საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის გაუფასურება ოპოზიციის აქციებს დააბრალა. განცხადება მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, “შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე”.
“ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიქტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოვლენებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკური დაძაბულობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, არ არის ეს რთული მისახვედრი, ემპირიულადაც ჩანს”, — აცხადებს მაჭავარიანი.
კომერციულ ბანკებში ერთი ევროს ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსს, 4 ნოემბრის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 3,9042 ლარია, ხოლო ერთი დოლარის — 3,3409.