მალე საქართველოში მორიგი არჩევნებია. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო – მუნიციპალური, რაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობის ფონზე, მართლაც, ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვანია, თუმცა საქართველოში უმნიშვნელო არჩევნები არ არსებობს – ნებისმიერი არჩევნები ჩვენთან ძალების მოსინჯვა და მზადებაა მთავარი მოვლენისთვის – პარლამენტის არჩევისთვის.
2021 ოქტომბერში, სავარაუდოდ, ქვეყანაში ზუსტად იგივე განმეორდება, რაც 2020 წელს უკვე ვიხილეთ – ამას უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ ნორმალურ, ჩვეულ მოვლენად ვთვლით. ყველაფერი უკვე ძველი, კარგად ნაცნობი მოდელით განვითარდება – „ქართული ოცნება“ პროპორციულ სიებში 47-48% მიიღებს, გადამწყვეტ უპირატესობას კი მაჟორიტარების ხარჯზე ჩამოაყალიბებს.
ასე იყო წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პირობებში, რომელიც არჩევნებს ამ გზით იგებდა. გამონაკლისი მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პოლიტიკურ არენაზე მეცენატი და მილიარდერი გამოჩნდა. ქართულმა საზოგადოებამ მუქთას მოლოდინის ცდუნებას ვერ გაუძლო და ისტორიული არჩევანი გააკეთა..
ეს იყო ერთად-ერთი შემთხვევა ბოლო ათწლეულების მანძილზე, როდესაც ამ მოდელმა არ იმუშავა, ხოლო „ოცნების” მმართველობის პერიოდში დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე მიიღო, თუმცა ბოლო წლებში „ქართულ ოცნებას“ ამ ბუნებრივ უპირატესობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაემატა. ის, რაზეც ყველა უზურპატორი ოცნებობს. რაც ქვეყანაში მდგომარეობის მნიშვნელოვან ცვლილებას შეუძლებელს ხდის და ქვეყანას მომავალს უკარგავს. ეს არის სრული პოლიტიკური აპატია და ნიჰილიზმი, რომლის მსგავსიც საქართველოს ბოლო 35 წლის მანძილზე არ ახსოვს.
საოცარი გულგრილობა, კარჩაკეტილობა და სხვისი პრობლემებისადმი წარმოუდგენელი უყურადღებობა – აი, ესაა „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე – ადმინისტრაციულ რესურსთან და იდეურ ანტიმიშისტებთან ერთად. ოპოზიცია არჩევნებს აგებს და თავის სიმართლეს ვერ იცავს.
ბევრი ბრალდებები გვესმის, რომ ოპოზიციური პარტიები პასიურები არიან, ბრძოლაში ჩაბმის ეშინიათ ხელისუფლებასთან გარიგებულები არიან და ა.შ. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნების გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ათობით ათასი ადამიანი გამოდის და რატომღაც პოლიტიკური პარტიები მათ ენერგიას არ იყენებენ და აქციებს შლიან, თუმცა რეალობა სულ სხვანაირია – ოპოზიციას შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ის, რაც ფაქტობრივად არის და სამწუხაროდ, საპროტესტო აქციებზე მოსულ ადამიანთა რაოდენობა მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს პროტესტი წყდება იმიტომ, რომ მას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის.
ყველაფერი ერთი და იგივე სქემით ვითარდება – პირველ დღეს საპროტესტო აქციაზე 15 000 ადამიანი მოდის, მეორე დღეს 8000, მესამე – 4000.. მეოთხე დღეს მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ დგანან, მათ უკან კი რუსთაველზე ავტომობილები მოძრაობენ.
პოლიტიკური მარცხის პირველი ნიშანი – როდესაც საპროტესტო აქციაზე ადამიანების რაოდენობა გზის გადაკეტვისთვისაც კი არ გყოფნით – დაიხურეთ ქუდი და სახლში წადით. ხვალ ტელევიზიით აუცილებლად დაინახავთ ქოც-მეთაურების კმაყოფილ სახეებს და აუცილებლად მოისმენთ ირაკლი კობახიძის ქილიკს „1000 კაცზე მეტი მხარდამჭერი ვერ გამოჰყავთ“…
შესაძლოა მოხდეს რამდენიმე შეხლა-შემოხლა პარლამენტთან ან ცესკოსთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპროტესტო ტალღა ჩაივლის… 2024 წლამდე.
იმისთვის, რომ 2021 წლის ოქტომბერში თბილისის ქუჩებში რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილოთ, უნდა მოხდეს რაღაც საოცრება და სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლა საქართველოში ამ საოცრებათა რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება.
ექსპრეზიდენტი ხვალ, მართლაც, რომ ჩამოვიდეს, ამ წარმოუდგენელ, უპრეცედენტო, გამაოგნებელ პასიურობას და აპათიას ვერაფერს მოუხერხებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს
პოლიტიკურად აქტიური ადამიანები სადღაც სხვაგან, პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ..
ჩვენს რეალობაში კი ყველა თავის კეთილდღეობაზე და უცხოეთში გაქცევაზე ოცნებობს. ალბათ მომავალში ჭკვიანი ხალხი მოახერხებს დღევანდელი არნახული პასიურობის მიზეზების დადგენას.
დღეს ჩვენ მხოლოდ თავის მართლება და საბაბების ძიება გვესმის – „ მიშა არ გვინდა“, „ოპოზიცია რა ვარგა“, „ახალი სახეები გვინდა“…. და ეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია მიშა-არამიშავს უკვე კარგა ხანია გასცდა, „ქოცებზე“ უარესი არავინაა და ახალგაჩენილ პოლიტიკოსებს მეორე წამსვე სწორედ სიახლეს და გამოუცდელობას უწუნებენ…
მოჯადოებულ წრეში ვართ – „ქოცების“ დაუმარცხებლობა საზოგადოებრივ აპათიას აღრმავებს, საზოგადოებრივი აპათია კი „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს. რეალურად, არც მიშაა შუაში, არც – ცუდი ოპოზიცია და არც – ძველი სახეები.
ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პასიურობის მიზეზია გადაღლილობა.
ისტორიისგან დაღლილმა ერმა მგრძნობელობა დაკარგა – ის, რაზეც ხალხი აღშფოთებით რეაგირებდა გუშინ, დღეს სრულიად მშვიდად ადევნებს თვალს. გირგვლიანი დღეს რომ მოეკლათ, ეს ამბავი ალბათ, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობის უნარი დაკარგა – დასუსტებული იმუნიტეტის და დედამიწის რუკიდან გაქრობის გზაზე დადგომის პირველი ნიშანი.
საშუალო ფენა, რომელიც ყველა ქვეყანაში პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩევა, საქართველოში სრულიად პასიურია – ადამიანებმა მომავლის რწმენა დაკარგეს, არ სჯერათ რომ ქვეყანაში რამის შეცვლა შეიძლება, და მხოლოდ ორ რამეზე ფიქრობენ – საკუთარ კეთილდღეობაზე და უცხოეთში წასვლაზე. თვითონ თუ არა – შვილების მაინც.
ქვეყნის გადაშენების დასაწყისის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი – საქართველოში ყველაზე პოპულარულია სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს უცხოეთში წასვლის შესაძლებლობას იძლევიან. ქვეყანაში იზრდება ჭკვიანი, პერსპექტიული ახალგაზრდების კრიტიკულად დიდი რაოდენობა, რომელიც საქართველოს საკუთარ საცხოვრებელ ადგილად არ განიხილავენ.
სწორედ ეს აპათია და ხელჩაქნეულობაა „ქართული ოცნების“ მთავარი მაცოცხლებელი ძალა… და ბოლო ამას არ უჩანს.
თენგიზ აბლოთია, CNews