ფლანგვის დეტექტორმა” ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ქონება შეისწავლა. მათი ინფორმაციით, ის საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას თავად ხელმძღვანელობს, პირდადად ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში ფიქსირდება.
ორგანიზაცია ასევე, აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესიითა და სიძულვილის ენით გამორჩეული მეუფე ანტონი 2020 წლის სექტემბერში ვანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრო.
“მეუფე ანტონი აქტიურად არის დაკავებული ბიზნესსაქმიანობით, ის 8 კომპანიაში ფლობს წილებს:
- მიტროპოლიტი 10%-იან წილს ფლობს შპს სანდო-2007-ში, რომელიც 2006 წელს დაარსებული კომპანიაა და მისი დირექტორი ბოლო ამონაწერის თანახმად, გიორგი ზივზივაძე იყო, ხოლო 90%-იან წილს გულადი ზივზივაძე ფლობდა. 2017 წლის შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა.
- მიტროპოლიტი ანტონი საჯარო რეესტრის 2011 წლის ინფორმაციის მიხედვით, 100%-იან წილს ფლობდა შპს ეკვდერში, კომპანიის დირექტორი კი ვალერიან გიორგაძე იყო.
- ასევე 100%-იან წილს ფლობს შპს სახლმშენში, კომპანიის დირექტორი კი ჯამბულატ ლაგვილავაა, თუმცა ინფორმაცია ბოლოს 2015 წელს განახლდა.
- შპს ORA ET LABORA-ში 50-50%-იან წილებს იყოფენ მიტროპოლიტი ანტონი და გრიგოლ კვარაცხელია, ხოლო კომპანიის დირექტორი გიორგი მარიამიძეა.
- შპს ვინოგრადი 2013 წელს დაარსდა, საჯარო რეესტრის ბოლო ინფორმაციაც 2013 წლით არის დათარიღებული. კომპანიის დირექტორი ვალერი ჩოჩია არის, რომელიც ასევე ფლობს 50%-იან წილს, დანარჩენი 50% კი მიტროპოლიტ ანტონს ეკუთვნის”, – წერს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, მეუფე ანტონმა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებზე ძალადობა გაამართლა და ის თავად მედიის წარმომადგენლებს დააბრალა. მისი აზრით, ლექსო ლაშქრავას გარდაცვალება ჟურნალისტების ბრალია. სასულიერო პირმა თქვა, რომ ელჩებმა მედიის წარმომადგენლებს “ტვინი გამოურეცხეს”.
ამის შემდეგ ქადაგებისას მეუფე ანტონმა ჟურნალისტები დაწყევლა.