პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
“საქართველოს პროკურატურამ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახმკვლელობის ფაქტზე – ზ.ზ.-ს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ჯ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ.
მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.