“დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს“-CNN-ი პომპეოს საქართველოში ვიზიტზე

მაიკ პომპეომ 13 ნოებერს ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა და ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

მაშინ, როდესაც პომპეო დაგეგმილი ვიზიტების განხორციელებას იწყებს, აშშ-ში შემდეგი სიტუაციაა: დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს ამბობს, პარალელურად თეთრ სახლში კორონავირუსით ინფიცირებული წევრების რიცხვი იზრდება.

შვიდივე ქვეყანამ, რომელსაც პომპეო დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში ესტუმრება, ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

თავად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს.

CNN-ის ინფორმაციით, ამ პოზიციის ახსნა პომპეოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სატელეფონო საუბრისას მოუწია.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პომპეოს ჰკითხა, რატომ არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, პომპეოს თქმით, ხელისფულების გადაცემის პროცესს დრო სჭირდება, ასევე საჭიროა შტატებში არჩევნების შედეგები საბოლოო დამოწმდეს.

„პომპეოს საქართველოში ვიზიტის პერიოდში, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოუწიოს ამ პოზიციის ახსნა, რადგან იქ მისგან ელოდებიან, რომ ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მისი წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა,- წერს CNN-ი.

როგორც CNN-ი იუწყება, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს პომპეო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს შეხვდება და რელიგიური თავისუფლების საკითხებს განიხილავს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, „ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა მისთვის დრო ვერ გამონახეს“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო – „აშშ-სთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, პირველ რიგში, სარკეში ჩაეხედა და შესაბამისი გულისხმიერება გამოეჩინა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ხდება. ისეთი საკითხების მიმართ, როგორისაა რასიზმი, ისლამოფობია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“.

ასევე, როგორც CNN-ი იტყობინება, პომპეო  ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირს (West Bank) ეწვევა.

West Bank-ზე დასახლებები საერთაშორისო სამართლის თანახმად არაკანონიერად არის მიჩნეული. აშშ-ს არცერთი სახელმწიფო მდივანი ამ ტერიტორიას არასდროს სწვევია. პომპეო იქნება პირველი, რომელიც ამას გააკეთებს. ვიზიტის დროს პომპეო შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეთანიაჰუსაც.

საფრანგეთში ვიზიტის დროს პომპეო განიხილავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა, ტრანსატლანტიკური ერთიანობა და გლობალური საფრთხეები, განსაკუთრებით ტერორიზმი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share