სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – დღეს გთავაზობთ წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე აუდიტის დასკვნას:
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „სატისს“არ აქვს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემების უმეტესობა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით. არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება- სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც (შემოწმებული 29 დასახლებიდან გადახრა გამოვლინდა 19 მათგანში) და მუნიციპალიტეტს მისცა შესაბამისი რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
მუნიციპალიტეტის 74 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ ოზურგეთის და 17 დასახლების მოსახლეობისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობაში მოსახლეობის წყალმომარაგება ფუნქციურად ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „სატისს“. აღსანიშნავია, რომ შპს-ს არ აქვს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია.
მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების განვითარება პრიორიტეტულადაა მიჩნეული.34 2022-2024 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად გაწეულია 1,711.3 ათასი ლარის ხარჯი. მიუხედავად ამისა, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კერძოდ, 59 დასახლებაში მცხოვრები 16,754 ოჯახიდან, 13,184 ოჯახს წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან და წყაროებიდან; ასევე 6,512 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემების უმეტესობა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას
წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით. არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება, სასმელად ვარგისიანობის დადგენის მიზნით. ცალკეული ლაბორატორიული კვლევით დადგენილია, რომ წყალი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, 2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩატარებული 160 კვლევიდან 103 შემთხვევაში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. წყლის ხარისხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში შეუსაბამობები გამოავლინა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც (შემოწმებული 29 დასახლებიდან გადახრა გამოვლინდა 19 მათგანში) და მუნიციპალიტეტს მისცა შესაბამისი რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
დასკვნა
მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდებაშეფერხებით; მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
წერს სახელმწიფო აუდიტი;








