პური კანადიდან

პური კანადიდან

იატაკქვეშეთს ვეძახოდით, თორე ისე, ეს ადგილი ქავთარაძის ბოლოში, ირაკლი წერეთელის ბინაში, მე-5 სართულზე მდებარეობდა. სადაც ეგრეთწოდებული არაფორმალური ორგანიზაციის “ექსტრემისტები” ვიკრიბებოდით.
პრინციპში ამ დროს დასამალი არც აღარაფერი გვქონდა, უშიშროების თანამშრომლები ყოველი შეკრების წინ კორპუსის ეზოში კარგი დედმამიშვილებივით ლამის პირზე კოცნით გვესალმებოდნენ.
იმ დღესაც, რამდენიმე კაცი დილა-უთენია მივადექით ირაკლის ეზოს. ველოდებოდით როდის გაიღვიძებდა ბატონი სიდამონი (ირაკლის მამა) რომელიც თვალის დასანახად ვერ გვიტანდა ვერც-ერთს. ცოტახანში ირაკლიმ გადმოგვძახა – სიდამონი მაგარ პახმელიაზეა ეს ჯერ კიდევ კარგახანს არ გაიღვიძებს და ამოდითო.
ზვიადმა და მერაბმა ერთმანეთს გადახედეს.
-ავიდეთ, მეტი რა გზაა? – გვითხრა ზვიადმა და ნელა დავიძარით.
უფროსებს წინ ხომ არ გადავასწრებდი? თანაც ვფიქრობდი, თუ სიდამონს გაეღვიძა, პირველად ამათ მოუკითხავს ახლობლებს და მე ამასობაში კი მოვასწრებ კიბეებზე უკან დაშვებას მეთქი.
ბატონ სიდამონს ღრმად ეძინა და ჩვენც ფეხის წვერებზე ჩაუარეთ მის საძინებელ ოთახს.
აააფცხიიი…
– არ გადარჩენა თემურ – მიაწყევლა ლუიზა შაკიაშვილმა სუმბათაშვილს.
-სუმბათაშვილი კი არა ვერცერთი ვერ გადავრჩებით თუ სიდამონმა გაიღვიძა – ჩაიქირქილა გამსახურდიამ.
კოსტავამ დაბალი ტონით და ჩვეული სიდარბაისლით დაიწყო საუბარი.
– მე დარწმუნებული ვარ, პატიაშვილი დაუყონებლივ მოითხოვს ამ აქციის აღკვეთას. არ არის გამორიცხული ბევრი ჩვენგანი, რომ დააპატიმრონ, მაგრამ უნდა გვესმოდეს ძმებო…
– და დებოო… – ნაწყენი სახით გახედა ლუიზამ.
– კარგი რა ლუიზა… რა და, რის და? ბარე ჩემზე დიდი კვერცხები გკიდია შე ქალო.
გამოეპასუხა ნოდარ ნათაძე.
– მაგრამ ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ – განაგრძო კოსტავამ – ხომ გესმით?! ჩვენი გზა მართალია და სიმართლე გაიმარჯვებს!
აქციის საკითხებზე მსჯელობის შემდეგ საუბარი გამსახურდიამ დაიწყო.
– ახლა რა ხდება… კაგებეშნიკ, ნუგზარ ფოფხაძეს სდომებია ჩვენი ტელედებატებში მიწვევა. მე ვიცი ზოგადად, მისი პროვოკაციული კითხვები, თუ რა შინაარსის იქნება…
– მეც ვიცი ბატონო ზვიად – საუბარში ავთო იმნაძეც ჩაერთო – ვერ ნახეთ იმ დღეს თემურ ჩხიკვაძემ, მოამბეში რა მკითხა? დამოუკიდებლობის შემთხვევაში საქართველოს პურ-მარცვლელულს რუსეთი რომ აღარ მოაწვდის რას იზამთ, ხალხს რით გამოკვებავთო?
ამ დროს წერეთელი წამოხტა და იყვირა
– მაგათ შიგ ხომ არ აქვთ ვერ გავიგე?! რა რუსეთი?! გაიკვეხონ თავისი შავი ხორბალი! ჩვენ უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რომ რუსეთს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ! რა პრობლემაა არ მესმის? პურს კანადიდან შემოვიტანთ ძმებო! კანადიდან!
ამ ყვირილზე ბატონ სიდამონსაც გამოეღვიძა. შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი, ჭრელ ნიფხავში გამოწყობილმა და დოინჯ-შემორტყმულმა თვალი მრისხანედ გადაგვავლო. მზერა თავის ვაჟზე შეაჩერა
– რა თქვი ირაკლი, პურს საიდან შემოვიტანო?
– საიდან და კანადიდან! კანადიდან შემოვიტანთ!
– ირაკლიი, ისემც შენ მოგ….ან კეთილები და იმათაც ვინც შენ დაგიჯერებს! ორი დღეა გეხვეწები, დაბლა, შოთას მაღაზიიდან ორი ბუხანკის ამოტანას და იქიდან ვერ ამოგატანინე, შენ კანადიდან პურის შემომტანი ხარ შენი……… !!!!!!!!!!!!
***
მახსოვს, სიცილით ერთმანეთს ვაწყდებოდით. ჩვენს სიცილზე ბატონი სიდამონიც გამხიარულდა… მხოლოდ ეზოში დარჩენილი კაგებეშნიკები დარჩნენ გაოგნებულნი და ვერაფრით მიხვდნენ რა ხდებოდა იატაკქვეშეთის მე-5 სართულზე.

ნუგზარ სულა სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share