პაპუაშვილი: არჩევნები ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

პაპუაშვილის თქმით, ჯერ კიდევ სამი კვირის უკან გაასაჯაროვა მმართველმა გუნდმა ინფორმაცია, რომ ენმ არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავდა, ვინაიდან მათ წარმატების შანსი არ ჰქონდათ.

“არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს”, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება:

·”საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად,

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;

წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი – მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან”, – ამბობს მმართველი გუნდის წევრი.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. გარდა ამისა, ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ამბობს, რომ ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები.

“ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც. არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, არჩევნების დღისთვის, არსებული ტემპებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.

პაპუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის კოვიდუსაფრთხოდ ჩატარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share