ზურაბ აბაშიძის მრავალშვილიანი ოჯახი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მშვიდობაურში ცხოვრობს. აბაშიძეებს ექვსი შვილი ჰყავთ, უფროსი 18 წლისაა, იმცროსი კი 10-ის.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური შემწეობაა. ამას ემატება სახელმწიფო დანამატი 100 ლარის ოდენობით.
იმის გამო რომ სტატუსი არ შეუჩერონ, ოჯახი შინაური ცხოველების ყოლას ვერ ახერხებს. სასოფლო სამეურნეო სამუშაოებში კი, ბავშვებიც არიან ჩართული და მშობლებს, ყველანაირ საქმეებში ეხმარებიან.
– 6 შვილის ყოლა ადვილი არაა, უფროსი 18 წლის მყავს, უმცროსი კი 10-ის. სამი სკოლის მოსწავლეა, დანარჩენები მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ. ურთულესი დღეები გვაქვს გამოვლილი, ლუკმა პურიც არ გვქონია, მაგრამ ღმერთის ნებით, გადავრჩით.
მადლობა უფალს, ჯანმრთელი შვილები მყავს. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის, პანდემიის პირობებში თავის გატანა. თავიდან ადგიობრივი ხელისუფლება დაგვეხმარა პროდუქტებით, პირველ ეტაპზე და მერე უკვე აღარ.
სოციალურ შემწეობას ვიღებთ და ეგაა ჩვენი შემოსავალი, ახლა ასი ლარი დაგვიმატა მთავრობამ. დედამთილი ავადმყოფი მყავს, მას თავისი პენსია წამლებში არ ყოფნის. ადრე, სოფელში თუ რამე სამუშაო იყო, მეც და მეუღლეც ვმუშაობდით ქირაზე. ერთხელ თურქეთშიც ვიყავი, თხილის კრეფაზე, შრომა არ გვეზარება, ეზოს, ბაღს ვუვლით, ბავშვებიც ჩართულები არიან, ყველაფერში გვეხმარებიან.
– პანდემიის გამო, თვეებია ბავშვები ონლაინ სწავლების რეჭიმზე გადავიდნენ, თქენი შვილები როგორ ახერხებენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას?
– სიმართლე გითხრათ, ბავშვებს კომპიუტერი გაუფუჭდათ, ვერ გავუკეთეთ, აღარ დაგვრჩა მაგისთვის თანხა. ერთი ტელეფონი აქვთ და ინტერნეტიც არ გვაქვს ხშირად, ძალიან გართულდა მაგის გამო, სასწავლო პროცესში ჩართვა. სკოლაში სხვანაირი დისციპლინაა.
– თქვენი მთავარი პრობლემა რა არის, რაზე ოცნებობთ?
– ჩვენი პირველი პრობლემა არის სახლი, ახლა სადაც ვცხოვრობთ, ავარიული, ძველი სახლია, მძიმე პირობები გვაქვს ძალიან. სახლის მშენებლობა დაწყებული გვაქვს, ოთხი რიადი დავაშენეთ და გავჩერდით, არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს მშენებლობა და ჩემ შვილებს ნამდვილი სახლი ქონდეთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ყველაზე მეტად რა სურთ ბავშვებს, ხუთივენ კომპიუტერი ისურვა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი