„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისიდან „გურიის მოამბეს“ წყარო უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ, ოფისში მერაბ ჭანუყვაძესა და ბეგლარ სიორიძეს შორის ხელჩართულ ჩხუბს ჰქონდა ადგილი.
წყაროს მტკიცებით, სიორიძემ, „ოცნების“ რამდენიმე ლიდერის თანდასწრებით ჭანუყვაძეს ბრალი 2017 წლის არჩევნებში, კოტე შარაშენიძის მხარდაჭერაში დასდო და მის წაგებაში დაადანაშაულა:
_ დიდი ამბები იყო ოფისში.
სიორიძე ამტკიცებდა, რომ ჭანუყვაძემ იმდროინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურა ალავიძესთან გარიგება დადო, რომლის თანახმადაც პირველ ტურში შარაშენიძეს დაეხმარა, სიორიძის წინააღმდეგ იმუშავა.
ამის გამო, ალავიძეს 6 თვეში შარაშენიძისთვის იმპიჩმენტი უნდა მოეწყო და ხელახალ არჩევნებში კანდიდატად ჭანუყვაძე უნდა დაეყენებინა, თუმცა, ეს გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან 6 თვეში, თავად ალავიძეს მიუჩინა ოცნებამ პოლიტიკურ სასაფლაოზე ადგილი.
სწორედ ეს ბრალდება წაუყენა სიორიძემ ჭანუყვაძეს, რასაც ამ უკანასკნელიდან შეპასუხება მოჰყვა. ჭანუყვაძე ამტკიცებდა, რომ ეს ტყუილი იყო, სიორიძე ამბობდა, რომ ამის მტკიცებულებები გააჩნდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ხელითაც კი გაიწიეს ერთმანეთისკენ და მათი გაშველება დავით დარჩიამ შეძლო, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დავით დარჩია და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ინფორმაციის ნამდვილობას არ მერაბ ჭანუყვაძეც ადასტურებს:
_ ტყუილია რასაც ამბობთ. მსგავსი რამ არ მომხდარა. დიდი ხანია ბეგი სიორიძე არ მინახავს და ის არც ქართული ოცნების შტაბში ყოფილა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ბეგი სიორიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, სიორიძემ „გურიის მოამბის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.