ვინ მოკლა ნიკო კვარაცხელია? ქართულმა მენტალობამ მოკლა. იმ ერის მენტალობამ, რომელიც, ყოველივე კრიმინალურ-ქურდულის პატივისცემელი, თავადაც კრიმინალურ-ქურდულია და რომელმაც კრიმინალისადმი ნულოვანი ტოლერანტობის გაგონებაზე ლამის კრიმინალურ-ქურდული გადატრიალება მოაწყო. მე მსგავსი პროტესტი “ბრძენი ქართველი ერისგან” არაფერთან დაკავშირებით არ მინახავს. კი გავოგნდი მაშინ, იმ რეაქციის შემხედვარი, მაგრამ გაოგნებამ რომ გამიარა, მივხვდი – ეს ერი ნორმალურს ვერაფერს შექმნიდა. და, როგორც ვხედავ, ვერც შექმნა. ხოლო ის, რაც შექმნა, არის რაღაც გაურკვეველ ტერიტორიაზე თუ სახელმწიფო წარმონაქმნში მცროვრები უკიდურესად არაცივილიზებული, ანტიჰუმანური, ველური, დაუნდობელი, ცრუ, თვალთმაქცი და ფლიდი სოციუმი, რომელსაც ბრბოც შეიძლება ვუწოდოთ და რომლის ელიტაც და ბნელიტაც ერთნაირად არაცივილიზებული, ანტიჰუმანური, ველური, ცრუ, დაუნდობელი, თვალთმაქცი და ფლიდია. ამ მენტალობის პირობებში სულ იქნება დათუნა სარალიძეები, გიორგი შაქარიშვილები და ნიკო კვარაცხელიები. მათი სიკვდილის ამბის გაგონებისას ქართული სოციუმი ერთს შემოიდებს ხელს ლოყაზე, უი, შვილო, საცოდავიო, იტყვის, მაგრამ არაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ კრიმინალურმა მენტალობამ აღარავინ შეიწიროს, იმიტომ რომ მას პროტესტი არ უჩნდება – მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, ცხოვრების თანამდევი ბუნებრივი მოვლენაა. რაც მთავარია, იმიტომ რომ ის მისი მენტალობის პროდუქტია, მისია, ორგანულია, მშობლიურია. ხოლო იმას, რაც მისთვის ორგანული და მშობლიურია, როგორ აუჯანყდება? საკუთარი თავი უარყოს? ერთი შეხედვით პარადოქსად ჟღერს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით: ის ქართული სოციუმი, ათეისტურ საბჭოთა გარემოში რომ ცხოვრობდა, ბევრად, შეუდარებლად უფრო ჰუმანური სოციუმი იყო, ვიდრე დღევანდელი ეკლესიურ-რელიგიური სოციუმია. უკანასკნელ ოცდაათ წელიწადში გაბატონებულმა ეკლესიურ-რელიგიურმა იდეოლოგიამ სულ მოუღო ბოლო “ბრძენ ქართველ ერს”. საბოლოოდ მოუთავა ხელი.
წერს ფეისბუქ მომხმარებელი ქეთი ტოროტაძე