ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ საქართველოს რუკაზე გამოსახულია ქართული სამეფო-სამთავროების დროშები, მათ შორისაა გურიის სამთავროს დროშაც, რომელზეც გამოსახულია ირემი და რვაქიმიანი ვარსკვლავი. დროშაზე გამოსახულ ნიშანთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, რადგანაც ზოგიერთი სპეცილისტის აზრით დროშაზე გამოსახული არის არა ირემი, არამედ შველი, ზოგის აზრით კი დროშაზე ფურირემია გამოსახული, რაც ჩემი აზრით რეალობასთან უფრო ახლოსაა. გერბზე საუბრისას აუცილებად უნდა აღინიშნოს, რომ ვახუშტი ბატონიშვილი გახლდათ რომაულ/ბიზანტიური და ევროპული ხელოვნების, ფილოსოფიის, ლიტერატურის, კარტოგრაფიისა და ჰერალდიკის საუკეთესო მცოდნე, რამაც სავარაუდოდ დიდი გავლენა იქონია 1735 წლის ატლასის შედგენაზე.
რვაქიმიანი ვარსკვლავის ანუ ოქტაგრამას დროშაზე არსებობა და მისი მნიშვნელობის განარტება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგანაც იგი ქრისტიანული სიმბოლო – ბეთლემის ვარსკვლავი გახლავთ, რომელიც გზას უნათებდა ახლადშობილ ისესოსთან მიმავალ მოგვებს. ამასთანავე მიიჩნევა, რომ ოქტაგრამა იგივეა რაც ოთხქიმიანი ვარსკვალვი და თავისი არსით ჯვრის ანალოგს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე ოქტაგრამა ხშირად გამოიყენება ქრისტიანული ქვეყნების ჰერალდიკაში.
რაც შეეხება ირმის ან/და შველის გურიის დროშაზე გამოსახვის განმარტებებს, როგორც ისტორიკოსების ისე ჰერალდიკოსების ნაშრომებში ვერ მივაგენი. თუმცა ამ საკითხზე გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძლევა ქვემოთ მოყვანილი გარმოებები.
უნდა აღინიშნოს, რომ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ ატლასის შედგენისას 1735 წელს გურიის სასულიერო, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი გახლდათ ქვემო გურია ანუ დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტი, გურიის ეს ნაწილი ხინოს ეპარქიას წარმოადგენდა (გურიაში იყო სამი ეპარქია – ხინოს, შემოქმედის და ჯუმათის), ხოლო მთელი გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ალამბარი-მუხაესტატეს ტერიტორია.
1877 წლის 14 აპრილს რუსეთის არმიის ნაწილებმა გურიის მილიციასთან ერთად ბრძოლებით დაიკავა მუხაესტატეს სიმაღლეები. მაშინდელ რუსულ წყაროებში აღწერილია მუხაესტატეს და ხუცუბნის სიმაღლეები, მათ შორის საინტერესოა ინფორმაცია სოფელ მუხაესტატეს სახელწოდების წარმომავლობაზე, რომელიც ასახულია ალენ უილიამის ნაშრომში „ბრძოლა კავკასიისათვის“ – „დასახელება მუხა-ესტატე ნიშნავს წმინდა ისუტასის მუხას, რომელიც არის გურულების მფარველი წმინდანი“.
ზემოხსენებული ფაქტი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი უნდა იყოს გურიის დროშაზე ასახული სიმბოლიკის ახსნასთან დაკავშირებით, კერძოდ საინტერესოა რომაელი მხედართმთავრის ევსტატე პლაკიდას (წმინდა იუსტასი) მოქცევის ისტორია, რომლის მიხედვითაც ნადირობისას ირემს დადევნებულმა ევსტათეს იმავე ირმის რქებში ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გამოესახა, რომელმაც ჰკითხა: – პლაკიდა რატომ მდევნი მე, მე ვისაც შენი გადარჩენა მსურს?
რის შემდეგაც ევსტათემ ქრისტე იწამა და ოჯახთან ერთად ქრისტიანად მოინათლა. ამის შემდეგ ერთ-ერთბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად იმპერატორმა მხედრთმთავარს ღმერთებისათვის ცხოველების მსხვერპლად შეწირვა დაავალა, რაც ევსთატემ არ გაკეთა. წარმართულ რიტუალზე უარის თქმის გამო იმპერატორის ბრძანებით იგი და მისი ოჯახი ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომებმა დაგლეჯის ნაცვლად ევსტატეს და მისი ოჯახის წევრებს მიუალერსეს.
