“მას [ზურა ჯაფარიძეს] მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით”

“მე მინდა ვთხოვო ბ-ნ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს. ის “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი განცხადება, რომ სახელმწიფო კორონავირუსს ვერ უმკლავდება, ტყუილია.

თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით კი ცერცვაძე წერს, რომ მან საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

…მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის, – წერს ცერცვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share