სიო დიმიტრის-ძე ჭანტურიშვილი დაიბადა 1884 წლის 2 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგში კი 1911 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
იურისტის გარდა, პროფესიით იყო ფინანსისტიც, ასევე გახლდათ მწერალი-დრამატურგი. მისი შექმნილია დრამები: „მორევში“, „სული ობოლი“, „ბურუსი“, „გაზაფხულის ვნება“, „ზღუდეთა შორის“ და ვოდევილი – „გმირი“.
სიო ჭანტურიშვილმა მონაწილეობდა 1914 წელს გამართულ საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაში, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ აკაკი წერეთელი ხოლო მდივანი სიო ჭანტურიშვილი.
,
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის სამაზრო ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მიუზედავად იმისა, რომ ნოე ჟორდანიამ, მას ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესთავაზა, სიო ჭანტურიშვილმა უარი განაცხადა და მშობლიურ გურიაში მოღვაწეობა ამჯობინა.
იგი არჩეული იქნა ოზურგეთის მაზრის ანუ გურიის ერობის (თვითმმართველობა) თავმჯდომარედ, მისი თაოსნობით 1919-21 წლებში გამოდიოდა გაზეთი „გურიის ერობის მოამბე“, იყო ძალიან დიდი განათლების მქონე პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა და კუთხისა.
1921 წლის შემდეგ სიო ჭანტურიშვილი რამდენჯერმე დააპატიმრეს ბოლშევიკებმა ბოლოს 1937 წელს კი მას ბრალად წაუყენეს – „მენშევიკ ალექსანდრე კანდელაკთან კავშირი, რომელმაც 1936 წელს გადაიბირა მენშევიკურ კონტრრევოლუვიურ ორგანიზაციაში.“
ამის მეტი არავის არაფერი არ გაურკვევია და 1937 წლის 28 დეკემბერს ტროიკამ (გოგლიძის, წერეთლის და მოროზოვის შემადგენლობით) მას დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა, მეორე დღეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.
1920 წელს ოზურგეთს ევროპელი სოციალისტები ეწვია გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნებულია სიო ჭანტურიშვილის სტუმრებისადმი შემდეგი მიმართვა:
„მთელი ძალღონე, მთელი ენერგია ჩვენი ხალხისა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაცვისკენაა მიმართული, რასაც, უმთავრესად, ორი ძალა ემუქრება: ოსმალეთის და რუსეთის გაერთიანებული რეაქცია და შედეგი ამ უსწორო ბრძოლისა დამოკიდებელია იმისაგან, თუ საითკენ გადაიხრება დანარჩენ სახელმწიფოთა მსჯავრის სასწორი. ჩვენი ხალხის მთელი იმედი, გარდა საკუთარ ძალისა, დამყარებულია ევროპის ხალხის ნაწილზე, რომლის საერთაშორისო პოლიტიკის ხაზი ეროვნულ საკითხში არ განისაზღვრება სხვადასხვა მომენტებით, მისი ერთი სწორი და სამართლიანი გზით, გზით ერის თვითგამორკვევის უფლების დაცვისა“.
ასევე არსებობს სიო ჭანტურიშვილის 1921 წლის 1 თებერვლის წერილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს, ოლივერ უორდროპისადმი:
„მთელი გურია გულწრფელ სალამს გიძღვნით თქვენ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, იმ დამოუკიდებლობის გამო, რომელიც მოიპოვა საქართველომ თქვენის დახმარებით. საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ ზეიმს ჩრდილავს ის გარემოება, რომ გურიის მოსაზღვრე ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ არ არის მისი ბუნებრივი პატრონის, საქართველოს მთავრობის, ხელში. მთელი გურია მოუთმენლად მოელის იმ წამს, როცა მისი საზღვრები ბათუმის ოლქთან გაიშლება და საქართველო გაერთიანდება. გურიის ხალხი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თქვენი საშუალებით დიდი ბრიტანეთი და ბრიტანეთის საშუალებით მოკავშირეთა სახელმწიფონი ამ საკითხის გადაჭრაშიაც დაადგებიან ბრძნულ ნაცად გზას სამართლიანობის დაცვისა. ხანგრძლივი იყოს თქვენი სიცოცხლე დიდი ბრიტანეთის სასახელოთ და პატარა საქართველოს საკეთილდღეოთ“.
გასული საუკუნის დასაწყისში გურიაში გამორჩეულად განათლებული და დიდი შესაძლებელობების ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოღვაწეობდა, მათ შორის კი სიო ჭანტურიშვილი ნამდვილად გამორჩეული გახლდათ.