23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით, კამპანია – „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება.
წლების განმავლობაში ეს კამპანია საქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.
„პარვუს ჯგუფი“ წელს პირველად შეუერთდა მსოფლიო კამპანიას. კოლეგებმა წიგნები შემოქმედის თემის ბიბლიოთეკისთვის შეაგროვეს.
„პარვუს ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მაკა ხეცურიანი, კამპანიის ინიციატორი კომპანიაში აქტივობის ემოციას გვიზიარებს:
„წიგნის ჩუქების დღე გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და მრავალფეროვანია წიგნების სამყარო. წიგნის ჩუქება განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია, რადგან ამ დროს ერთმანეთს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სიტყვებს კი არ ვუზიარებთ, არამედ ვჩუქნით თავგადასავლებს, ემოციებს, ფანტაზიის გაძლიერების
შესაძლებლობას და სხვადასხვა ეპოქასა თუ სამყაროში მოგზაურობის შანსს. ამ იდეას „პარვუს ჯგუფის“ თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ, თითოეულმა მათგანმა გულით შეარჩია მისთვის მნიშვნელოვანი წიგნი, პირადი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით სავსე, და ასე შეივსო სოფელ შემოქმედის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ყუთი. სწორედ ასეთი ჩართულობა და გაზიარების სურვილი ქმნის ჩვენს საერთო კულტურას, სივრცეს, სადაც ცოდნა, გამოცდილება და ინსპირაცია თავისუფლად ზიარდება.
გვჯერა, რომ ეს პატარა ინიციატივა დიდ შთაგონებად იქცევა. თითოეული ნაჩუქარი წიგნი ახალ სიცოცხლეს იწყებს, ახალ ხელში ხვდება და ახალ ისტორიებს ქმნის. შემოქმედის ბიბლიოთეკაც სწორედ ასეთი ცოცხალი სივრცეა, სადაც კითხვის მოყვარული ყოველთვის იპოვის მისთვის საინტერესო წიგნს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრ ადამიანს გაუზიარებს კითხვის იმ უნიკალურ სიხარულს, რომელსაც მხოლოდ წიგნები გვაძლევს. ჩვენი კომპანია კი კიდევ მრავალჯერ ჩაერთვება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასრგებლო ინიციატივებში.“
შემოქმედის ბიბლიოთეკის გამგის ლელა საბაშვილის თქმით, კარგი იქნება მსგავსი ტიპის ღონისძიებას სხვა კომპანიები თუ მიბაძავენ.
,,დიდი მადლობა პარვუს ჯგუფს ბიბლიოთეკისთვის გაწეული ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.წიგნი საუკეთესო ინვესტიციაა ცოდნაში , განათლებასა და მომავალში.თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მკითხველებისთვის და ბიბლიოთეკისთვის”. – აღნიშნა საუბრის დროს ლელა საბაშვილმა.








