COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
თუკი გაქვთ უნთქვის უკმარისობა, ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში, ცნობიერების დარღვევა, ძილიანობა ან უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს _ ეს ის სიპტომებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თუკი არ გქონიათ არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.
თუ გქონდათ შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამოგივლინდათ სიმპტომები გადადით იზოლაციაში კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.
იცოდეთ, რომ მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:
ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას); რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ თქვერნთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს დაუდგინდა კორონავირუსი, გადადით იზოლაციაში (შესაძლებელია ბინაზე ან, შესაბამის საიზოლაციო სასტუმროში) კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში.
დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე;
თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას;
თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ იზოლაციის წესების დაცვას. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი, იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.
იცოდეთ, რომ კორონავირუსის გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.
კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.
ინფიცირების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები:
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც);
ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი ხსნარით (20-40 წამი).
და გახსოვდეთ ყველაზე მთავარი _ კორონავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია.