“მომპაიჯებელს” ვეძახდით, მოვიდოდა, დეიძახებდა დიდ დასტად შეკრული კონვერტებიდან ბაბუას სახელიანს ამოარჩევდა, რამდენიმეს სხვებისთვის გადასაცემსაც დატოვებდა და გაიქცეოდა.
წერილში ლამაზი ხელით ეწერა ” შევარდნაძე ზურიკო, ოჯახით, გეპატიჯებით ჩვენი შვილების, სულიკოს და თამილას ქორწილში მაყრად, რომელიც შედგება ამა წლის 12 სექტემბერს 5 საათზე. დროდაცულია.
პატივისცემით სოკრატ და დარეჯან შევარდნაძეები.
მისამართი, ოზურგეთი, სოფელი ასკანა.”
ბებია საღამოს ძველ რვეულებს გამოიტანდა და შეამოწმებდა, რამდენი აქ სოკრატას მოტანილი ჩვენსას. იმაზე მეტს თუ ვერა, იმდენს აუცილებლად მიუტანდენ უკან. ბიძები, მამიდები, დეიდები ოქროსაც იყიდდენ ბათუმში რძლისთვის საჩუქებლად.
ქორწილამდე დანიშნავდენ ქალთა და კაცთა გამგეს და ერთი კვირით ადრე იწყებოდა სამზადისი.
კაცთა გამგე შეკრებდა ბიჭებს და იზრუნებდა სეფის, ჭურჭლის, სკამების და მაგიდების, ჩახნების სამფეხების და გობების მოგროვებაზე, საკლავზე და შეშაზე.
ქალთა გამგე ჩამოწერდა საყიდლების სიას, გაუნაწილებდა მეზობლის ქალებს საქმეს, საკეთებელს და მაგრად გეიკრავდა შუბლს, თავი რომ არ გასტკლეცოდა, შეიწითლებდა ლოყებს და უცნაურად მკაცრობდა..
ჭურჭელს ბახვში, ანდღულაძისას ვიქირავებდით, მივითლიდით და ტრაქტორით გამოვზიდავდით წინდღით. მეზობლის ბიჭები გაჭიმავდენ ხაკისფერ ბრეზენტს და სიმძიმეებსაც დაკიდებდენ სინებით. მაგიდებზე და გრძელ სკამებზე კოჭის ძაფით გადავაკრავდით შპალერის ქაღალდს უკუღმიდან. სეფას და მეფეპატარძლისთვის განკუთვნილ “ბოგას” ქალები მორთვავდენ ბამბუკის ბოლებით. ნაზოიე დაკეცავდა ხელსახოცებს, დაგორგლავდა და უცნაურად დაარუჭრუჭებდა.
ბადრიე წულაძის ქორწილში, ზედა ბახვში ხილით და შოკოლადებით დაზვინული კალათები ეკიდა მაგიდების თავზე და კორწიალობდა.
მშვიდობაურში, ახალაძნებისას ქორწილში ორ სართულიანი სუფრა მინახავს. მაგიდებს, მეორე უფრო ვიწრო ძელები ქონდა ზემოდან ბოლკოებზე გადადგმული, ფელამუში, ხილი და ტკბილეული იყო შემოლაგებული. დამამახსოვრდა..
ქორწილის დღეს გეიმსებოდა ეზო სოფლის ძაღლებით და ბაღნებით, გულაბის ლიმონათით და კიტრით ხელში, ძაღლები დაშლიგინობდენ მაგიდების ქვეშ..
ფერად ფერად ჟელეებს, ნამცხვრებს, აჩმას, ჭეიშვილის ფელამუშს, ალუმინის ლანგრებით ოდაში, საძინებლებში, საწოლებზე დაალაგებდენ სანაქებო ახალგაზრდა მცხობელი ქალები.
მოყვანის ქორწილში მაყრად წამსლელები ადრიანად შეიკრიბებოდენ. ბაღნებს მაყრად არ გვესაქმებოდა და შინ გვტოვებდენ.
გასათხუარის ოჯახშიც ქორწილი იყო გაშლილი. მღეროდენ ბასილეთიდან მოყვანილი აჭარელი დამკვრელები. სეფაში შუა, გრძელი მაგიდა საგანგებოდ ეწყობოდა მაყრისთვის, ბამორჩეულ ქალებს ამსახურებდენ მაყართან. კაი შესახედი ბიჭები ასხამდენ ღვინოებს, რეზინის შაბიამნისფერი შლანგებით. სიძის მხარე ჩქარობდა, პატარძლის ოჯახი და თამადა ახალ ახალ ხრიკებს იგონებდა რომ არ გევეშვით. როის როის გამოგვატანდენ აკურცხლებულ პატარძალს, ამ დროს ტიროდენ, დეიდები დედაც რატომღაც სულ. მაყარს პატარძლის მამა ორი იმდენს წამოიყვანდა ვინემ ჩვენ ვიყავით, წესი იყო ასეთი.
სიძისას, ტალახიან ეზოში ნახერხას ან კოლმეურნეობის ეზოში მოჭრილ ნაძვის ბოლებს გააფენდენ.
ბებიაჩემი როგორც ყველა სადედამთილო ჭიშკართან შეეგება რძალს. წინსაფარი მოიხსნა და დაბნეულმა ღლიავში ამოიჩარა. შოკოლადის ნატეხი ჩაუდო პირში ჯერ ერთს მერე მეორეს, დალოცა. პირველად დაინახა სარძლო. სამზარეულოში მიბრუნებულს მთელი სოფლის ქალები ელოდებოდა, ყველა აკვირდებოდა და ყველას აინტერესებდა რას იტყოდა. წინსაფარი შორს ისროლა, უმისამართოთ და ისე მისდა, სხვასაც რომ გაეგონა თქვა: ” აააა, ზუსტად ამფერი ქალი მეზარებოდა..” ყველა მიხვდა იოლი ცხოვრება არ ელოდა ბიცოლას.
ქორწილში ქალაქიდან და სხვა სოფლებიდან მოსულ სტუმრებს მეზობლები დაინაწილებდენ, წაიყვანდენ და საკუთარი სტუმარივით ეპატრონებოდენ, დილით ცხელი ხაჭაპურით ასაუზმებდენ.
ნაშუადღევს გამოჩნდებოდა მეფე და დარცხვენილი, მორიდებული პატარძალი, ნელ ნელა გაერეოდა სოფლის ქალებში და ახალ ნათესავებში.
მეზობლები ალაგებდენ, ასუფთავებდენ, ახარისხებდენ, რეცხდნენ ჭურჭელს.
ისევ გაიშლებოდა სუფრა..
ყველა წუწუნებდა “ნამეტარი ვიცით ცა ნამეტარი, აბდლურია, აბდლური.” გობებით გადაქცეულიც მინახავს ინოურის ჩაზუბზუბებული საცივი.
მეორე დღის მთავარი სალაპარაკო იყო “რეთი დარჩა ოჯახს ვალი..”
როის როის დალაგდებოდა ეზო, სახლი.
დამტვრეულ ჭურჭელს შინაური თეფშებით, გრაფინებით ჩაუნაცვლებდით ანდღულაძეს და დაუბრუნდებოდა ოჯახი უწინდებურ, მოსაწყენ ყოფას, უკვე ახალ რძალთან ერთად.
ხშირად ამფერად მოყვანილი ქალიც იზამდა ქალობას, გასწევდა კაი რძლობას. ხან ვერ..