საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს ქვეყანა ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის 100 ათასი დოზას მიიღებს.
„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინური ვაქცინის ჩამოტანას. 100 ათასი დოზა იქნება ჩამოტანილი ჩინეთიდან. ჩვენ გავდივართ ჯანმოსთან კონსულტაციებს, როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში – დაგვრთავენ თუ არა ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა და შესაბამისად მოვიქცევით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|რა ვიცით Sinopharm-ის ვაქცინის, BBIBP-CorV-ის შესახებ – ქრონოლოგია
2020 წელი
იანვარი – პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი ინაქტივირებული ვაქცინის, BBIBP-CorV-ს (შეიცავს დაავადების გამომწვევ დახოცილ მიკრობ(ებ)ს) შექმნაზე მუშაობას იწყებს. კლინიკურ კვლევებს ჩინური ფარმაცევტული კომპანია, Sinopharm-ი ატარებს.
ივნისი – მკვლევრები აცხადებენ, რომ ვაქცინამ მაიმუნებში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა;
ასევე, კლინიკური კვლევების პირველმა და მეორე ფაზებმა აჩვენა, რომ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუწვევია და ადამიანის ორგანიზმს კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება.
ივლისი- არაბთა გაერთიანებული საამიროებში (United Arab Emirates) ვაქცინის კვლევის მესამე ფაზა იწყება.
აგვისტო- ვაქცინის კვლევის მესამე ფაზა მაროკოსა და პერუში იწყება;
14 სექტემბერი – არაბთა გაერთიანებული საამიროები Sinopharm-ის ვაქცინას საგანგებო მოხმარებისთვის ამტკიცებს.
13 დეკემბერი – ვაქცინას გამოყენებისთვის ბაჰრეინიც ამტკიცებს;
30 დეკემბერი – ჩინური ფარმაცევტული კომპანია, Sinopharm-ი ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათი კოვიდის ვაქცინა 79.34%-ით ეფექტურია;
31 დეკემბერი – ჩინეთი Sinopharm-ს მიერ შემუშავებულ კორონავირუსის ვაქცინას საყოველთაო მოხმარებისთვის ამტკიცებს;
2020 წლის 3 იანვარი: ეგვიპტე Sinopharm-ის ვაქცინას საგანგებო მოხმარებისთვის ამტკიცებს;
|როგორ მოქმედებს Sinopharm-ის კორონავირუსის ვაქცინა – BBIBP-CorV
BBIBP-CorV-ი ადამიანის იმუნურ სისტემას კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება.
ანტისხეულები ვირუსის ცილას, ე.წ. სპაიკ პროტეინს, რომლის საშუალებითაც ვირუსი უჯრედს აინფიცირებს, ბლოკავენ.
|როგორ შეიქმნა BBIBP-CorV
პეკინის ინსტიტუტის მკვლევარებმა BBIBP-CorV- ის შესაქმნელად, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ორგანიზმში დასუსტებული ან უვნებელი კორონავირუსის უჯრედების შეყვანას გულისხმობს.
კერძოდ, მეცნიერებმა კორონავირუსი ჯერ ბიორეაქტორებში გაამრავლეს. რეპროდუქციის შემდეგ მათ კორონავირუსები ბეტა-პროპიოლაქტონის ხსნარში მოათავსეს, რითაც ვირუსებს გამრავლებისა და ზიანის მიყენების უნარი სრულიად შეუზღუდეს.
შემდეგ მათ ინაქტივირებულ ვირუსებს ალუმინზე დამზადებული დამხმარე საშუალება – ადიუვანტი შეურიეს. ადიუვანტები იმუნური სისტემას ასტიმულირებს და ვაქცინის ეფექტურობას ზრდის. ვაქცინაციის მომენტში ადამიანის მხარში სწორედ უვნებელი ვირუსისა და გამანეიტრალებელი ხსნარის ნარევი შეჰყავთ.
ინექციის შემდეგ BBIBP-CorV ორგანიზმს იმუნური რეაქციის განვითარებაში ეხმარება. კერძოდ, ის ადამიანის იმუნურ სისტემას ასწავლის თუ როგორ აღიქვას კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურები უცხო სხეულად, შეებრძოლოს, დაამარცხოს და მათ შესახებ ინფორმაცია სამომავლო გამოყენებისთვისაც შემოინახოს.
ინაქტივირებულ ვირუსებს მეცნიერები ვაქცინების დასამზადებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ. კერძოდ, ჯონას სალკმა 1950-იან წლებში ისინი პოლიოს ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა. ინაქტივირებული ვირუსები აქტიურად გამოიყენება ცოფისა და ა ჰეპატიტის ვაქცინების შესაქმნელადაც.
|რამდენად უსაფრთხოა Sinopharm-ის ვაქცინა?
Sinopharm-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობა 60 000-მა ადამიანმა მიიღო. თუმცა, კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
ჩინეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლის, ზენგ იქსინის განცხადებით, ვაქცინის დამტკიცების მიუხედავად, კლინიკური კვლევები კვლავ მიმდინარეობს და ფარმაცევტული კომპანია ვალდებულია მიღებული მონაცემები ხელისუფლებას წარუდგინოს.
იმ ადამიანების 0,1%-ს რომლებსაც Sinopharm-ს კორონავირუსის ვაქცინა უკვე გაუკეთეს, უმნიშვნელო სიცხე დაუფიქსირდათ.
ზენგ იქსინის განცხადებით, მილიონში ორ ადამიანს „სერიოზული გვერდით რეაქციები“ განუვითარდა, როგორიცაა ალერგია.
მომზადებულია NY times-ისა და CNN-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge