არსებობს, რამდენიმე დოკუმენტი, რომლიც ასახავს მე-18-19 საუკუნეებში გურიის საგარეო ვაჭრობისა და საბაჟო გადასახადების აღწერასთან დაკავშირებით. დღემდე შემორჩენილი დოკუმენტებიდან აღსანიშნავია მამია IV გურიელის (1714—1725) წყალობის სიგელი – „ჩვენ გიორგი გურიელმან მფლობელმან გურიისა, შენ ბეჟია თავრთქილაძეს და შვილთა შენთა მამუკას და პაპუნას გიწყალობეთ გრიგოლეთის მებაჟის წოდება. ამისათვის შენ უნდა ამოიღო დადგენილი ბაჟი და ჩვენ უნდა გადმოგვცე, ამ სამსახურის საფასურად კი უნდა მიიღო შენი წილი“. ამავე სიგელს აქვს მამია გურიელის შვილთან გიორგისთან დაკავშირებული მინაწერი: „როგორც წესი და კანონი მოითხოვს, … თქვენ ისეთი ერთგულნი და კეთილსინდისიერნი უნდა იყოთ ჩვენს მიმართ. როგორც ამ სიგელში თვენ გიწყალობეს გრიგოლეთის მებაჟეობა ჩვენმა წინაპრებმა, იმასვე ვადასტურებთ. მამია გურიელი“. შემდგომში გრიგოლეთის მებაჟეები გახლდენენ გურიის უფრო ძლიერი ფეოდალური გვარის ნაკაშიძეების წრმომადგენლები, რასაც მოწმობს სიმონ III გურიელის (1788-1792) წყალობის სიგელი, რომელიც გაცემულია მე-18 საუკუნის 90-იან წლებში: „ესე წყალობის სიგელით ჩვენ გურიელმა სვიმონ ვინებეთ, თქვენ ჩვენს ერთგულ ქვეშევრდომს თავად ნაკაშიძე კაცოს, ბეჟანის და ლომკაცის… პირველად თქვენი წინაპრები იყვნენ ერმენის მებაჟეები, თქვენი ერთგულების დანახვისა და შესაბამისი თანხის მიღების შემდეგ, გიწყალობეთ თქვენ მდინარე ლალისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთამდე.. შემოსავლის ნახევარი შენ, მეორე ნახევარი კი გადაგვიხადე სრულად“. საქართველოს მთავარმმართებელი რტიშევი 1813 წლის 28 ივლისის წერილში მამია გურიელს სწერდა, რომ გურიის თურქების თავდასხმებისაგან დაცვის მიზნით აუცილებელი იყო შეკვეთილში აშენებულიყო რედუტი იმ ადგილზე სადაც მდინარე ნატანები უერთდებოდა შავ ზღვას, წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ ამავე რედუტში უნდა განთავსებულიყო საბაჟოც – „ვინაიდან შეკვეთილი თანაბარწილად ეკუთვნის თავად ნაკაშიძეს, რომელსაც იქ აქვს საკუთარი კოშკი და იღებს ბაჟს თურქებისაგან, რედუტის აშენების შემდეგ მე თანახმა ვარ ბაჟის ნახევარი მიიღოთ თქვენ, როგორც გურიის კანონიერ მფლობელმა, ხოლო მეორე ნახევარი მიიღოს მიწის მესაკუთრემ თავადმა ნაკაშიძემ.” თავადი ნაკაშიძე 1829 წლის ახსნაგანმარტებაში წერდა – „ერმენის საბაჟო გახლდათ ჩოლოქის შესართავში, რომელსაც ასევე „შეკვეთილის საბაჟოს უწოდებდნენ, საიდანაც თურქებს სიმინდი გაჰქონდათ. შემოსული ბაჟის ნახევარს ღებულობდა გურიელი მეორე ნახევარი კი რჩებდა ჩვენს ოჯახს. ზუსტად ასე ხდებოდა გრიგოლეთის საბაჟოზე.“
ნახატი გამოქვეყნებულია – ჟურნალ L’Illruction-ის 1853 წლის 17 დეკემბრის ნომერში (#564) გამოქვეყნებული ჟიულ გაილდრაუს (1816-1898) ილუსტრაცია, „შეკვეთილის ფორტი“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა