ლევან ჯიქია – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში
$ 3. გურია (ოზურგეთის მაზრა)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელ გურიაში მიტინგები იმართებოდა. 1922 წლის 23-24 მაისის ღამეს გურიის სოფლებს შეიარაღებულმა პირებმა ჩამოუარეს, რომლებმაც ადგილობრივი გლეხები გააფრთხილეს მიტინგის ჩასატარებლად სად და რა დროს მისულიყვნენ. 1922 წლის 24 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში მიტინგი გაიმართა. მიტინგს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსალოდნელი დარბევის აღკვეთის მიზნით შეიარაღებული რაზმი იცავდა. ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა მიტინგის დარბევა სცადეს. დაიწყო ორმხრივი სროლები. კომუნისტმა ილარიონ ღლონტმა მიტინგის ერთ-ერთი დამცველი მალაზონია მოკლა. ამის საპასუხოდ მიტინგის დამცველებმა კომუნისტი
ი. ღლონტი მოკლეს, დაიჭრა ორი კომუნისტი. ხანგრძლივი ორმხრივი სროლების შემდეგ მომიტინგეები გაიქცნენ. 1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი სუფსის რაიონის სოფელ ჩოჩხათში გაიმართა. აქაც მომიტინგეებსა და მილიციელებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. მომიტინგეებმა მილიციელებისათვის იარაღის აყრა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს მომიტინგეებმა მაუზერიდან სუფსის რაიონის მილიციის უფროს გობრიძეს ესროლეს, მაგრამ გობრიძეს ტყვია აცდა.
იმავდროულად მომიტინგე გიორგი გუჯაბიძემ ერთ-ერთი მილიციელისათვის თოფის წართმევა სცადა, თუმცა ის იქვე მოკლეს. მილიციელებმა მომიტინგეების მისამართით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ოთხი მომიტინგე დაიჭრა. მომიტინგეების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დააპატიმრეს. დაპატიმრებულები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. 1922 წლის 24 მაისს ლანჩხუთში მიტინგი ფაქტიურად არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლანჩხუთის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მიტინგის ჩატარებით აღინიშნა. სოფელ შუხუთში მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეებმა კომუნისტი მელიტონ ორაგველიძე მოკლეს. მომიტინგეების მხრიდან კი ერთი ქალი დაიჭრა. მომიტინგეების უმეტესობა დააპატიმრეს.
დაპატიმრებულებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები ჩამოართვეს. საბჭოთა ხელისუფლებამ სოფელ ნიგვზიანში მიტინგი ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე დაშალა. სოფელ ჩიბათში მიტინგის დამშლელებს მომიტინგეებმა რევოლვერებიდან გასროლითა და ქვების სროლით უპასუხეს. მომიტინგეებმა ადგილობრივ სამმართველოში შეჭრა სცადეს, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მომიტინგე. სოფ. ჩიბათში სულ 150 მომიტინგე შეიპყრეს, მათ შორის ქალები. მიტინგის აქტიური წევრები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. ჩოხატაურის რაიონში ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მიერ წინასწარ მიღებული ზომების შედეგად ანტისაბჭოთა მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომარის რაიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგები საბჭოთა ხელისუფლებამ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე დაშალა. ხიდისთავის რაიონში მიტინგები ალაგ-ალაგ ჩატარდა. ერთი მიტინგი სოფელ ფიჩხისჯვარის ეკლესიის ეზოში გაიმართა. მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეებს მილიციის უფროსის ჭანიშვილის მეთაურობით ადგილობრივი მილიციელები და კომუნისტები თავს დაესხნენ. ჭანიშვილმა მიტინგის ხელმძღვანელს სერგო წიტაიშვილს და ერთ-ერთ მომხსენებელს ისიდორე ლომთათიძეს სასწრაფოდ მიტინგის დაშლა უბრძანა. იმავე დროს, მომიტინგეებს მაუზერებითა და შაშხანებით შეიარაღებულმა მიტინგის დამცველებმა ალყა შემოარტყეს და შეკრებილებს ურჩიეს მილიციელების შიშით არ დაშლილიყვნენ.
მომიტინგეებმა მილიციის მიმართულებით ბომბი ისროლეს, რომელიც იქვე მდგარ ცაცხვის ხეს მოხვდა, ბომბმა პირი იბრუნა და მომიტინგეეების სიახლოვეს გასკდა. ბომბის გასკდომას მომიტინგეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ მილიციელებმა მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. მომიტინგეები მათ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამ ჭიდილში დამშლელთა მხრიდან ჟოჟო სიმონიშვილი და აკაკი ფირცხალაიშვილი დაიჭრნენ (ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაიცვალა), მომიტინგეების მხრიდან დაიჭრნენ სერგო წიტაიშვილი და 15-მდე
ქალი და კაცი. მომიტინგეებმა გაქცევის დროს დაღუპული მომიტინგეების ცხედარი გაიტაცეს. მიტინგის დაშლის დროს შეიპყრეს ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ (გრიშა) ჭანიშვილი და სხვ. სულ 15 მომიტინგე.
