2 ოქტომბრიდან, ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან. 2021 წლის ერთ-ერთ უმთავრეს შეჯიბრებას ოსლო უმასპინძლებს, 10 ოქტომბრის ჩათვლით. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა სტილში, ათ-ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს კი მონაწილეები მხოლოდ მამაკაცთა შორის ეყოლება. როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ქართული გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით ჩაებმებიან მსოფლიოს კონკურენციაში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უკვე ნორვეგიაში არიან და 2-5 ოქტომბერს იბრძოლებენ მედლებისთვის. ბერძენ-რომაელები კი ამჟამად დუშეთის საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ნორვეგიაში 5-ში ჩავლენ და 7-10 ოქტომბერს იჭიდავებენ.
ჭიდაობაში ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა და მასზე საქართველოს დელეგაციამ ყველა დროის საუკეთესო შედეგს მიაღწია – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხმა ქართველმა მოიპოვა. ოსლოში ოთხივე მოქმედი ჩემპიონი შეეცდება ტიტულის დაცვას – გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე (ორივე თავისუფალი სტილი) ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე (ორივე ბერძნულ-რომაული). საინტერესოა ისიც, რომ გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს პირველობაზე ბოლოს 2015 წელს წააგო. მას შემდეგ კი ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა: გოგა ძიგუა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
ბერძნულ-რომაული: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).