“სოლომონ I-ის ბრძოლა ქვემო გურიისათვის”

რატომ დათესა სოლომონ I-მა მარილი ქობულეთში. (სოლომონ I-ის ბრძოლა ქვემო გურიისათვის).
1772 წელს გურიის სამთავრომ ქვემო გურია (ქობულეთის მხარე) დაკარგა, იმერეთის მეფე სოლომონ I ვერ ურიგდებოდა ამ მხარეში ოსმალთა ბატონობას და მატ განსადევნად ახალ ლაშქრობებს აწყობდა.
1776 წლის იანვარში სოლომონ I-მა გურიის ჯარის თანხლებით სამეგრელო დალაშქრა, რამდენიმე ციხე აიღო და დადიანი დაიმორჩილა. იმავე წელს სოლომონს მორჩილება განუცხადა გურიის ახალმა მთავარმა გიორგი V-მაც. მეფემ გურიელის შვილები მძევლად წაიყვანა და მას საჯავახოც ჩამოართვა. ამით სოლომონმა კიდევ უფრო განიმტკიცე თავისი ძალაუფლება გურიის სამთავროზე.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთის იმპერია იმერეთს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან დაემუქრა. აჭარა და ქვემო გურია ოსმალთა ხელში იყო. 1781-1783 წლებში თურქებმა დიდ ძალებს მოუყარეს თავი, ანაკლიისა და ფოთის გამაგრებასთან ერთად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ციხეების აგებას შეუდგნენ. ოსმალებმა გაამაგრეს კინტრიშის ხეობა და ეს პუნქტი გურია-სამეგრელოზე თავდასხმის მთავარ პლაცდარმად აქცია. საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობების ფორპოსტად აქციეს თურქებმა აჭარის სანჯაყიც. 1775 წლიდან ბათუმში რაჭის ერისთავ როსტომის ძე გიორგი იმყოფებოდა, გიორგი ხშირად დადიოდა სტამბოლს და სულთნის დახმარებით იმერეთში გამეფებაზეც კი ოცნებოდა.
იმერეთსა და გურიაზე თურქებისა და აჭარელი ფეოდალების ხშირი თავდასხმების საპასუხოდ სოლომონმა 1781 წლის 21—29 ივლისს აჭარაზე ილაშქრა, მაგრამ იმერეთიდან ამ მთიან მხარეში შეჭრა ძნელი აღმოჩნდა და მეფე უშედეგოდ დაბრუნდა.
1784 წელს ზემო აჭარის სანჯაყის გამგებელმა აბდულბეგ ხიმშიაშვილმა, ოსმალოს ხელისუფალთა ბრძანებით გურიის სამთავროს ლაშქარი შეუსია. ამის მიზეზი ის იყო, რომ გურიის მთავართან თავს აფარებდა თავადი თავდგირიძე, სოლომონ მეფის სიძე. თავდგირიძე სოლომონს მხარში ამოუდგა და ქვემო გურიის ოსმალთაგან განთავისუფლებისათვის იბრძოდა. ხიმშიაშვილის ლაშქარი გურულებმა სასტიკად დაამარცხეს და გარეკეს. ხიმშიაშვილის ლაშქრობამ რამდენადმე დააჩქარა სოლომონის ბრძოლა ქობულეთ-ბათუმის შემოერთებისათვის.
სოლომონ I-ის გეგმები ქვემო გურიასთან მიმართებით საკმაოდ შორს მიდიოდა იგი ფიქრობდა ციხისძირის აღებას, იქ ქალაქის აშენებას და ვაჭარ-ხელოსანთა გამრავლებას (ანატოლიელი ბერძნებისა და სომხების ჩამოსახლების გზით). ნავარაუდევი იყო, რომ ამ ღონისძიებაზე გაღებული ხარჯები 4 წელიწადში ანაზღაურდებოდა. სომომონი იმედოვნებდა, რომ ქვემო გურიის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერდა, რადგან ქვემო გურიაში ოსმალურმა მმართველობამ მყარად ვერ შეძლო ფეხის მოკიდება. მეფე წინასწარ შეუთანხმადა გურიის მთავარს გიორგი გურიელს და ბათუმისკენ ლაშქრობაზე დაითანხმა. მისი ერთგულების საწინდრად მეფემ გურიელის ვაჟი სიმონი ქუთაისს მიიწვია და მძევლად დაიტოვა.