დაპატიმრებულები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს. 1922 წლის 24 მაისის დილის 12 საათისათვის ანტისაბჭოთა მიტინგი მთელ გურიაში დაშლილი იყო (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #324, ფურცელი 221-221ა). 1922 წლის 22 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა ოზურგეთის მაზრაში ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ხუთეულის მოღვაწეობა მოიწონა, რომელსაც სათავეში ალექსანდრე ობოლაძე ედგა. ა. ობოლაძემ კარგად გამოიყენა თავისი უფლებები და `ბანდიტებისათვის~ხელშეწყობის ბრალდებით ბევრი უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა. საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად იყენებდა პატრიოტების წინააღმდეგ ნამდვილ ბანდიტებს: მანწკავას და მის ჯგუფს ღლონტს, კვაშალს, ჩიგოგიძეს, ლოლაძეს, სირაძეს, ანდღულაძეს, მაშავას, თოფურიას და სხვებს, რომლებიც ადრე ყაჩაღობისათვის იხდიდნენ სასჯელს. ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ იმ იმედით
გაათავისუფლა, რომ ანტისაბჭოთა რაზმების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდა. ზოგიერთი მათგანი სამაზრო ადმინისტრაციაში, საგანგებო კომისიაში და სხვა დაწესებულებაში სამუშაოდ მიიღეს. პირველად მანწკავა ხელისუფლებამ 1921 წლის აღდგომის დღეებში სერგო მათითაიშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ჯგუფის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთში 1921 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევაში. მანწკავას ჯგუფის რამდენიმე წევრს მთავრობამ არაკეთილსაიმედო პირების ლიკვიდაცია დაავალა. ეს ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოკლულ ჩიგოგიძეს 25 კაცის სია აღმოუჩინეს. ეს 25 კაცი ჩიგოგიძეს ვითომდა პირადი ინტერესის გამო უნდა გაენადგურებინა. დიდი მცდელობის მიუხედავად საგანგებო კომისიამ მანწკავას რაზმის თავისი შეხედულისამებრ მართვა ვერ შეძლო და მალე ყაჩაღთა ეს ჯგუფი ხელისუფლებისათვის საშიშ ძალად იქცა. მანწკავას ბანდასთან ბრძოლაში 1923
წლის თებერვალში დაიღუპნენ: ა. ობოლაძე, სანიკიძე, ჩუბინიშვილი. ამის შემდეგ გურიას რეპრესიების ახალმა ტალღამ გადაუარა, დაწვეს რამდენიმე სახლი, ოზურგეთის სატუსაღოდან 13 კაცი გამოიყვანეს და ა. ობოლაძის მკვლელობის ადგილას დახვრიტეს. რამდენიმე დღეში ოზურგეთში ი. ტალახაძე ჩავიდა დადამსჯელ ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #1, საქმე #60, ფურცელი 134).
გურიაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობას გურიის კომიტეტი წარმართავდა. გურიის კომიტეტში შედიოდნენ: გიორგი სალუქვაძე, აკაკი ვადაჭკორია და პროკოფი კიღურაძე (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #23489, ფურცელი 16). გ. სალუქვაძე კონსპირაციის მიზნით ატარებდა ფსევდონიმებს: `ამირანი~, `გოჯაფერი~ და `რევაზი~. გურიის სამხედრო ორგანიზაციას ვანო ცომაია ხელმძღვანელობდა, გვარდიის შტაბში გიორგი სალუქვაძე, პარმენ ჭანუყვაძე, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია და გოგი ლომთათიძე შედიოდნენ. შეიარაღებულ რაზმს სათავეში ს. მათითაიშვილი ედგა. პროპაგანდისტებად მიხეილ საბაშვილი და ვასილ ჩიტაიშვილი იყვნენ. თბილისთან კავშირს ჭეიშვილი ახორციელებდა. ჭეიშვილი 1923 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა, სადაც შვიდი დღე დარჩა. თბილისიდან გურიაში ჭეიშვილმა ორი ყუთი სხვადასხვა სახის ლიტერატურა წამოიღო. ღამე ჭეიშვილმა თავის ნაცნობ
