სიკვდილზეც კი ნალაპარაკები გვაქვს. მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხო ბაბუჩემის, მამაჩემის და ჩემი წინაპრების გვერდითო – ქართველი ლეგენდის, ანზორ ერქომაიშვილის შესახებ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ბოლო სამი დღეა, ყოველი დილის გათენებას შიშით ველოდი. როცა დილაუთენია ჩემმა შვილმა დამირეკა, ტელეფონზე პასუხიც არ მინდოდა.. ასე დილაადრიან არასოდეს მირეკავს. და მაინც, ანზორ ერქომაიშვილი აღარ არის. მის ღვაწლზე, დამსახურებაზე ერის და ქვეყნის წინაშე მე არაფერს ვიტყვი. უბრალოდ ვერ ვიტყვი იმაზე მეტს და იმაზე უკეთ ვიდრე მან აკეთა. ეს სხვა ისტორიაა. დედაჩემი და ანზორი კლასელები იყვნენ… დიდი მეგობრები. ისე მოხდა, რომ ძალიან ადრე დავობლდი . თუ კი რამე კარგი და სასარგებლო ვისწავლე ან გავაკეთე ამ ცხოვრებაში, ყველაფერი ამ დიდი კაცის შთაგონებით და დამსახურებით.
ბებიაჩემს რატომღაც დაჩემებული ჰქონდა რომ მაინცდამაინც მუსიკის მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი. (არადა არც ხმა მქონდა და არც სმენა) .. როგორც მოგვიანებით მივხვდი ანზორის ეიმედებოდა.. იმ პერიოდში ანზორი მუსიკალური ათწლედის დირექტორი იყო და ალბათ ეგონა მომიხერხებდა რამეს..
მოკლედ მუსიკალური შვიდწლედი რომ დავამთავრე და გაჭირვებული სამიანების ატესტატი მომაშავეს, ბებიაჩემმა ჩემი მუსიკალურ ათწლედში გამწესება გადაწყვიტა. სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი ამ ამბავს .. ბებაჩემმა ანზორთან მიჩივლა.. გურიაში ჩამოსულმა მკითხა -რეიზა ანერვიულებ ბიძია ბებიაშენს?… ვუთხარი თუ გინდა შეგარცხვინო და თავი მოგჭრა იმ ათწლედში, კი ბატონო წამიყვანეთ, მარა არც ხმა მაქვს, არც სმენა, მარტო სინდის-ნამუსი მაქვს და აი ბებიაჩემი მაგის დაკარგვასაც მთხოვს მეთქი..
– მთავარი გქონია ბიძია აბა ცხოვრებაში, დანარჩენს ეშველებაო – ასე მითხრა. მას მერე ბებიაჩემს ჩემს მუსიკალურ კარიერაზე ხმა აღარ ამოუღია. იმ წელს უნივერსიტეტში მე და ჰამლეტ გონაშვილის შვილი ვაბარებდით. ჰამლეტი უკვე გარდაცვლილი იყო. ასე ვთქვათ ორი ობოლი ვყავდით საპატრონო. აქეთ ანსამბლის რეპეტიციები, იქეთ უამრავი საქმე, მაგრამ ხან იმის გამოცდებზე დარბოდა და იხრუკებოდა მაღლივში მზეზე და ხან ჩემსაზე.
ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ჯერ ალდონას და ეთერის გაკეთებული ხაჭაპური, მერე ლალის გაკეთებული ცხელი გლინტვეინი მიყვარდა და მივიდოდი თუ არა “ქუხნაში“ გავრბოდი. მერე ვიჯექით და საათობით ვლაპარაკობდით ათას რამეზე.. ერთხელ მითხრა: მე როგორც მიყვარხარ ასე კიდე ერთ ორ ადამიანს თუ უყვარხარ მეტი აღარ გინდაო.
-ანზორ ერქომაიშვილს თუ ვუყვარვარ აწი სხვისი სიყვარული რაღა მაქნისია თქო? კიდევ სხვამ, უფრო უკეთესმა ვინღა უნდა შემიყვაროს მეთქი? სიკვდილზეც კი ნალაპარაკები გვაქვს. მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხო ბაბუჩემის, მამაჩემის და ჩემი წინაპრების გვერდითო.
ვეხუმრე, კი მარა ხალხი დიდუბის პანთეონს არ კადრულობს, მთაწმინდა უნდათ, სიცოცხლეში თავს იკლავენ, ვინ სად დაიმარხება და შენ მაკვანეთში რა მიგარბენინებს მეთქი? მიპასუხა იქაა ჩემი ფესვი, ჩემი გენი .. იქაა ჩემი საძვალე და ადგილი ამ სამყაროშიო. არ ვიცი ვის მივუსმძიმრო,საკუთარ თავს, ლალის, ალდონას, საქართველოს თუ მთელს სამყაროს. ის ვიცი რომ, კიდევ ერთხელ დავობლდი…” – წერს ანზორ ერქომაიშვილის მეგობრის შვილი.