გამარჯობა საქართველო!
მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ლექსო ლაშქარავა! დღეს ჩემს სახელს ბევრი ახსენებს და ყველა ჩემზე ლაპარაკობს! ცოცხალი აღარ ვარ და იმიტომ!
ჰო, ცოცხალი აღარ ვარ! მომკლეს! ცემით მომკლეს ვიღაცეებმა მაშინ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებდი! დილას სამსახურში წავედი, მერე გადაღება მქონდა! იქ ყველას გვირტყამდნენ! ყველა ჩემს კოლეგას სცემდნენ, მაგრამ მე მომკლეს!
40 კაცი მირტყამდა! კიბეზე ალყაში მომაწყვდიეს და მირტყამდნენ! მარტო იმაზე ვფიქრობდი მაშინ, ჩემი 23 წლის ჟურნალისტი გოგო არ ეცემათ ისე, როგორც მე მცემდნენ! ის კიდე ჩემზე ეხვეწებოდა არ მოკლათო! სახეზე ძვლები დამიმტვრიეს, თვალები დამიზიანეს და მანამ მცემდნენ, სანამ არ დაიღალნენ! შველა გვინდოდა მე და ჩემს ჟურნალისტს, მაგრამ ვინ გვიშველიდა? არ იყო პოლიცია იქ. უბრალოდ არ იყო, თორემ გვიშველიდნენ ალბათ!
არ ვიცი რატომ მომკლეს! რა დავუშავე? მაგრამ მომკლეს! ახლა ყველას ვუყვარვარ, გულდაწყვეტილები არიან! საერთოდ არ მინდოდა ყველას ვყვარებოდი! სიცოცხლე მინდოდა უბრალოდ! ჩემი შვილის გაზრდა და მოხუც დედაზე ზრუნვა მინდოდა! ჩემი საქმე მინდოდა მშვიდად და წყნარად მეკეთებინა! მაგრამ? მაგრამ მომკლეს!
ხო მართლა! ერთხელ კი არ მომკლეს, ორჯერ მომკლეს! ასეთი რა დაუშავე ვერ გავიგე, რომ ორჯერ მკლავენ! ახლა ყველას აჯერებენ, რომ მე ნარკომანი ვიყავი და წამალში გავიპარე!
არ მიკვირს ისე. მახსოვს, დათუნა სარალიძის საქმეზე ვმუშაობდი და როგორ არწმუნებდნენ ხალხს, რომ ის მოძალადე იყო! მერე თემირლანის საქმე, როცა შუბლი გაუხვრიტეს და ტერორისტად შერაცხეს! ისიც მახსოვს, გიორგი შაქარაშვილი კლდიდან გადავარდაო რომ ამბობდნენ. არ ვიცი, რატო იქცევიან ასე, მაგრამ ადამიანების მეორედ მოკვლა რა წესია ვერ გავიგე! ბოღმა მახრჩობდა, ბრაზი მკლავდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი და რას ვიფიქრებდი, რომ მეც იგივეს მიზანდნენ! რას ვიფიქრებდი თუ ასე მომექცეოდნენ მეც? არ გამოვრიცხავდი, მაგრამ სიკვდილზე არ მიფიქრია უბრალოდ! მე ჯერ ძალიან მინდოდა მეცოცხლა!
რა ვიცი. რა უნდა ვთქვა? იქნებ ჩემი სიკვდილი იყო საჭირო ხალხის გამოსაფხიზლებლად. არ მოგატყუებთ და დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხალხი არ შეარჩენს ამათ ჩემს მოკვლას(ბევრი სიკვდილი გაატარა ხალხმა ასე სამწუხაროდ), მაგრამ ცოტა იმედი მაქვს და იქნებ გამართლდეს. იქნებ ჩემმა სიკვდილმა ქნას იმდენი, რომ სხვების სიცოცხლე დაიცვას! მაშინ კიდე არ დამწყდება ამდენად გული და ვიფიქრებ, რომ რაღაც გამომივიდა ცხოვრებაში!
გამარჯობა საქართველო! მე დღეს დამასაფლავებენ და მარტო ერთი თხოვნა მექნება! იბრძოლე! იბრძოლე თავისუფლებისთვის! არ მისცე ამათ უფლება ისე წაგართვან სიცოცხლე, როგორც მე წამართვეს!
არ გააცინო მტერი და არასოდეს დათმო თავისუფლება საქართველო!
ნიკა მიქაია