ასევე გურიაში ირემთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო თქმულება, რომელიც დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკელსიას უკავშირდება, ამ ლეგენდის მიხედვით ყველა გიორგობას 6 მაისს ტყიდან გამოდიოდა ირემი და მიდიოდა დვაბზუს ეკლესიაში. წმინდა იუსტასი იგივე დიდმოწამე ესტატე, ძველ ბიზანტიურ და მართლმადიდებლურ ფრესკებზე თითქმის ყველა შემთვევაში გამოსახული იყო წმინდა გიორგის გვერდით.
შესაბამისად ვახუშტისეულ გურიის დროშაზე ბეთლემის ვარსკვლავთან ერთად ირემის (შველის) გამოსახულება შესაძლებელია უკავშირდებოდეს გურულების მფარველი წმინდანის – ესტატეს მოქცევას. ასევე საინტერესოა ვახუშტისეული იმერეთის დროშაც, რომელზეც ასევე გამოსახულია ირემი, რომლის რქების შუა ჯვარია გამოსახული, რაც იგივე წმინდა ესტატეს მოქცევის სცენას ემთხვევა. მკვლევართა აზრით, როგორც გურიის ისე იმერეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ადრე ლაზურ/ჭანურ ტომებს ჰქონდათ დაკავებული და ამავე ტრიტორიას მეშვიდე-მერვე საუკუნემდე ბიზანტიელები აკონტროლებდნენ, შესაბამისად ამ ორი მხარის ვახუშტისეული ჰერალდიკური ნიშნების მსაგავსების განმსაზღვრელი შესაძლებელია ეს ფაქტორებიც გალხდათ.
წმინდა იუსტასის მოქცევის სცენა მრავლად გვხვდება კათოლიკურ სამყაროში და იგი არაერთი ევროპელი ფემწერის შთაგონების წყარო გადხდა, მათგან საყოველთაოდ ცნობილია დიდი გერმანელი მხატვრის ალბრეხტ დიურერის ნახატი „წმინდა იუსტასი“ და ამავე თემაზე შესრულებული გრავიურა.
ჰერალდიკოსების აზრით შველი არ არის ჰერალდიკური ნიშანია და ძველ კლასიკურ ჰერალდიკაში არ გვხვდება, მისი გავრცელება მხოლოდ თანამედროვე მუნიცპალურ გერბებშია შესამჩნევი. რაც შეეხება ირემს ეს ნიშანი მრავლად გვხვდება ევროპულ და ზოგადად ქრიტიანული ქვეყნების ჰერალდიკაში და იგი სულიერი სიმტკიცისა და ბოროტებასთან ბრძოლის ნიშანად მიიჩნევა. მაგალითად გერმანული მოდგმის ხალხების ლეგენდების თანახმად, ირემს შეუძლია გველის გაძევება და ამისათვის მისი სუნიც კი საკმარისი გახლავთ. აქედან გამომდინარე გერმანული ტომებისათვის ირემი გველის ანუ ბოროტების ძლევის სიმბოლო გახლდათ და იგი დასავლეთ ევროპის არაერთი დიდგვაროვანის გერბზეც იყო ასახული. ჰერალდიკოსების აზრით ირემი არაიმდენად ფიზიკური ძალის, არამედ რელიგიური მრწამსის სიძლიერისა და სიმტკიცის ნიშანია.
თანამედროვე ქართულ ჰერალდიკაში ვახუშტისეული გურიის დროშის ნიშნები ასახულია ქობულეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გერბებზე. ამ ორიდან ყველაზე მეტი მსგავსება გურიის 1735 წლის დროშასთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშას და გერბს გააჩნია, რომლებზეც გამოსახულია შველი და ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბზე ასახულია შველის თავი და ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. რაც შეეხება ცხრაქმინიან ვარსკვლავს ამ ნიშნის განმარტებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია ჰერალდიკურ სახელმძღვანელოებში და კატალოგებში ვერ მოვიძიე და აქედან გამომდინარე იგი კლასიკურ ჰერალდიკურ ნიშანს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ არც ჩვენი კანონმდებლობა არ ითხოვს ჰერალდიკური ნიშნების განმარტებას, რაც ამ მხრივ არცთუ ისე მცირე ნაკლი გახლავთ, რადგანაც ასეთი ტიპის ჰერალდიკური სიმბოლიკის მუნიციპალიტეტების მხრიდან გამოყენებისას საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებაა საჭირო.
ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის ატლასზე გამოსახული გურიის დროშა
ალბრეხტ დიურერის ნახატი – „წმინდა იუსტასი“
უცნობი მხატვარი – „წმინდა იუსტასი“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა