ახალგაზრდა იურისტტა ასოციაცია” (საია) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეების 2/3-ზე მეტ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდებოდა და პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ არ არიან გამოვლენილი.
ანგარიშში საუბარი შეეხო კენჭის ყრის დღესაც. საია-ს თქმით, არჩევნების დღეს არაერთი პროცედურული დარღვევა და ხარვეზი აღირიცხა, მათ შორის ხმის მიცემის წესის დარღვევა, ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი, აგრეთვე, არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვება და ხმის მიცემა, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ხარვეზები.
საიას ანგარშის თანახმად, ამომრჩევლის ნების კონტროლი კენჭისყრის დღის მთავარი გამოწვევა იყო. ფაქტობრივად, უბნების დიდ ნაწილზე ამომრჩევლებს თვალთვალის და დაძაბულობის გარემოში უწევდათ ხმის მიცემა, რადგან მათ უბნებთან მყოფი კოორდინატორები აკონტროლებდნენ. ამის მიღმა, დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები. ნეგატიური ტენდენციის სახით გამოვლინდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ხოლო გასაჩივრებული ოქმების დიდი ნაწილის გადათვლაზე უარმა გააჩინა უნდობლობა შესაბამისი უბნების შედეგების მიმართ.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებულ არჩევნებად იქცა, რამაც ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას.