ვალერიან კოტრიკაძე, 71 წლის, ჩოხატაურის რაიონი სოფელი ბუკნარი.
მე ვარ ვაკოს ბაბუა. მისი დაბადებისას უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა პრობლემები, არ ამყარებდა თვალით კონტაქტს, საუბრობდა მესამე პირში და ერთი და იგივე წინადადებებს იმეორებდა, რამაც დაგვაეჭვა და წავიყვანეთ სპეციალისტთან. 4 წლის ასაკში ვაკოს დაესვა აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი.
მიზნად დავისახე ძალღონე არ დამეშურებინა და მისი განვითარებისთვის მებრძოლა.აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სახელი და მამის სახელი ერთი გვაქვს, ერთ ადამიანად ვიქეცით, დავიწყეთ ნოლიდან და მიხარია, რომ ერთად მივაღწიეთ შედეგს.
ყოველდღიურად ვცდილობ მის ჩართულობას და დამოუკიდებლობის წახალისებას. ვისწავლეთ ველოსიპედის ტარება, მეტყველება, საკუთარი სურვილების გამოხატვა, ინსტრუქციების შესრულება. ვითვალისწინებ ყველა სპეციალისტის რეკომენდაციას და სახლში ყოველდღიურობას ვარგებთ. ყველაზე მთავარი ჩემი მიზანი მისი დამოუკიდებლობა იყო. ამისათვის ვყიდულობდი ბანანს მაღაზიაში და ვტოვებდი, შემდეგ ვაგზავნიდი ვაკოს ველოსიპედით და ვატანდი ფულს, რომ მას დამოუკდიებლად ესწავლა მაღაზიაში სიარული. ასევე, სახლში გამოუყავი მისი საკუთარი პატარა ნაკვეთი, რომელზეც მას დამოუკიდებლად მოყავს ბოსტნეული.
ვაკო 17 წლისაა და რა თქმა უნდა, დადის სკოლაში. ძალიან კარგი სპეც მასწავლებელი გვყავს, რომელიც გვეხმარება საგაკვეთილო პროცესში.
ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა, როცა მიმიწვიეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა ტრენინგზე თბილისში. ყოყმანის მიუხედავად ჩავერთე ტრენინგში და მალე სამოქალაქო აქტივისტადაც გადავიქეცი. ყველა ბავშვში ჩემს ვაკუნას ვხედავ. ტრენინგმა კი გადამაწყვეტინა, რომ მათაც დავხმარებოდი.
დავბრუნდი რეგიონში და ჩვერთე პროექტში, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთისა და ჩოხატაურის მაშტაბით ჩავატარეთ კვლევა. კარდაკარის პრინციპით შემოვიარეთ ყველა ოჯახი და ბევრი მათგანის ცხოვრება შევცვალეთ. ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანო სერვისების განვითარებაში და შშმ პირთა თემის გაძლიერებაში.
ჩემი სამომავლო გეგმაა ვაკოს დასაქმება. ნელ-ნელა ვცდილობთ პროფესიის შერჩევას და ამ კუთხით განვითარებას. ძალიან მინდა რომ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, რათა ვაკოს შევუქმნა ყველა პირობა, იმისათვის, რომ მან ჩემს გარეშე შეძლოს ცხოვრება.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი