრავალი წელი ჩაისა და სუბტროპიკული ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. თან ჩვენი სოფელი, მთლიანად ჩაის პლნტაციებით იყო დაფარული.

 

ჩაი ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ყოველთვის განსაკუთრებულ ჩაის ვსვამდით, ხელით ვამზადებდით. ამასთანავე ვხედავდი მსოფლიო რა ტენდენციებით მიდიოდა. შეიცვალა მოთხოვნები, უცხოელები უფრო დაინტერესდნენ სახლის მარნებში დამზადებული ღვინოებით, ვიდრე ქარხნული წესით.

 

მართალია ჩაის დიდი ისტორია არა აქვს, მაგრამ დავფიქრდი, როგორი შეიძლება ყოფილიყო „ჩაის ტური“. უნდა დაგვეწყო იმ პერიოდიდან, თუ როგორ მოხვდა ჩაის ბუჩქი საქართველოში.

 

– ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის ქართული ჩაის ისტორია…

 

გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ნახეთ როგორ არის! ღვინოს სამყაროს ნახევარი მოიხმარს, მეორე ნახევარი კი, არც ცნობს. იშვიათად შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ჩაი არ ჰქონდეს გასინჯული, განურჩევლად რელიგიური და კულტურული წარსულისა.

 

ჩაის ბაღის ისტორიაც, ჩემი ამერიკელი სიძიდან იწყება. პირველად რომ ჩამოვიდა და ჩვენ ეზოში გავერანებული ჩაის ბუჩქები დაინახა, იკითხა ეს რა მცენარეაო. რომ ვუთხარით გაგიჟდა, რას ამბობთ, რა სისულელეა, საქართველოში ჩაის რა უნდაო.

 

Возможно, это изображение (3 человека и люди улыбаются)

 

ეს ადამიანი ამერიკელია და დასაშვებია, რომ არ ცოდნოდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ქართული ჩაის ისტორია და კულტურა, ქართველმა ახალგაზრდებმა, მათ შორის სოფელ ანასეულის მაცხოვრებლებმაც არ იციან.

 

ვინც ჩემთან სტუმრად ჩამოდის, უმეტესობა ევროპაში, აზიაში, ჩინეთში, შრი-ლანკაში და კიდევ მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი. ეს თაობა ჩვენგან განსხვავებით, კორონავირუსის გავრცელებამდე ბევრს მოგზაურობდა.

 

მინდა გითხრათ, რომ 23 წლის ამერიკელმა სიძემ გვაიძულა, რომ ჩაის ბუჩქები გაგვესუფთავებინა და აღგვედგინა, თავადაც გვეხმარებოდა, სულ ხელით მუშაობდა. დედა ძალიან ნერვიულობდა და ამბობდა, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა. კიდეც რომ აღვადგინოთ, ვინ არის ამის მომკრეფიო.

 

Возможно, это изображение (13 человек, в том числе Lika Megreladze и люди улыбаются)

 

შენ ნუ ნერვიულობ, ხალხი მოვა, ამ ჩაის დაკრეფს და ფულს იქეთ გადაგიხდისო, პასუხობდა ჩემი სიძე. ასე დავიწყეთ ეს საქმიანობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ახალგარდების უმეტესობას, ჩაის ბუჩქი ნანახიც არ აქვს, გურულებიც კი ვერ ცნობენ .

 

ჩემმა და ჩემი მშობლების თაობამ მთლიანად ამოძირკვეს, რადგან სახელმწიფოს ვერ გაჰქონდა საზღვარგარეთ და ძირითადად უფუჭდებოდათ. თან საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, უზარმაზარი ბაზარი დაიკეტა.

 

– მაინც შეძელით ჩაის ბუჩქების აღდგენა…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ მცირე მასშტაბით. იმ რაოდენობის აღდგენა, რაც ჩემ სოფელში ადრეულ წლებში არსებობდა, წარმოუდგენელია. ალბათ აღარც უნდა აღდგეს, რადგან ჩაის წარმოებით ბევრმა ქვეყანამ გაგვასწრო, თუნდაც თურქეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, რომლებსაც ვერასდროს გავუწევთ კონკურენციას.

 

– და რას ფიქრობთ, რა არის გამოსავალი…

 

ჩემი აზრით, ერთადერთი ხსნაა, რომ იყოს ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის და მცირე რაოდენობის, როგორი ხარისხისაც იყო 60-იან წლებამდე. როგორც ღვინის, ისევე ჩაის ხარისხიც დაეცა.

 

ძალიან პატარა ჩაის ბაღი მაქვს, პლანტაციასაც არ დავარქმევდი. თუ ვინმე გადაწყვეტს „ჩაის ტურზე“ ჩემთან ჩამობრძანებას, მოვუყვები ჩაის ისტორიას, ვაჩვენებ როგორ იკრიფება ჩაი, რადგან მოკრეფასაც თავისი წესი აქვს.

 

ხარისხის მიხედვით გავაცნობ, რადგან ბევრს ეშლება მწვანე და შავი ჩაი, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ. ადამიანების 99% იბნევა და შავ ჩაიზე ამბობს, რომ მწვანეა, რადგან მწვანე ფოთლები აქვს.

 

საქრთველოში ჩაის კულტურას, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. პირველად 1847 წელს ოზურგეთში, კერძოდ ანასეულში, ჩინეთიდან შემოტანილი ჩაის ბუჩქი დაირგო იმ მიზნით, რომ ბევრგან გავრცელებულიყო.

რუსეთის იმპერიას სურდა, რომ ჩაის პლანტაციები საკუთარ მიწაზე გაევრცელებინა, მაგრამ არ გაიხარა. ამიტომ იძულებული გახდნენ, საქართველოში შემოეტანათ, რასაც მოჰყვა ინდუსტიული გავრცელება, სადაც ბიზნესი ერთვება საქმეში.

 

რუსეთის იმპერიაში ჩაი ძალიან პოპულარული და თან მოდური გახდა, ამიტომ გაჩნდენენ ადამიანები, რომლებიც ახდენდნენ ჩაის მიწოდებას, როგორც იმპერატორის კარზე, ასევე სხვა ადგილებშიც.

 

საქართველოში ჩაის პირველი გამავრცელებლები, 1860-70 -იან წლებში რუსეთის იმპერიის წარმომადგენლები ძმები კონსტანტინე და სიმონ პოპოვები იყვნენ, რომლებსაც გაყოფილი ჰქონდათ ბიზნესი – ერთს ჩინეთიდან, მეორე ძმას კი, ინდოეთიდან შემოჰქონდა.

 

ამ ამბის ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილია, რომ ერთ-ერთმა ძმამ კონსტანტინემ, ბათუმთან ახლოს მიწის ნაკვეთი შეიძინა, რადგან თავისუფალ ეკონომიკურ ზონად იყო გამოცხადებული და ადვილად ხდებოდა მიწის დაკანონება.

 

ნიადაგს რომ დააკვირდა მიხვდა, რომ გარეგნულად ძალიან გავდა იმ მიწას, როგორიც ჩინეთში იყო. მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში, პოპოვს „გიჟური“ იდეა მოუვიდა და ჩინელი ოსტატი საქართველოში დაპატიჟა. შეთავაზა წამოეღო ნერგები და ჩაის ბუჩქები დაერგოთ და თუ გაიხარებდა, ბიზნესს წამოიწყებდნენ.

 

ეს ადამიანი იყო 23 წლის ჩინელი ლაო ჯონჯაო, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა პოპოვს. ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩამოიტანეს ნერგები, მუშებიც კი წამოიყვანეს.

 

ჩაის კულტურის ქართულ-ჩინური თავგადასავალი

 

დარგეს და მოხდა სასწაული, ჩაიმ გაიხარა! მომზადდა დიდი ექსპედიცია და ერთი წლის შემდეგ, პოპოვმა საქრთველოში კერძოდ, ჩაქვში ნინოშვილის ქ. 12 -ში ლაო ჯონჯაოს ოჯახს, აშენებული სახლი დაახვედრა, რომელიც დღემდე დგას, მაგრამ ამჟამად, მთლიანად დანგრეული და გაპარტახებულია.

 

არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა, ამ სახლის აღდგენა და ტურისტული სანახაობის შექმნა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო. ცნობილია, რომ ლაოს ოჯახი საქართველოში 29 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა, ჰყავდათ ხუთი შვილი.

 

ჯონჯაოს ოჯახი სწორედ, იმ დროს დაბრუნდა ჩინეთში, როცა საქართველოში ქართული ჩაის ინდუსტრიული განვითარება დაიწყო. საქართველოს მთავრობამ შეთავაზა მოქალაქეობა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი ქვეყნის პატრიოტი იყო, უარი განაცხადა, გაყიდა ყველაფერი და მშვიდობიანად დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

 

– ფიქრობდით, რომ თქვენი პროექტი, ამ დონეზე განვითარდებოდა?

 

ამხელა რეზონანსს, მეც არ ველოდი. ამ პროექტმა გაიმარჯვა და ამის შემდეგ, საინტერესო მასალების მოძიება და შეგროვება დავიწყე. შევქმენი ლოკალური ისტორიები, ოჯახებიდან ვაგროვებდი საინტერესო ფოტომასალას, თუ როგორ კრეფდნენ ჩაის. გასულ საუკუნეში. სოფ. წითელმთაში თავისუფალ მიწებზე, ყველგან ჩაის პლანტაცია იყო.

 

 სად მდებარეობს თქვენი ჩაის ბაღი…

 

ზუსტად ჩემ მიწაზე, ჩემ საკუთარ ეზოში მდებარეობს. ტურისტებს ვაჩვენებ და ვასწავლი, თუ როგორ იკრიფება ჩაი. ჩვენთან გავრცელებულია სუბტროპიკული ჯიშის ჩაი, ამიტომ ვეგეტაციის პროცესი წელიწადში 6 თვე აქვს.

 

ინდოთში და ჩინეთში სუბტროპიკული ჯიშებია. გამოდის, რომ 6 თვე, ბუნებრივად ისვენებს, ამიტომ ქართული ჩაი ბევრად უფრო ნაზი და ვიტამინებით სავსეა, რის გამოც, მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

 

გული მწყდება, რომ ახალგაზრდებს, წარმოდგენა არ აქვთ ქართულ ჩაიზე, სამაგიეროდ, კარგად იციან ჩინური, შრი-ლანკას ჩაი.

 

Нет описания.

 

რამდენიმე ხნის წინ, ახალგაზრდა ჩეხი სტუმარი მეწვია, რომელმაც ქართულ ჩაიზე არაფერი იცოდა. სამაგიეროდ, სახლში რომ დარეკა, მშობლებმა უთხრეს, რომ ქართულ ჩაიზე ვართ გაზრდილებიო.

 

– კიდევ რას გვეტყოდით „ჩაის გზის“ პროექტზე?

 

მე ვარ „ჩაის გზის“ პროექტის მონაწილე, ყველაზე პატარა საოჯახო საწარმოს მფლობელი, სადაც დაინტერესებულ სტუმარს ხელით დამზადებულ ჩაის ვაცნობ.

 

„ბახვის ჩაი“ შედარებით დიდი საოჯახო საწარმოა. ურეკთან ახლოს, არის ასეთი სოფელი გურიანთა, სადაც მდებარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკა.

 

არის ასევე ანასეულის ჩაის ფაბრიკა, სადაც მე-20-ე საუკუნის მანქანა-დანადგარებია – ყველა განსხვავებული ობიექტია.

 

2019 წლის მაისში გურიაში ჩატარდა „ჩაის ფესტივალი“, სადაც ძალიან დადი და განსხვავებული პროექტები დავგეგმეთ, მაგრამ პანდემიის გამო, ყველაფერი ჩაიშალა. სავარაუდოდ, ვერც წელს ვერ შევძლებთ განხორციელებას. მიუხედავად ამისა, შიდა ტურიზმი მაინც მუშაობს. ბევრი ადამაიანი სტუმრობს ჩემ ბაღს.

 

– როგორი კომფორტი გაქვთ ტურისტებისთვის?

 

ვეცადე, რომ ეზო ლამაზად მომეწყო, გვაქვს ბამბუკის და თხილის ხეები, ჩაის ბაღი, ბოსტანი, იქვე პატარა მდინარე ჩამოდის, სადაც ხელნაკეთი ნავით, ტურისტების გასეირნებას ვაწყობთ.

 

ეზოში დგას ისტორიული ოდა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია აღდგენილი, სადაც შემორჩენილი და მაქსიმალურად შენარჩუნებულია მე-19 საუკუნის ელემენტები.

 

ამ ოდაში ორი ოთახია, სადაც ისტორიული სინამდვილით შენარჩუნებული გვაქვს კარი, საკეტი, ფანჯარა, იატაკი – არაფერია შეცვლილი. ამ ოთახებში მოწყობილი გვაქვს საძინებლები, ჩვენც ამ სახლში ვცხოვრობთ და სწორედ, აქ ვიღებთ სტუმრებს.