დიმიტრი თოთიბაძესთან გაათია. გამთენიისას ის სოფელ მელექედურში წავიდა, სადაც ვ. ჩიტაიშვილსა და გ. სალუქვაძეს შეხვდა. გურიის კომიტეტს მაზრის ყველა დაწესებულებაში თავისი აგენტურა ჰყავდა. დაზვერვას აკაკი ვადაჭკორია ხელმძღვანელობდა (მისი ფსევდონიმი `აფროდიტე~ იყო). ოზურგეთის პოლიტბიუროში გურიის კომიტეტს ინფორმატორად იმავე დაწესებულების თანამშრომელი ჰყავდა, რომლის ფსევდონიმი `იორამი~ იყო. თავის მხრივ დაზვერვასა და ინფორმატორებს აქტიურად იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება. 1924
წლის 6 ივლისს ოზურგეთის სამაზრო პოლიტბიუროს რწმუნებულმა შავიშვილმა მასთან კავშირზე მყოფ ინფორმატორ `დინჯს~ დავალება მისცა, კიდევ უფრო დაახლოებოდა ვანო ცომაიას და დახმარებოდა ის ოზურგეთის პოლიტბიუროს ვ. ცომაიასა და სხვა პირების დაკავებაში. ამის სანაცვლოდ შავიშვილი `დინჯს~ თითოეულ დაკავებულ პიროვნებაში 200 მანეთს ჰპირდებოდა. 1924 წლის 8 ივლისს `დინჯი~ შავიშვილს ატყობინებდა, რომ ხვალ ან ზეგ ის ერთი პიროვნების დახმარებით ოზურგეთთან ახლოს ვ. ცომაიასა და გ. სალუქვაძეს შეხვდებოდა. ოზურგეთის პოლიტბიურომ გადაწყვიტა ინფორმატორი `დინჯი~ მეთვალყურეობის ქვეშ აეყვანა. დაკავების ოპერაციაში ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსის
მოადგილე ვლადიმერ შარმაზანაშვილი, პოლიტბიუროს თანამშრომლები თედო შავიშვილი და პოლშინი, პოლიტბიუროს ინფორმატორები `ზორსკი~ და `რაკი~ და რამდენიმე მეთვალყურე მონაწილეობდა.
1924 წლის 9 ივლისს, დილის 8 საათზე,ინფორმატორ `დინჯთან~ ერთი უცნობი ქალბატონი მივიდა, რომელმაც `დინჯი~ ვ. ცომაიასთან და გ. სალუქვაძესთან მიიყვანა სოფელ დვაბზუში სიმინდის ყანაში. აქ ჩეკისტებმა ვ. ცომაია, გ. სალუქვაძე და `დინჯი~ აიყვანეს. ვ. ცომაია გაქცევას შეეცადა, მაგრამ ის ჩეკისტებმა ფეხში დაჭრეს. გ. სალუქვაძემ ერთ-ერთი
ჩეკისტისათვის პისტოლეტის წართმევა სცადა, მაგრამ ამაოდ. ვ. ცომაიასთან და გ. სალუქვაძესთან ერთად ოზურგეთის პოლიტბიუროში ინფორმატორი `დინჯიც~ გადაიყვანეს (ენდელაძე 2003: 60-62). ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს ინფორმატორ `მაუზერს~ ს. მათითაიშვილის რაზმის წევრ ანდრო თავბერიძესთან ჰქონდა კავშირი (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 667). `მაუზერის~ მიერ ს. მათითაიშვილის ადგილსამყოფელის დადგენისთანავე გადაწყდა 1923 წლის 2 ივნისისათვის სპეცოპერაციის ჩატარება. ს. მათითაიშვილი
ამ დროს თ. მუხაშავრიასთან, ურუშაძესთან და ინაშვილთან ერთად ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვარში იმყოფებოდა (სუიცსა, ფონდი #285, აღწერა #1, საქმე #652, ფურცელი 39). სპეცოპერაციას პოლშინი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მოხდა კი პირიქით. ღამის პირველ საათზე ს. მათითაიშვილმა თვითონ მოუწყო ჩასაფრება პოლშინს და მის მეგობრებს. ხანგრძლივი სროლების შემდეგ ს.მათითაიშვილი და მისი რაზმელები გაიქცნენ და ადგილზე ნაბდები, ქურქები და ერთი შაშხანა დატოვეს. ამასთან, ამ სპეცოპერაციის დროს ინფორმატორ
`მაუზერის~ საქმიანობა გამოაშკარავდა, რის შემდეგაც ს. მათითაიშვილის რაზმელები მას უკვე არ ენდობოდნენ (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #28, ფურცელი 667).
1924 წლის 2 თებერვალს გურიაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია გაიმართა. ამ დღეს დელეგატებმა თბილისიდან ჩამოსული ვანო ღლონტისაგან საქართველოში აჯანყების მოწყობის თაობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილება მოისმინეს.
