მარიამობის მარხვის კვირას ვირუსმა წაგვართვა შენი თავი. საავადმყოფოდან კიდევ ერთხელ მოგვიკითხე, ჯანმრთელობას გაუფრთხილდითო. ჩვენი ოჯახის, ჩემი თემურის უახლოესო მეგობარო. ყველასათვის ერთგული ადამიანი, რომელმაც არცთუ ისე ადვილი ცხოვრების გზა განვლე ინჟინრის პოზიციიდან, საქკვებმანქანათმშენის გენერალური დირექტორის მოადგილემდე. უზომოდ თავმდაბალი ადამიანი, მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი პიროვნება. ერთ რამედ ღირდა თქვენი მოსმენა ოჯახურ შეხვედრებზე.
ამასთანავე, ეს იყო მეგობრობის არაჩვეულებრივი გამოხატულება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამოგყვათ ორივეს. ცხოვრების ამ გზაზე ცდილობდი გვერდით გყოლოდა და გაგეზიარებინა, ჩემი თემურის წარმატებები. და ასევე, ჩვენს ჭირში თანაზიარო ადამიანო, მადლობა ყველაფრისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ ჩემი თემურის და ირაკლის ცხოვრებაში იყავი და ალამაზებდი მათ ყოფას. მინდა სამძიმარი ვუთხრა შენს ლამაზ ოჯახს, ანელის და შენს ძვირფას შვილებს: ირაკლის და მზიკოს. ნამდვილი, ტრადიციებზე გაზრდილი სასახელო შვილები დატოვე ჩვენო მელიტონ. ამაყობდი შვილიშვილებით, სამძიმარი მინდა ვუთხრა შენს ნიკას. ვიცი მათ ყველაფერი კარგად ექნებათ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ შენნაირი აქტიური ბაბუას გარეშე ყოფნა. მინდა ასევე სამძიმარი ვუთხრა შენს ახლობლებს, განსაკუთრებულად ძმებს, ძმისშვილებს, დეიდაშვილებს, მეგობრებს, შენ ხომ ყველა მათგანში დიდი სიყვარული დატოვე. ძალიან დაგვაკლდები ყველას. გვაპატიე ჩვენო მეგობარო, სამწუხაროა, რომ ამ უცნაური მდგომარეობის გამო რაც ქვეყანაში ხდება უკანასკნელ გზაზე ვერ გაგაცილეთ მე და ნიკუშამ.
მსუბუქი იყოს შენთვის შენი მშობლიური კუთხის მიწა. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა შინა,სადაცა მართალნი განისვენებენ.
მშვიდობით ჩვენო მელიტონ ბიძია, არასოდეს დაგვავიწყდები.
თემური ისაკაძის ოჯახი