 

 

"მამამთილმა დამიჩოქა და მითხრა - შვილო, ნუ დაგვღუპავ, წამოიყვანე ეს ობლები, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზრდით, ნუ დამიქცევ ოჯახს, კერიას ნუ ჩამიქრობო"

 

გასულ წელს „გლემფინგი“(გლამურული კემპი) მოვაწყვეთ. ძველი ნალია და დიდი ღვინის კასრი, გადაკეთებული გვაქვს სასტუმრო ოთახად და იქაც ჩაის ტურზე, ლანჩზე, თუ აიტერესებთ ეზოს ტურზეც ვუმასპინძლდებით სტუმრებს.

 

2019 წელს საკუთარი ღვინოც დავაყენეთ. მე და ჩემმა მეუღლემ, გურული ენდემური ჯიშებით გავაშენეთ ვენახი – ვცდილობთ დავაბრუნოთ გურული ვაზი ხეზე. კიდევ უამრავი გემა გვინდა განვახორციელოთ.

 

– ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რომელი გეგმაა აქტუალური?

 

რასაც ვაკეთებთ მინდა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესო. სამომავლოდ „გლემფინგების“ გაფართოებას ვგეგმავ, რომ სტუმრების დასარჩენი ადგილები გვქონდეს, რაც გურიაში პრობლემას წარმოადგენს.

 

ამ ორი ოთახის გარდა, სხვა დასარჩენი ადგილი არ გვაქვს. ვგეგმავ ასევე, ეზოს აგროგანვითარებას. ვცდილობ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.  საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა აგროტურებზე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. გასტროტურიზმის უამრავი რეცეპტები აქვს დედას, რომელიც ასევე გვინდა აღვადგინოთ.

 

 დედაც ჩართულია ამ პროექტში?

 

რასაკვირველია, თან ძალიან აქტიურად. სხვათა შორის, ჩემზე მეტად პოპულარულია. ორგანიზაციამ „ქალები საქართველოდან“, ინტერვიუ ჩაწერა დედასთან მერი ჭანუყვაძესთან, რომელსაც მართლაც საოცარი ისტორია აქვს, ამჟამად 83 წლის არის.

„კომლიც“ მე და ჩემმა ოჯახმა დავარქვით, დიდხანს ვფიქრობდით ამ სახელზე. გვინდოდა, რომ კონცეპტუალურად გამართლებული ყოფილიყო. მოგეხსენებათ, რომ კომლი არის სოფლის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოდის სიტყვიდან – კვამლი.

 

 

მინდა გითხრათ, რომ პირველი ზამთარია, რაც სრულად გავატარეთ გურიაში. შარშან დეკემბერში წავედი და თებერვალში დავბრუნდი. ადრე უფრო ზაფხულს ვატარებდით სოფელში, მაგრამ ამ პანდემიის გამო, ძირითადად აქეთ ვართ.

 

 

უამრავი პროექტი მაქვს განსახორციელებელი, დაწყებული ისტორიული კვლევებიდან, დამთავრებული კულინარიულ (გურული გასტრონომიული კულტურა) ჩანაწერებამდე. მინდა ასევე მევენახეობის აღდგენა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

 

– რომელი ყურძნის ჯიშები გააშენეთ?

 

გურია კახეთის მერე პირველი რეგიონია, სადაც უამრავი ენდემური ჯიშია, რომელიც ნაწილობრივ აღდგენილია, მაგრამ სამწუხაროდ, ფართოდ გავრცელებული არ არის.

 

ღვინის ტურიზმი კახეთში და სხვა რეგიონებში, ბევრად უფრო განვითარებულია, გურიაში ნაკლებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი კუთხისთვის.

 

ვცდილობთ გავაშენოთ და აღვადგინოთ გურული ყურძნის ჯიშები – საკმიელა, კამური, მტევანდიდი, ბადაგი, ჯუმუტა, კლარჯული და რა თქმა უნდა, ჩხავერი.

 

 

ბოლო პერიოდში, პერმაკულტურის განვითარებით და მიწის არქიტექურით დავინტერესდი. კიდევ ბევრი თემაა, რაზეც სიამოვნებით ვმუშაობდი. ძალაინ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

 

აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, პანდემიის პერიოდში ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა თბილისში ყოფნა. უკვე აღარც მიზიდავს ქალაქში ცხოვრება. ღმერთმა არ ქნას, რომ თბილისში დასაბრუნებელი გავხდე!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share