ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში დარჩენა მიუთითებს, რომ დასავლელი პარტნიორები ადეკვატურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ პროცესებში მათი პირდაპირი ჩართულობის მნიშვნელობასაც.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამერიკული მხარე სრულადაა ინფორმირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და დარღვევებზე.
“ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ.
ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით – ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებაზე; ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საოლქო და საუბნო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს ოქმების გადაწერა. ასევე ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს შესაძლებელი გამოსავალი ამ კრიზისიდან… გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ასევე რაოდენ რთულია სიტუაცია რეგიონში, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენ უკან დგას უამრავი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ორდღიანი ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დღეს დატოვა. მაიკ პომპეო ოპოზიციას არ შეხვედრია, თუმცა მათ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი შეხვდა.
ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და მისი მოთხოვნებიც უცვლელია – ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.