ლანჩხუთში საბავშვო ბაღი-რომლის მშენებლობაც ნახევარ მილიონ ლარამდე დაჯდა -ვერ იხსნება – მიზეზი-ბაღი მეწყრულ ზონაში აშენდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე წელია დასრულდა, თუმცა მისი გახსნა-ფუნქციონირების დაწყება ვერ ხერხდება-რადგან, გავრცელებული ინფორმაცით, ბაღი სოფლის მეწყრულ ზონაში აშენდა და ის ისაფრთხოების ზომებს ვერ აკმაყოფილებს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, სოფელ ნინოშვილიდან აცნობეს.
საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით აშენდა და მის შენებლობაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
რედაქცია სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ტაბიძეს დაუკავშირდა:
“წკიპზეა საქმე მისული, მეც და ალეკოც (ლანჩხუთის მერი), ყოველდღიურად ვუკავშირდებით ამ თემაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელსაც შენობა ჯერ არ ჩაუბარებია.
-რატომ? რა არის მიზეზი?
-მუნიციპალური განვითარების ფონდს შენობა ჯერ არ ჩაუბარებია.
-რატომ არ იბარებს, რამდენიმე წელია უკვე მშენებლობა დასრულდა.
-სახანძრო, სახანძროს დასკვნა უნდა და უახლოეს მომავალში გავხსნით.
-ბატონო ბესიკ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაღი მეწყრულ ზონაში აშენდა და ამიტომაც ვერ ხერხდება მისი გახსნა, უსაფრთხოების არ არსებობის გამო.
-არა ბატონო, სახანძროს პრობლემაა, რაც მალე მოგვარდება.
-და რატომ ქმნის სახანძრო პრობლემას?
-დეტალებია მოსაგვარებელი და გავხსნით.
არსებულ სიტუაციაზე კომენტარისათვის, ჩვენ ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავას დავუკავშირდით:
“ჩემი ინფორმაციითაც, ნინოშვილის ბაღის ვერ გახსნის მიზეზი, მისი მეწყრულ ზონაში აშენებაა. რომელ ეჭვსაც მიმყარებს ის,რომ ამ შენობიდან რამოდენიმე მეტრში, პრაქტიკულად გვერდი-გვერდ მდგარი სკოლაც. მაგ მიზეზითაა დახურული ერთ წელზე მეტია და ნინოშვილელი სკოლის მოსწავლეები მეზობელ სკოლებში დადიან სასწავლებლად.
ფაქტია, ბაღი, ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ ერთი წელიზე მეტი იქნება რაც დასრულებულია და არ იხსნება. ამაზე ჩვენ მარჩიელობა კი არ უნდა გვჭირდებოდეს,მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია ოფიცალური პასუხი გასცეს თუ რაა მიზეზით. თუ დადასტურდა, რომ მიზეზი მართლაც ბაღის მეწყრულ ზონაში აშენებაა და იგი უსაფრთხოების ზომებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ ჩათვალეთ 300 ათას ლარზე მეტი(ზუსტი თანხა არ ვიცი რა დაჯდა) წყალშია გადაყრილი და ამაზე პასუხი უნდა აგონ პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია ინფორმაცია – თუ რატომ ვერ თუ არ იხსნება სოფ.ნინოშვილის საბავშო ბაღი – მალე ექნება მოსახლეობას და ისე უპასუხოდ არ დატოვებენ როგორც სკოლაზე, რომელზეც, ჯერაც არ გვაქვს არანაირი პასუხი თუ რა ელის ამ დაწესებულებას”- გვითხრა ასკურავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, წერდა 2023 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.







