მიჭირს იმ ადამიანების მოსმენა და მიღება, საუბრის მანერით და დაყენებული დიქციით რომ ორატორობენ, სულიერებას რომ ირგებენ და შორს გამიზნული ამბიციების ტყვეობაში სიჩუმითაც რომ იტყუებიან… ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი… ვერც გული და ვერ გონება ვერ იტევს… უკვე დიდი ხანია ვაკვირდები მოვლენებს და მართლა ძალიან მიჭირს იმ ,,ღიმილის” მიღება, მომაკვდინებელ ისარზე უარესი რომ არის… იმ ,,სანუგეშო” სიტყვის მოსმენა, სიყალბის პიკს რომ აღწევს… იმ ,,მარხვის” დანახვა, თვალებით რომ გჭამს… ასეა… საუკუნეებია ქრისტეს აღდგომას ზეიმობს და ლიტანიობს კაცთა მოდგმა, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება… ეს ყველაფერი სპექტაკლს გავს… ერთი ადამიანის ჯვარცმის სპექტაკლს… ნაწილი რომ ჯვარცმაში იღებს მონაწილეობას და მეორე ნაწილი ჯვარცმულს რომ დასტირის… სინამდვილეში კი რამე რომ იყოს, თავადაც სიამოვნებით გააკრავდა ჯვარს მისთვის მიუღებელ ადამიანს… ეს ჩემი აღსარებაა… გულწრფელი ამბავი, რომელიც არ დამეტია… ყოველწამიერად უფრო ვრწმუნდები, არც ღამისთევა, არც დაზეპირებული ლოცვები, არც დოგმატური მარხვა არაფერს ცვლის, თუ ეს ყველაფერი შინაგანი არ არის… თუ ეს ყველაფერი სულს, გულს და გონებას არ შეცვლის… ლევ ტოლსტოის აქვს გენიალური რომანი ,,აღდგომა”… ქრისტეს აღდგომა ჩვენ ვერ შეგვეხება, თუ ციდვისთვის, ბოროტებისთვის არ მოვკვდით და საკუთარ თავში აღდგომა ვერ განვიცადეთ… ჩვენც უნდა აღვდგეთ ჩვენ მანკიერებებში და მერე ოდნავ მაინც გავიგებთ, რა არის ჯვარცმის და აღდგომის მისტიკა… მანამდე არც შეღებილი კვერცხები და არც ულამაზესად გამომცხვარი ხატისპურები ნიშნავს რამეს… რაც არ უნდა გადავაწითლოთ სიციალური ქსელები, ჩვენი განწირული ბღავილი ,,ქრისტე აღდგა” არაფერს შეცვის… ბევრს იმ ხატისპურის საშუალებაც არ გააჩნია… ჰოდა, ნერეყვს ყლაპავს ინტერნეტში ,,გაშლილი სუფრის” შემყურე… ქრისტე უპოვარებისთვის, მონანულებისთვის, ჭეშმარიტი მლოცველებისთვის, მმარხველებისთვის, სიყვარულით გაჯერებულებისთვის აღდგა!…
მამა პეტრე (კვარაცელია)