ლაშქრობა საიდუმლოდ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ერთი ცნობით დადიანს ფოთის ფაშასთვის მიუწოდებია ინფორმაცია ლაშქრობის სამზადისის შესახებ, ფაშამ კი შავი ზღვის სანაპიროზე გამაგრებულ ოსმალურ ციხე სიმაგრეებს აცნობა ყოველივე, ამასთანავე გააფრთხილა, რომ ლაშქრობის დაწყებისას ზარბაზანის გასროლით გააფრთხილებდა. ლაშქრობა 4 მარტს დაიწყო. იმერეთის ლაშქარში 6000-მდე მეომარი იყო. სოლომონის ჯარი გურიაში შევიდა, “გურიელი (გურიის, — ქ.ჩ. ) და ქობულეთელი ჯარი თან გაიყოლია”და ქვემო გურიაში შეიჭრა. ფოთის ფაშამ ლაშქრობის დაწყება დათქმული ნიშნით აცნობა გურიის სანაპირო პუნქტებში (შეკვეთილი-სეფა-ქობულეთი-ციხისძირი-ბათომი) მდგარ ოსმალურ გარნიზონებს და ისინი საბრძოლველად მოემზადნენ. ლაშქრობის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობდა, იმერეთ-გურიის ლაშქარმა ადვილად აიღო ქობულეთის მხარე, აიღო ქობულეთის სიმაგრე და დაანგრია იგი. მეფის ბრძანებით ქობულეთში ჩასახლებული უცხოელები გაჟლიტეს, ნაქალაქარი გადახნეს და იქ მარილი დათესეს, რომ ოსმალთა ეს საყრდენი ბუდე აღარ გაცოცხლებულიყო. ქობულეთის აღების შემდეგ იმერეთ-გურიის ლაშქარმა გვერდი აუარა ციხისძირის სიმაგრეს და ჩაქვის მხარეში შეიჭრა, ამის შესახებ გვიყვება დავით ბატონიშვილი, „ჩასრულსა ჩაგვს მეფესა, რომელმანცა მოაოხრა და წარტყვევნა ჩაგვი იგი, უკუნქცეულსა შეუკრნეს ოსმალთა ვიწრონი იგი გზანი, რომელიცა არს ადგილი ესე ფრიად მაგარი ჯანგლიანი და იწრო, კლდიანი და ეგრეთვე უღალატა მეფესაცა გურიელმან და მანაც შეუკრა უკანით გზანი“. ჩაქვში გამაგრებული ოსმალები გარეკეს, რის შემდეგედაც ქართულმა ლაშქარმა ბათუმამდე მიაღწია. სანამ სოლომონ I ბათომის მხარეში იბრძოდა, შავი ზღვის ნაპირის ციხეთა ოსმალური გარნიზონები ქართული ლაშქრის ზურგში, ციხისძირთან შეიკრიბნენ და მეფეს ჩაუსაფრდნენ. ქართულმა ლაშქარმა ბათუმის მიდამოები მოარბია და უკან გამობრუნდა. უკან მსვლელობისას 9 მარტს სოლომონ პირველის ლაშქარი ციხისძირთან უღრან ტყეში არსებულ ნაჭიშკრევის ვიწრო გამოსასვლელს მოადგა და უეცრად ორ ცეცხლს შუა მოექცა. ზურგინად და ციხისძირის მხრიდან მათ ოსმალებმა დაარტყეს, ხოლო აღმოსავლეთიდან აჭარელმა ბეგებმა შემოუტიეს. იმერეთ-გურიის ლაშქარი სრული განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მეფე და მისი ამალა მხოლოდ მოლაშქრეთა თავგანწირვამ იხსნა დატყვევებისაგან. მეფეს ცხენი მოუკლეს და ბრძოლიდან იგი თავისი ცხენით ვახტანგ გურიელმა გამოიყვანა. ნაჭიშკრევის ბრძოლაში სოლომონს 620 მეომარი მოუკლეს (მათ შორის 18 თავად–აზნაური), 200 კი ტყვედ ჩავარდა. დაჭრილთა შორის იყვნენ სარდლები: ქაიხოსრო აგიაშვილი და ბერი წულუკიძე; მოკლეს ქაიხოსრო წერეთელი, აგიაშვილის ორი ძმა და “მრავალნი წარჩინებულნი თავადაზნაურნი”, დატყვევებული ქართველები ოსმალებმა ტრაპიზონისა და სტამბოლის მონათა ბაზრებზე გაყიდეს. ნაჭიშკრევის ბრძოლის შედეგები უაღრესად მძიმე იყო იმერეთის სამეფოსათვის.
სოლომონ მეფის სურვილი იყო 1780-იან წლებში ფოთისა და ბათუმის ციხეების დაკავება იყო. 1781 წელს გაილაშქრა აჭარაზე. 1783 წელსსოლომონმა ისევ ილაშქრა აჭარაში. ქართულმა ლაშქარმა დახოცა მდინარე კინტრიშზე გამაგრებული ოსმალები. ამით ხელი შეუშალა ოსმალეთის განზრახვას, რომელიც აჭარა-გურიის მოსახლეობის გათურქებას მოიაზრებდა. იმერეთიდან ოსმალების განდევნის შემდეგ სოლომონ პირველმა აჭარის შემოერთება და იქედან ოსმალების განდევნა განიზრაღა, მაგრამ ამ დროს თავი იჩინა თავადურმა რეაქციამ და ორგულობამ. გურიელმა და დადიანმა მეფის გვერდით დგომის ნაცვლად ოსმალეთთან განაგრძეს მოკავშირეობა. ამით დადიანმა და გურიელმა საერთო ქართულ საქმეს დიდი ზიანი მიაყენეს, სოლომონ მეფემ თავგანწირვის ფასად ოსმალებს დასაყრდენი მოუშალა ძირძველ ქართულ მხარეში.
სოლომონ I-ის ჯანმრთელობა ბოლო ხანებში საკმაოდ გაუარესებული იყო, იგი ხშირად ავადმყოფობდა. ჩაქვის ბრძოლაში განცდილ მარცხს მძიმედ უმოქმედია სოლომონ მეფეზე. დაუსრულებელმა განსაცდელებმა, ტრაგედიებმა, ბრძოლებმა და შეთქმულებებმა საბოლოოდ მეფის ჯანმრთელობა შელახა. ამას დაემატა ის, რომ სოლომონმა ყველა ერთგული თანამებრძოლი დაკარგა. სახელოვანმა სარდალმა, რომელსაც მტერთან ბრძოლაში სერიოზული დამარცხება არ ახსოვდა, ნაჭიშკრევთან მძიმე მარცხი ძლიერ განიცადა. მისი სიკვდილი მაინც მოულოდნელი იყო. იგი გარდაიცვალა 1784 წ. 23 აპრილს, 49 წლის ასაკში, სწორედ იმ მომტენტში, როცა ცხენზე ამხედრებას აპირებდა ხონს გიორგობის დღესასწაულზე გასამგზავრებლად. მისი დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო აღორძინების გზაზე შემდგარი ქვეყნისათვის. მისი თანამედროვენი გარკვევით აღნიშნავენ, რომ სოლომონ მეფე ჩაქვში – ნაჭიშკრევთან ბრძოლაში განცდილი მარცხის გამო დარდს გადაჰყვა.
ნაჭიშკრევის ბრძოლის შედეგები უაღრესად მძიმე იყო იმერეთის სამეფოსათვის. ოსმალებმა ფოთში დამხამარე ზალები გამოგზავნეს, ქვემო გურია კვლავ დაიკავეს 1878 წლამდე ქვემო გურია ოსმალთა ბატონობის ქვეშ იყო.
წყაროები
ლევან ტყეშელაშვილი ,,იმერეთის მეფე სოლომონ I – დიდი“
საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ IV
მასალები საქართველოს ისტორიისათვის– შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მისი ძმების 1744–1840 წწ. 1905.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: