,,უდაბნოს ქვეყნებმა” ჯოჯოხეთი სამოთხედ გარდაქმნეს, ჩვენ კი, სამოთხე ვაქციეთ ჯოჯოხეთად ისეთი გაუსაძლისი გარემო შევქმენით, რომ ადამიანები სასოწარკვეთამდე მივიყვანეთ. ვინც ახერხებს ქვეყანას უკანმოუხედავად ტოვებს, ვისაც ეს არ შეუძლია, ღირსებაშელახული შიშით ელოდება მომდევნო დღის გათენებას, რადგან არ იცის როგორ გადაირჩინოს თავი და რა უთხრას უიმედო თვალებით მომზირალ შვილებს…
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში დემოკრატია გვქონდა, მწარედ ცდება, რადგან სახელმწიფოს მმართველობის ეს ფორმა ჩვენთან ფორმალობად იქცა. დემოკრატია მხოლოდ ხალხის ძალაუფლებას არ გულისხმობს, არც მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას…
მისი ნამდვილი დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში:
დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანები თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას ახდენენ,
აქვთ სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო და სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, იმ კონსტიტუციით, რომელიც ადამიანის ღირსებას იცავს.
ასე იქმნება კეთილდღეობა, რომლის განცდაც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების 95%-ს არ აქვს.
თქვენ შესაძლოა ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, გქონდეთ კარგი სამსახური, ძვირადღირებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლოთ შვილებს, მაგრამ ეს გაუსაძლის გარემოს ვერ შეცვლის. უსაფრთხო გარემო თავისით არ შეიქმნება, ვერც თქვენ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ და ვერც თქვენი შვილები, რადგან თქვენს გარშემო გაბოროტებული, სასოწარკვეთილი ადამიანები ცხოვრობენ და არ იცით სახლიდან გასულები უკან ცოცხლები თუ დაბრუნდებით. მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა საყოველთაო კეთილდღეობას ვერ შექმნის. რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა შეიცვალოს, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, ნათელ მომავალს ვერ და არ გაჩუქებთ, რადგან არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს ვერასოდეს მოიყვანს…
წერს სოციალურ ქსელში, გიორგი არჩემაშვილი.