მოგვიანებით გურიაში პარიზიდან ახლად ჩამოსული სოციალ-დემოკრატი ვალიკო ჯუღელი ჩავიდა. ვ. ჯუღელმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის სამაზრო კომიტეტს და სამხედრო შტაბს ახალი ამბები აცნობა. მეორე დღეს გაიმართა კრება, რომელსაც გურიის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სალუქვაძე, სამხედრო შტაბის თავმჯდომარე პოლკოვნიკი ვანო ცომაია და სარაიონო შტაბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებაზე აჯანყების ორი გეგმა იქნა შემუშავებული: 1. აჯანყების პირველ ღამეს ოზურგეთის აღება, შემდეგ კი რაიონებზე თავდასხმა. გარდა ამისა, გურული აჯანყებულები ბათუმის და ქუთაისის აჯანყებულებს უნდა დახმარებოდნენ. ტექნიკურად #1 გეგმა ასე უნდა შესრულებულიყო: ოზურგეთის რაიონში მყოფი აჯანყებულების რაზმი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტისმეტად სუსტი იყო, მარტო თავისი ძალებით ქალაქის აღება არ შეეძლო. ამიტომ თითოეულ რაიონს ქ. ოზურგეთის ასაღებად 50 მებრძოლი უნდა გამოეყო, ანუ მთლიანობაში _ 150 კაცი 2 ტყვიამფრქვევით. ამ სამხედრო ძალას ქ. ოზურგეთის სამხედრო ძალა უნდა დამატებოდა. გარდა ამისა, ს. მათითაიშვილის გეგმის შესაბამისად, ხიდისთავის რაზმი მთლიანად ქ. ოზურგეთის ასაღებად უნდა დაძრულიყო; 2. გეგმა #2 კი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მომხდარიყო თავდასხმა რაიონებზე, სადაც ძალაუფლების სრულად მოპოვების შემდეგ შეერთებული ძალებით განხორციელდებოდა ქ. ოზურგეთზე გალაშქრება.
ოზურგეთის რაიონში პარმენ ჭანუყვაძის შეიარაღებული რაზმი იმყოფებოდა. საჭირო იყო პ. ჭანუყვაძისათვის აჯანყების გეგმის გაცნობა, რათა ამ უკანასკნელს თვითნებურად არ ემოქმედა. სწორედ ამ მიზნით პ. ჭანუყვაძესთან მოსალაპარაკებლად გ. სალუქვაძე და ვ. ცომაია გაემართნენ, მაგრამ ორივე მათგანი გზაში ჩეკისტებმა დააპატიმრეს. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებდა, რომ ვანო ღლონტი ამ დროისათვის დაჭრილი იყო, ვასო ჩიტაიშვილი კი არალეგალური მუშაობისათვის ბათუმში გადაიყვანეს. გ. სალუქვაძე გურიის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა შეცვალა (გოგიბერიძე 1991: 57-63), ვ. ცომაიას შემცვლელად თბილისიდან სოლომონ ყარალაშვილი გამოგზავნეს (ზალდასტანიშვილი 1989: 21). ს. ყარალაშვილი გურიაში ჩასვლამდე ჯერ ბათუმში ჩავიდა, სადაც იგი დააპატიმრეს. ამას ვ. ჯუღელის დაპატიმრებაც დაემატა, რამაც მთელ გურიაში ძალიან არასასურველი განწყობა შექმნა (გოგიბერიძე 1991: 57-63).
1924 წლის 20 აგვისტოს გურიის კომიტეტს საქართველოს დამკომის წარმომადგენელი ქავთარაძე ესტუმრა, რომელსაც გურიაში აჯანყებისათვის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა გაეწია (ზალდასტანიშვილი 1989: 21). 1924 წლის 26 აგვისტოს დღის პირველ საათზე თბილისიდან გურიაში დამკომის კურიერი ჩავიდა, რომელმაც გურიის კომიტეტს აჯანყების თარიღი აუწყა. გურიის კომიტეტმა თავის მხრივ 1924 წლის 27 აგვისტოს გურიის ყველა რაიონის მეთაურს აჯანყების თარიღი აცნობა. ამასთანავე გურიის კომიტეტმა გადაწყვიტა აჯანყება
გურიაში გეგმა #2-ის შესაბამისად განეხორციელებინა (გოგიბერიძე 1991: 65-68). ფხიზლად იყო გურიის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება და ოზურგეთის მაზრის ყველა პარტიული ორგანიზაცია ფეხზე დააყენა. 1000-მდე კომუნისტის მობილიზება მოხდა, რომლებიც 1924 წლის 7 ივნისამდე სხვადასხვა საგუშაგოებზე იდგნენ დარაჯებად. 7 ივნისს კი მობილიზებული ძალებიდან ოზურგეთში, ლანჩხუთში, სუფსაში და ჩოხატაურში 120 კაცი დატოვეს (სშსსა (III), ფონდი #14, აღწერა #2, საქმე #45, ფურცელი 76).