წერილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, ჯანდაცვის მინისტრის, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მიმართაა დაწერილი.
ექიმები ინტერესდებიან, რა ჰქვია პანდემიის მართვის იმ მოდელს, რომელიც დღეისათვის საქართველოში ხორციელდება, რატომ არ აკონტროლებს მთავრობა დაწესებული რეგულაციების შესრულებას და რატომ არ აჯარიმებენ დამრღვევებს. აქვე, ისინი განმარტავენ, რომ წერილში საუბარი არ არის ლოკდაუნის დაწესებაზე და ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ:
“…ლოგიკური კითხვა ექიმებისაგან, რატომ არ მკაცრდება კონტროლი რეგულაციებზე და რატომ ვართ მოსახლეობისა და ანტივაქსერების გონიერების იმედზე? რა თქმა უნდა არ არის ლოკდაუნზე საუბარი და სწორედ რომ გარდაუვალი არ გახდეს, ამიტომ არის ბევრი სხვა ბერკეტის ამუშავება აუცილებელი.
- სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია;
- აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);
- გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ);
- რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარეული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;
- შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან).
- გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე” – წერია მიმართვაში.
ექიმები ასევე ინტერესდებიან, რატომ არ აკონტროლებს ხელისუფლება კოვიდ-კონტაქტებს სათანადოდ და მთავრობას სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავენ.
წერილს ხელს 720 ექიმი აწერს, “საქართველოს ექიმთა საზოგადოებაში” კი 5 600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.